ბაზარზე კადრების დეფიციტი უფრო და უფრო მწვავდება. თუ აქამდე სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიები შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლების გადინებას უჩიოდნენ, ახლა უკვე საშუალო რგოლის შენარჩუნებაც პრობლემას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში დაბალი ხელფასის მიზეზად დასახელება ვერ გამოდგება.
როგორც hr.ge-ს მენეჯერი ინგა შახბაზიანი აცხადებს, კომპანიები ვერ ახერხებენ კადრებით დაკომპლექტებას და როგორც წესი, ხელმეორედ აცხადებენ ვაკანსიებს. დასაქმებულების მაძიებელ სექტორებს შორის ყველაზე აქტიური გაყიდვების სფეროა.
„კადრებს ყველა სექტორი ეძებს, თუმცა პირველ ადგილზე გაყიდვების კატეგორიაა - 24%-ით, მეორეა ჰორეკა სექტორი - 17%-ით. ასევე მაღალია მოთხოვნა საბანკო საფინანსო და სამედიცინო სფეროდან. ასევე გაიზარდა მოთხოვნა აიტი სფეროშიც, რომელიც პანდემიამდე ასეთი აქტუალური და აქტიური არ იყო, ახლა კი ჯამური განცხადებების დაახლოებით 6%-ს შეადგენს.
ჩვენ სამუშაოს მაძიებლებს ვითვლით ორგვარად, ერთი არის საიტზე ვიზიტორები, რადგან ვინც დაინტერესებულია ის შემოდის და ამ კუთხით საიტის რეიტინგი გაზრდილია, მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ რეგისტრაციებით - იქ კლებაა. ადრე თუ რეგისტრირდებოდა 150-200 სამუშაოს მაძიებელი, ახლა მათი რიცხვი დაახლოებით 100-120-ია.
ვაკანსიები სამუშაოს მაძიებლებზე ბევრად მეტია. ადრე თუ ერთ ვაკანსიაზე იგზავნებოდა 150 რეზიუმე, დღეს ეს ციფრი მაქსიმუმ 10 და 20-ია. კლება თვალსაჩინოა. კომპანიები ვერ ახერხებენ კადრებით დაკომპლექტებას და როგორც წესი, ხელმეორედ აცხადებენ ვაკანსიებს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ინგა შახბაზიანმა.
ვაჭრობის და მომარაგების სფეროს რომ თანამშრომლების მხრივ უმძიმესი პერიოდი უდგას, ადასტურებს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონიაც. თუ აქამდე, სადისტრიბუციო კომპანიები შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლების გაადინებას უჩიოდნენ, ახლა უკვე საშუალო რგოლიც პრობლემას წარმოადგენს.
„კიდევ უფრო კრიტიკული სიტუაციაა, ვიდრე მანამდე იყო. იმიტომ, რომ თუ აქამდე გარკვეული პრობლემები გვქონდა შედარებით დაბალ რანგზე, ვისაც პროდუქცია უნდა მიეტანა, ახლა უკვე საშუალო რანგის თანამშრომლებზეც იგივე ვითარებაა. სამწუხაროდ, მაღალია მათი გადინება ქვეყნიდან. მე ამას ვერანაირად ვერ დავუკავშირებ მხოლოდ სახელფასო პოლიტიკას, იმიტომ, რომ როდესაც მისი საშუალო ხელფასი 2500-დან 4000-5000 ლარამდე მერყეობს და მაინც გადაწყვეტს, რომ ქვეყანა დატოვოს, ვფიქრობ, ის არ არის მხოლოდ შემოსავალზე ორიენტირებული. აქ ალბათ, უფრო მასშტაბური პრობლემაა, ის ვერ ხედავს პერსპექტივას და იუმედოდაა აქ განწყობილი.
მესმის, საუბარი იყოს თანამშრომელზე, რომელსაც ხელფასი აქვს 500-დან 1000 ლარამდე და ქვეყანა დატოვოს, მაგრამ როდესაც უკვე 2000-დან 5000 ლარამდე ხელფასიან, საშუალო რანგის თანამშრომელზეა საუბარი, რომელიც ქვეყანას ტოვებს ოჯახით, ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
რაც შეეხება გადამზადების ცენტრს, რომელიც კურსდამთარებულების გარანტრებულ დასაქმებას გულისხმობს, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიმართვიანობა ძალიან დაბალია.