„რუსები ბომბსაფრებს ამზადებენ, რადგან ახლა მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ომი და ბირთვული იარაღის გამოყენებაც არ გამოირიცხება“

„რუსები ბომბსაფრებს ამზადებენ, რადგან ახლა მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ომი და ბირთვული იარაღის გამოყენებაც არ გამოირიცხება“

რუსები ბომბსაფრების მომზადებით არიან დაკავებულნი. ბომბსაფრებს აკეთებენ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის, ავტოფარეხებში. რიგით მოსკოველებს უკვირთ, უბრალო „გარაჟებმა“ როგორ უნდა დაიცვას მოსკოვი ბომბების ცვენისგან, მაგრამ კრემლის გადაწყვეტილება ურყევია. რუსეთის სხვადასხვა ქალაქის სახლმმართველობებს დაევალათ, კეთილმოაწყონ საცხოვრებელი სახლების სარდაფები და რადიაციის საწინააღმდეგო შენობები.

მოსკოვში ცივი ომის დროინდელ ბომბსაფრებსაც ამოწმებენ და ახლებსაც ამზადებენ. მოსკოველებს უკვე მოუწოდეს, დაცალონ მიწისქვეშა პარკინგი, რადგან ამ პარკინგებში უნდა შეიტანონ საწოლები, გამათბობლები, წამლები.

პარალელურად ბომბსაფრების მომზადება დაიწყეს ევროპაშიც, უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთში, ასევე, გერმანიაში. ეს იმ შემთხვევისთვის, კრემლის ლიდერს რა მოუვა თავში და დააჭერს თუ არა თითს ბირთვულ ღილაკს.

არც ამერიკაა მოდუნებული. სულ ახლახანს აშშ-მა გააკეთა ის, რასაც ძალიან იშვიათად აკეთებდა, სტრატეგიული ბირთვული წყალქვეშა ნავის „ვესტ ვირჯინიის“ ადგილმდებარეობა გაასაჯაროვა და ფოტოებიც გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, აშშ-ის ფლოტის ყველაზე უჩინარი წყალქვეშა ნავი არაბეთის ზღვაში დასეირნობს, საუდის არაბეთის და ირანის მახლობლად. მასზე 24 ბალისტიკური რაკეტაა განლაგებული, თითო მათგანზე 12 ბირთვული ქობინით. ეს ნიშნავს, რომ სულ 288 ბირთვული დარტყმის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას-შანხაიდან მურმანსკამდე.

აშშ-ის მიერ წყალქვეშა ნავის ადგილმდებარეობის გასაჯაროებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, რომ საფრთხე რეალურია, რადგან პუტინის არმია საგრძნობლად მარცხდება. უფრო მეტიც, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ არმაგედონის საფრთხის წინაშე აღარ მდგარა მთელი მსოფლიო კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, მაგრამ დღეს ვითარება შეცვლილია. ამიტომაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისგან მომავალ საფრთხეს რეალურად აღიქვამს.

დასჭირდებათ თუ არა რუსებს ბომბსაფრების გამოყენება?

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ინტერესდება, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ამას ვინმე წარმოიდგენდა 10-20-30 წლის წინ? ვინმე წარმოიდგენდა, რომ რუსეთი ირანისგან შეიძენდა იარაღს იმისთვის, რომ დაეშინა უკრაინისთვის? ან ვინმე იფიქრებდა, რომ უკრაინაში მოვიდოდა ასეთი ტიპის ხელისუფლება-ზელენსკები, არესტოვიჩები და „საოცარი“ არახამიები?

„ვინ წარმოიდგენდა, რომ რეალური გახდებოდა ის უცნაურობები, რაც ახლა ხდება? მაგალითად, უკრაინის ენერგოსისტემის ნგრევა, ახლა ლაპარაკია, რომ დაბომბავენ ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის დამბას და ცეცხლის უზარმაზარი მასა დატბორავს სივრცეს. რუსები იმუქრებიან, რომ დაიბომბება კიევის დამბაც, რაც გამოიწვევს მთლიანად კიევის დატბორვას. ამდენად, ახლა მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ომი. შესაბამისად, დაბომბვები გასაკვირი აღარ არის და ბირთვული ბომბების გამოყენების ალბათობაც არ გამოირიცხება“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ ჩვენთან საუბრისას.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ გასაკვირი არაა, რომ რუსები და ევროპელები ბომბსაფრებს ამზადებენ. თუმცა ნანა კაკაბაძე ეჭვობს, ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მივიდეს საქმე, რადგან ატომური ბომბის გასროლის შემთხვევაში მოგებული მხარე ვერ იარსებებს.

„ბირთვული იარაღი ორივე მხარეს განადგურებით ემუქრება და, საერთოდ, მსოფლიოსაც ემუქრება. ბუნებრივია, ყველა სახელმწიფოს ხელისუფლება ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე და გაუთვლელი ოპერაციებისთვის ემზადებიან. ატომური ბომბის თაობაზე უფრო დასავლეთი ამახვილებს ყურადღებას, თითქოს ასეთი საფრთხე მოსალოდნელია რუსეთისგან. ფაქტია, პუტინი არ აჩერებს სხვადასხვა საომარი იარაღის გამოყენებას, მაგრამ აქ საუბარი არაა ატომურ იარაღზე, ატომის გამოყენება სხვა მასშტაბის დანაშაულია და არა მგონია, ამაზე ვინმე წავიდეს“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბარში.