მოსკოვის სამიზნე ამერიკული სატელიტები გახდა - პასუხმა არც ვაშინგტონიდან დააყოვნა

მოსკოვის სამიზნე ამერიკული სატელიტები გახდა - პასუხმა არც ვაშინგტონიდან დააყოვნა

მოსკოვი უკვე ვაშინგტონსაც ემუქრება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, კონსტანტინ ვორონცოვი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია დასავლური კომერციული სატელიტები კანონიერ სამიზნედ განიხილოს, თუ ისინი ომში უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებიან. კრემლის მუქარას დღის ბოლოს მუქარით უპასუხა ვაშინგტონმა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ს პასუხს გასცემს ნებისმიერ ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, მათ შორის სატელიტებზეც. კირბიმ არ დააკონკრეტა როგორი იქნება აშშ-ის პასუხი, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ცდილობს ანტისატელიტური ტექნოლოგიების დაუფლებას.

„თუ რუსეთი კომერციულ თანამგზავრებს დაარტყამს, აშშ რუსეთს პასუხს გასცემს. არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომ რუსეთი ისწრაფვის თანამგზავრების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დაუფლებისკენ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

რუსეთის სამიზნე, რომ დასავლური კომერციული სატელიტებია, ამის შესახებ „ვალდაის“ ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა, რომლის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს გახდეს ახალი ჰეგემონი, არამედ უბრალოდ იცავს თავის არსებობისა და თავისუფალი განვითარების უფლებას. ვლადიმერ პუტინის თქმით, მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსა და დასავლეთს მოუწევთ საერთო მომავალზე საუბარი.

„მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა ამ საღი აზრის ძალის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ, ადრე თუ გვიან, მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსაც და დასავლეთსაც მოუწევთ თანაბარი საუბრის დაწყება ჩვენთვის საერთო მომავალზე. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, რა თქმა უნდა. ნებისმიერი ალტერნატიული თვალსაზრისი დასავლეთში ცხადდება როგორც დივერსიული პროპაგანდა და საფრთხე დემოკრატიისთვის და ყველგან ხედავენ კრემლის მაქინაციებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს, ავღანელი ყოფილი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართოს. როგორც ირკვევა, თალიბანის რეჟიმის დამყარებისა და დასავლური ძალების მხრიდან ავღანეთის დატოვების შემდეგ, ქვეყანაში სპეციალური ძალების სადივიზიო-სადესანტო რაზმის დაახლოებით 30 000 სამხედრო დარჩა.

გამოცემა Foreign Policy-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დამქირავებელი ვაგნერის ჯგუფია, რომელიც ყოფილ სამხედროებს ეკონტაქტება, ცდილობს დაიქირაოს და უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართოს. გამოცემის თქმით, ავღანეთის ეროვნული ჯარის სამხედროები, ვინც წვრთნებს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გადიოდნენ, ბოლო პერიოდში რუსეთის ჯარისგან შეთავაზებებს WhatsApp და Signal-ის აპლიკაციებში იღებენ.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პრეზიდენტი პუტინი ბრძოლის ველზე მარცხდება. პასუხობს უფრო განურჩეველი თავდასხმებით უკრაინის ქალაქებზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და საშიში ბირთვული რიტორიკით. მისი თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებამ მომავალ მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციები შეიძლება გააძლიეროს.

„რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ გვექნება პოლიტიკური გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის ევროპაში სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნას“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები, მათ შორის მყარი დემოკრატიის სახელმწიფოები და აშშ, პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ჩართული არიან ამ პროცესში. მისი თქმით, რალურად, პუტინის ხელისუფება მიმწყვდეულია კუთხეში, მან იცის, რომ წაგების შემთხვევაში თავის თავს ლიკვიდაციას უკეთებს და ამიტომ მიდის აბსოლუტურად ყველაფერზე, რომ არ განიცხადოს კრახი.

„ამიტომ, ვერაფერს ახალს და განსაკუთრებულს ვერ ვხედავ პუტინის მოქმედებაში. ასე იქცევიან იმ ტიპის სახელმწიფო მმართველები, რა ტიპის სახელმწიფოზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მსოფლიოში თუ რაიმე მოხდება, რომელიც გლობალურ ინტერესებს დააზიანებს, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ნამდვილად აქვს დაწესებული, მათ შორის პასუხისმგებლობა ექნება უკრაინასაც, ევროპულ სახელმწიფოებსაც და აშშ-საც, რადგან ამ სახელმწიფოებს ჰქონდათ შესაძლებლობა აღნიშნული კონფლიქტი აერიდებინათ თავიდან.

ყველაზე დიდი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ დომინირებისთვის მებრძოლი სახელმწიფოები ერთმანეთს პირდაპირ არ უპირისპირდებიან. ისინი, ამისთვის იყენებენ უცხო სახელმწიფოებს და ამის კონტროლი ევალება მათ სადაზვერვო სამსახურებს. დღეს მივიღებთ, ალბათ, ახალ და უპრეცედენტო შემთხვევებს, თუ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც მათი პოლიტიკური მმართველები საუბრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტში ერთმანეთს ეჯახება დომინირებისთვის მებრძოლი ორი სახელმწიფო. ეს არის ყველაზე დიდი სირთულე მსოფლიოსთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ახლა თითქოს გაჩერებეულია კონფლიქტი და ექსპერტებში არის მოსაზრება, რომ თითქსდა ზამთარმა გააჩერა პროცესები. მაგრამ, როცა მიუახლოვდება იმ რეგიონებს უკრაინული არმია და მიუახლოვდება იმ პრობლემის გადაწყეტას, რომ საზღვრებს იქით გაიყვანოს რუსეთი, მაშინ დიდი შანსია, რომ ასეთ მარცხს რუსეთმა უპასუხოს ატომური ღილაკით.

„ასეთ მარცხს იმიტომ ვამბობ, რომ, ჯერჯერობით, სანამ ის აკონტროლებს თავის ძველ რეგიონებს, მას შეუძლია თქვას, რომ ბოლომდე დამარცხებული არ არის. ვხედავთ იგონებს ახალ ვერსიებს, ცვლის თავისი ამოცანების ფორმულირებას, ოღონდ არ დაერქვას წაგებული. თუკი ნახავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ვეღარ იქნება საერთოდ, მაშინ შეიძლება დააჭიროს ხელი ღილაკს. ოღონდ ეს ძალიან სახიფათოდ ჟღერს, ვიდრე სინამდვილეში არის ღილაკის ამბავი. ერთი ადამიანი არ წყვეტს ღილაკზე თითის დაჭერას. 7-მა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და მაშინ ამოქმედდება ატომური იარაღი. ეს 7 ადამიანი მოისურვებს თუ არა, რომ ჩაერთოს, ეს არავინ არ იცის. იმედი აქვთ, რომ ამ მხრივაც იქნება წინააღმდეგობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

კ ა ხ ე ლ ი დააჭერს თუ არა ღილაკს ხელს 7 ადამიანი რუსეთში ასე უნდა გავარკვიოთ პუტინი - დააჭერს. დარჩა 6. 6 დააჭერს თუ არა, კამათელი ვაგორავოთ ან კოჭი და ვიმარჩიელოთ. პუტინმაც ეს შემოგვითვალა, ტოლი ნახეთ, კოჭი აგორავეთო. :)
1 წლის უკან