სესხები ძვირდება და საპროცენტო განაკვეთები კიდევ მოიმატებს, თუმცა არა დრამატულად. საქართველოს მოსახლეობის გადახდისუნარიანობა არის ძალიან დაბალი და შესაბამისად, მკვეთრ გაძვირებას ბაზარი ვერ გაუძლებს. თუმცა, ბანკებმა სადაც კი მოახერხეს, უკვე ყველა მიმართულებით ასწიეს განაკვეთები, რაც მოსახლეობას ტვირთად აწვება.
2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია, თუმცა საერთო ჭრილში ზრდა მაინც შეინიშნება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 12.9% იყო, მაშინ როცა მიმდინარე წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი - 13.6%, იყო.
2022 წლის სექტემბერის მონაცემებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე აგვისტოსთან შედარებით, არ შეცვლილა და კვლავ 7,4%-ია. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 7.6%-დან 7.7%-მდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 6.7%-დან 6.4%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებს, საპროცენტო განაკვეთები სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 16.2%-დან 16.1%-მდე შემცირდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთი არ შეცვლილა და კვლავ 13.8%-ია, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე ერთ თვეში განაკვეთი 17.7%-დან 18.1%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით, სესხები გაძვირდა 12.1%-დან 12.9%-მდე. მათ შორის, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 6.3%-დან 7.4%-მდე, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 15.6%-დან 16.1%-მდე გაიზარდა.
ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფიზიკურ პირებზე ეროვნული ვალუტაში გაცემულ სესხებზე 18%-დან 18.1%-მდე, იურიდიული პირებისთვის კი 12.9%-დან 13.8%-მდე გაიზარდა. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლიურად ფიზიკური პირებისთვის 5.4%-დან 6.4%-მდეა გაზრდილი, იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე კი 6.5%-დან 7.7%-მდე გაიზარდა.
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე არსებულ ტენდენციას ადასტურებს და იქვე ამბობს, რომ ქონებით არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა შემცირდა. ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქონებით არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების აღების ვადა 4 წლიდან 3 წლამდე შემცირდა. როგორც ძნელაძე აცხადებს, რეგულაციამდე მოსალოდნელი იყო, რომ წელს სამომხმარებლო სესხები 20%-ით გაიზრდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს პროგნოზი 15%-მდე შემცირდა.
„სექტემბერში ქონებით არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა წინა თვეებთან შედარებით უკვე შემცირებულია. ამ ყველაფერს ორი მიზეზი განაპირობებს. ერთი ის, რომ აგვისტოში იყო საკმაოდ მაღალი ზრდა დაკრედიტების, მეორე კი ეროვნული ბანკის რეგულაცია. საერთო მაჩვენებლებში წლევანდელი წლის ტენდეცია სტაბილურად ნარჩუნდება.
ამ თვალსაზრისით ჯერ მაინც ვერ ვხედავთ, რომ გარდამტეხი პროცესი დაიწყო სამომხმარებლოს სესხების შემცირების მიმართულებით, მაგრამ ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ცვლილებების გამო, რომელიც ეხება ქონებით არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს, ვფიქრობთ, რომ წელს სამომხმარებლო სესხების ზრდა 15%-ის ფარგლებში იქნება. რეგულაციამდე ჩვენი პროგნოზი ამ მიმართულებით 20%-ს აღემატებოდა“, - განაცხადა ძნელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
საბანკო დარგის სპეციალისტებიც ამბობენ, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, თუმცა არა მკვეთრად. ექსპერტი ლია ელიავა სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღებას ინფლაციურ წნეხზეც ამახვილებს, რომელიც საფინანსო ბაზარზეც ნეგატუირად მოქმედებს.
„თუ ინფლაციამ გააგრძელა ზრდა, სესხების საპროცენტო განაკვეთი აუცილებლად გაიზრდება. ამაზე იმოქმედებს კიდევ ის ფაქტორი, რომ ბანკებს მოაკლებათ შემოსავლები, განსაკუთრებით საუბარია საზღვარგარეთიდან გადმორიცხვებზე. კომერციული ბანკები ძალიან მგრძნობიარეები არიან უცხოური ვალუტის მიმართ.
აგრეთვე, ადგილობრივი ბიზნესმენების აქტიურობაც შემცირდება, როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მიმართულებით. უკვე შემცირებულია კიდეც და შესაბამისად, ესეც აისახება ბანკებზე დაკარგული შემოსავლების სახით, ამიტომ საპროცენტო განაკვეთებზე მატება იქნება, მაგრამ არა დიდად, რადგან საქართველოს მოსახლეობის გადახდისუნარიანობა არის ძალიან დაბალ დონეზე და კომერციულ ბანკებს ეს ძალიან კარგად ესმით“, - განაცხადა ელიავამ.