ევროპაში რეცესია გარდაუვალია. რასაკვირველია, ეს გავლენას ბევრ ქვეყანაზე და მათ შორის საქართველოზეც მოახდენს. უკვე კეთდება განცხადებები, რომ წლევანდელი შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2023 წელს განახევრდება. მიუხედავად ამისა, საქართველო რეგიონის ლიდერად დარჩება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ყველა მეზობელი ქვეყანა და მთელი ევროპა გარდაუვალი რეცესიის მოლოდინშია.
სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს მინიმუმ 9%-ით გაიზრდება. მაგალითად, 2022 წელს მსოფლიო ბანკი საქართველოში 8.8%-იან მაჩვენებელს მოელის, თუმცა ზრდა შესაძლოა, ამაზე მაღალიც იყოს.
უკვე 2023 წლისთვის კი ეკნომიკური ზდრის შენელებაა მოსალოდნელი, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებული რეცესია გავლენას საქართველოზეც მოახდენს. სწორედ ამაზე საუბრობს კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, სებასტიან მოლინეუსი და ხაზს უსვამს, რომ ბოლო ორი წელია საქართველოში შთამბეჭდავ ეკონომიკურ ტემპს ხედავს, თუმცა 2023 წელს მისი შენელებაა მოსალოდნელი.
„ბოლო ორი წელია საქართველოში ვხედავთ შთამბეჭდავ ზრდას, წელს ჩვენ 8.8%-იან მაჩვენებელს ვვარაუდობთ, თუმცა ვფიქრობ, უფრო მაღალიც იქნება. უკვე მომდევნო წელს მოსალოდნელია ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორების გაძლიერება. ნაწილობრივ ეს დაკავშირებული იქნება ევროპაში ნაწილობრივ რეცესიასთან, ასევე მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებასთან. საქართველო კი ღია, ლიბერალური და ვაჭრობაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.
იმ ქვეყნებშიც, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები ჩამოდიან, მოსალოდნელია ეკონომიკური ტემპის შენელება, შესაბამისად, ამანაც შეიძლება მოახდინოს გავლენა 2023 წლის შესაძლებლობებზე“, - განაცხადა მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეფასებით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება. რაც შეეხება სამეზობლოს, მომავალ წელს რუსეთში 2.3%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი, აზერბაიჯანში - 2.5%-იანი, თურქეთში - 3%-იანი, სომხეთში კი 3.5%-იან ზრდას ელოდებიან. მსოფლიო ბანკის ჯგუფი არ აკეთებს 2023 წლის პროგნოზს უკრაინისთვის, სადაც წელს ეკონომიკის 35%-იანი ვარდნა არის მოსალოდნელი.
კვლევითი ცენტრის „პიემსიჯის“ ხელმძღვანელი ლექსო ალექსიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს ეკონომიკამ მოკლევადიანი სარგებელი მიიღო, თუმცა ეს ეფექტი 2023 წელს ვეღარ გაგრძელდება.
„ჩვენს შემთხვევაში პოზიტიურად იმოქმედა ამ კონფლიქტის მოკლევადიანმა ეფექტმა, ე.წ. პოზიტიურმა შოკმა, რომელიც ერთი მხრივ კაპიტალის შემოდინებაა, ხოლო მეორე მხრივ ფულადი გზავნილების ძალიან მაღალი მაჩვენებელია. იმის ვარაუდი, რომ მომავალში ეს გაგრძელდება ან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, საერთოდ არ არსებობს. ამიტომ ის ეფექტი, რაც მიმდინარე წელს გვქონდა, მომავალში მისი ავტომატურად გადატანა და იმის თქმა, რომ ეს ასე იქნება, მიუღებელია“, - განაცხადა ალექსიშვილმა.
ოქტომბერში გამოქვეყნებული პროგნოზით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც შეამცირა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - 4%-მდე. მაშინ, როცა მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშით 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკის 5.8%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული. რაც შეეხება 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ის ისევ 9%-იან ნიშნულზეა.
ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ გლობალური მასშტაბით ეკონომიკის შემცირება საქართველოზეც აისახება და 2023 წლისთვის ფინანსთა სამინიტროს მიერ პროგნოზირებული 5%-იანი მაჩვენებელი ვერ შესრულდება.
„მსოფლიოში რეცესია უკვე დაწყებულია, თუმცა ასე ოფიციალურად არ არის გაცხადებული, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა დასავლეთის ქვეყნებში, ამერიკაშიც და ევროკავშირიც, რეცესია დაწყებულია, რაც იმას გულისხმობს, რომ ეკონომიკა მცირდება. ეს თუ მსოფლიო კრიზისში გადაიზრდება, და დიდი ალბათობით ასეც მოხდება, რა თქმა უნდა, გავლენას ყველა ქვეყანაზე მოახდენს და მათ შორის, საქართველოზეც.
დიდია იმის ალბათობა, რომ დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, კიდევ უფრო ნაკლები იყოს 2023 წლის ბოლოს. უნდა ითქვას ის, რომ ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის 5% ისედაც დაბალია და ის კიდევ უფრო შემცირდება, როდესაც მსოფლიოში კრიზისი გაღრმავდება“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.