„რას გვთავაზობს სააკაშვილი? დავაპატიმროთ მხოლოდ ის პატიმრები, ვინც ციხეს ეგუება და გავუშვათ ისინი, ვისაც ადაპტაციური პრობლემები აქვს?!“

„რას გვთავაზობს სააკაშვილი? დავაპატიმროთ მხოლოდ ის პატიმრები, ვინც ციხეს ეგუება და გავუშვათ ისინი, ვისაც ადაპტაციური პრობლემები აქვს?!“

ერთ წელზე მეტია, სააკაშვილის ახლობლები და დამცველები უტრიალებენ ყველა სახის მძიმე დაავადებას, რაც კი შეიძლება მიესადაგოს პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, რათა მის გათავისუფლებას მიაღწიონ.

პერიოდულად გვესმის, რომ სააკაშვილს ბევრი დღე არ დარჩენია, რომ მას რამდენიმე დაავადება აქვს, რომელიც ერთმანეთთან შეუთავსებელია, რომ პატიმარი სააკაშვილი ებრძვის 14 დაავადებას, რომელთაგან 7 დაავადებას საქართველოში ვერ მკურნალობენ.

ერთმანეთს ცვლიან ადვოკატები, ექიმები, მათ შორის, ნობელიანტი ექიმები და სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმეს მდგომარეობას განიხილავენ. გაჩნდა მოლოდინი, რომ სულ მალე კვანძი გაიხსნება და რაღაც საშინელი დაავადების შესახებ ამცნობენ საზოგადოებას. ასეთ შემთხვევაში, არაჰუმანურობა რომ არ დასწამონ ხელისუფლებას, უნდა დაიშვას თუ არა გამონაკლისი ექსპრეზიდენტის მიმართ, უნდა გაუშვან თუ არა უცხოეთში სამკურნალოდ, ან გადაუვადონ სასჯელი?

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ არანაირი დაავადება საქართველოში სააკაშვილს არ შეხვედრია, ერთის გარდა, რომ მას ჩაკეტილი სივრცის მიმართ დისკომფორტი აქვს. ეს აქვს ყველა პატიმარს, რომ ჩამოუარონ ასი ათას პატიმარს და ჰკითხონ, ყველა მათგანი დაადასტურებს, რომ აქვს დისკომფორტი ჩაკეტილ სივრცეში. მაშინ გავხსნათ ციხეები და ყველანი გავუშვათ.

„დაპატიმრების პირველსავე დღიდან გაიძახიან, რომ სააკაშვილი კვდება, გაშავდა, სუნი ასდის, მისმა ადვოკატმა ხაჭაპურიძემ თქვა, უკვე სუნი ასდისო, ანუ გვამური სუნი ასდისო, ალბათ, ამას გულისხმობდა. იმის მერე ერთი წელი გავიდა, ეს სუნი გაქრა, ისევ ასდის, თუ როგორ არის საქმე? თუ გაუარა ამ სუნმა, ე.ი. რაღაც დაავადებამ გაუარა. თუ არ გაუარა და მაინც ცოცხალია ერთი წლის განმავლობაში, მაშინ რა სუნი იყო, რაზეც ხაჭაპურიძე საუბრობდა, ეს არის გასარკვევი. ხომ არ არის ეს მიზეზი და არა რეალური ავადმყოფობა?!“ - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge- სთან საუბრისას.

ამასთან, ფიქრობს, რომ, თუ სააკაშვილს რაღაც დაავადება აღმოაჩნდება, სხვა ქვეყანას კი არ უნდა გადასცენ, არამედ უნდა უმკურნალონ. უნდა მოიქცნენ კანონის შესაბამისად, მოთხოვნების, დაკვეთების და ინსტრუქციების კი არა, კანონის შესაბამისად. კანონი კი გვეუბნება, ვინაიდან პატიმრის თავისუფლება შეზღუდულია, მას უნდა გაეწიოს შესაბამისი დახმარება იმ პენიტენციურ სისტემაში, სადაც ის იმყოფება. თუ პენიტენციური საავადმყოფოები ამას ვერ აკმაყოფილებენ, უნდა გადაიყვანონ ქალაქის საავადმყოფოში. თუ იქაც ვერ კმაყოფილდება, შესაძლებელია, ამაზე იყოს მსჯელობა, თუ სად წაიყვანონ. თუმცა განა ყველა ავადმყოფი პატიმარი ახერხებს საზღვარგარეთ მკურნალობას?!

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის მოსაზრებით, რომელ საშინელ დიაგნოზზეა საუბარი, როცა ეს არის ადაპტაციის პრობლემა. კერძოდ, სააკაშვილი ვერ ადაპტირდება ციხის გარემოსთან, დეპრესიას განიცდის, როცა არ ცხოვრობს ჩვეული წესით, როცა არ უკრავენ ტაშს, არ გამოდის ტელევიზიით, არ არის საყვარელი ქალების გარემოცვაში, თუმცა ამას მაინცდამაინც არ აკლებენ.

„ადამიანს არ უნდა ციხეში ჯდომა. საერთოდ, ვისაც ადაპტაციური შეუგუებლობა აქვს ციხის მიმართ, ისინი არც უნდა ჩავამწყვდიოთ ციხეში. ამ მხრივ სწორია ბატონი სააკაშვილი. ვთქვათ, რომელიმე პატიმარმა რაღაც დააშავა, მოკლა ვიღაც, ჰუმანურობა მოითხოვს, თუკი შეუგუებლობა აქვს ციხის მიმართ, ის გავუშვათ. მათ შორის, საზღვარგარეთ უნდა გავუშვათ სამკურნალოდ, რომ იქ ადაპტაციური პრობლემებისგან განიკურნოს. საერთოდ, ყველა დამნაშავეს, ვისაც ადაპტაციის პრობლემა აქვს, უნდა მივცეთ საშუალება, თავისი ავადმყოფობა იმკურნალოს თავისუფლებაზე, დავაპატიმროთ მხოლოდ ის პატიმრები, ვინც ციხეს ეგუება. ეს ახალი სიტყვაა ციხის პირობებში, ასეთი რამ ევროპაშიც არავის გაუკეთებია, კვლავაც გავაოცოთ ევროპა. ეს არის ცივილიზებული მიდგომა“, - იუმორით აცხადებს სოსო მანჯავიძე for.ge-სთან საუბარში.