„იუსტიციის უმაღლეს საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელზეც გავლენა არ აქვს არც პოზიციას და არც ოპოზიციას“

„იუსტიციის უმაღლეს საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელზეც გავლენა არ აქვს არც პოზიციას და არც ოპოზიციას“

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.

ევროპული კრიტერიუმების სრული უგულებელყოფა - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილი ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება გრძელდება.

„როცა ევროპული რეკომენდაცია იყო, რომ სასამართლო რეფორმა უნდა ჩავატაროთ საქართველოში, როცა რეკომენდაცია იყო, რომ იუსტიციის საბჭოში ავირჩიოთ კეთილსინდისიერი მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანები საბჭოს წევრებად, ამ დროს იუსტიციის საბჭოში გადმოსხეს დესანტი კლანის წარმომადგენლებისა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის თქმით, მურუსიძე-გვრიტიშვილის დანიშვნით, საქართველო კიდევ უფრო შორდება კანდიდატის სტატუსს.

„გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი შემოქმედი აქციეს უკვე სასამართლოს ერთ-ერთ ხელმძღვანელად. ნაცვლად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გაჯანსაღების და მიუკერძოებლობის, კიდევ ერთხელ აბეტონებ გავლენის ჯგუფებს და ცდილობ მთლიანად გავლენის ჯგუფების ძალაუფლება შეინარჩუნო, ეს ცალსახად კიდევ ერთხელ რისკს უქმნის „ოცნების“ მხრიდან იმას, რომ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშმა პარლამენტის წევრმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და მის არჩევნებში მმართველი გუნდი არ ერევა.

„რეკომენდაციების შესრულების პროცესს არა მგონია, რომ რამე საფრთხე დაემუქროს იმიტომ, რომ ეს მართლა სტრატეგიული ნაბიჯია და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლომდე. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ჩემს წარმოდგენაში, ეს დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელზეც გავლენა არ აქვს არც პოზიციას და არც ოპოზიციას, და ისინი იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც შემდეგში ფუნქციონირებისთვის ოპტიმალური იქნება. კონკრეტულ შემადგენლობაზე ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით, რატომ თვლიან, რომ ეს არის კლანი ან არაკლანი, ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ.

მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევამ, ანალიტიკოსებშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მურუსიძე მოსამართლეთა კორპუსის ფორმალურ თუ არაფორმალურ მმართველად რჩება.

„მმართველმა გუნდმა გააკეთა განაცხადი და ამით დაადასტურა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ვინ რას ფიქობს, იმის მიუხედავად, ვისაც საჭიროდ ჩათვლის იმათ ნიშნავს და ათავისუფლებს. მოკლედ, ხელისუფლება ყოველგვარ პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს და არ აინტერესებს ქვეყანაში რა იქნება. რაც შეეხება 12 პუნქტს, იქ ზოგადად სასამართლოზეა საუბარი, თუმცა, როგორც ჩანს, მმართველ გუნდს ეს ნაკლებად აღელვებს. ხელისუფლებამ მურუსიძე-გვირტიშვილის დანიშვნით ერთგვარი განაცხადი გააკეთა თავისი მომავალი პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის. ამ ორი მოსამართლის არჩევა რამდენად იქნება დამაზარალებელი, ამას მომავალში ვნახავთ“, - განუცხადა ძაბირაძემ for.ge-ს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ მურუსიძე-გვიტიშვილის იუსტიცის უმაღლეს საბჭოში არჩევის საკითხს ოპოზიცია სათავისოდ ვერ გამოიყენებს.

„ამბები, რომელიც მურუსიძის მიმართ არის გაჩაღებული, მმართველ გუნდს ვერაფერს დააკლებს. მის მიმართ ანტიპიარი დიდი ხანია მიმდინარეობს და ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ ანტიპიარს სათავისოდ გამოიყენებს. ოპოზიციამ იმდენად დისკრედიტირებულია, რომ ქვეყანაში კარგი ამბავიც რომ მოხდეს, იმაზეც ყიჟინობენ, მაგრამ მათი ყიჟინა ყიჟინათვე რჩება. ისინი ქმედითს არაფერს აკეთებენ და სახელმწიფოს მტრები არიან. მურუსიძემ კი დაამტკიცა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ის მოქმედებდა ისე, როგორც იმ დროისთვის იყო საჭირო“, - განუცხადა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-ს.