ცხინვალი ე.წ. „საზღვარზე“ მიმოსვლას ამკაცრებს

ცხინვალი ე.წ. „საზღვარზე“ მიმოსვლას ამკაცრებს

ქართული სახელმწიფოს გამოცდა - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება გადაადგილების შეზღდვასთან დაკავშირებით. ალასანიას თქმით, საქართველოს მთავრობა მოვლენების განვითარებას დაელოდება.

„დაველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი მხრიდან მუდმივად იქნება პოზიტიური ნაბიჯები. ვხვდებით, რომ ყველა ამდაგვარი ნაბიჯი არის ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული პოლიტიკის გამოცდა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან ქართულ სოფლებში მოქალაქეთა გადაადგილების ახალი წესების ამოქმედებას აპირებს. კერძოდ, დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორში, პერევში, სინაგურსა და მოსაბრუნში მანქანით შესვლის აკრძალვასა და ხელბარგის წონის კილოგრამებით განსაზღვრას გეგმავს.

„ოსური რადიოს“ ინფორმაციით, 18 სექტემბრიდან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სატრანსპორტო საშუალებების გასვლა, ასევე მათი საშუალებით საქონლის და ტვირთვის გატანა აიკრძალება. მოსახლეობას, რომელიც „საზღვრის“ გადაკვეთას გადაწყვეტს, მისი გავლა ფეხით მოუწევს.

სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, საზღვარზე მხოლოდ „პირადი გამოყენების“ კატეგორიას მიკუთვნებული ნივთების გადატანა იქნება შესაძლებელი. ერთ ადამიანს, მხოლოდ 50 კილოგრამამდე, ან 65 ათასი რუბლის ღირებულებამდე ტვირთის გადატანა შეეძლება. შეზღუდვები შეეხო სხვადასხვა სახის პროდუქტსაც. მაგალითად, აიკრძალება საზღვარზე ხუთ კილოგრამზე მეტი თევზის, 250 გრამზე მეტი ზუთხის ხიზილალის და 10 ლიტრზე მეტი საწვავის გადატანა.

ცხინვალის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემაც გააკეთა. იგი ამ ფაქტს ცხინვალის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ ქართულ სახელმწიფოს ამგვარ ფაქტებზე ძალიან მძაფრი რეაქცია ექნება.

„ჩვენთვის ეს მიუღებელია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ინტერესები არ იქნება შელახული“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კონფლიქტოლოგი გია ვოლსკი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქმე გვაქვს ოკუპაციის პროცესთან, რომელიც მოლაპარაკებების მიუხედავად მაინც გრძელდება. მისი თქმით, ოკუპაციის მახასიათებელია როგორც მავთულხლართების გავლება, ასევე გადაადგილების შეზღუდვა და თუკი აქამდე ეს ახალგორში ხდებოდა, ახლა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ეს ქმედებები პერევის მიმართულებითაც განახორციელა. ვოლსკის განცხადებით, ამით დაზარალდება არა მხოლოდ ქართული სოფელი, რომელიც საოკუპაციო ზოლთან ახლოს არის, არამედ ოსური სოფლის მოსახლეობაც და ძალიან ბევრი ოსი, რომელიც ჯავიდან პერევის გავლით გადაადგილდებოდა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

„როდესაც ტერიტორია ოკუპირებულია, ყველაფერს უნდა მოველოდეთ, მათ შორის ასეთ განვითარებას. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევინარჩუნოთ სიმშვიდე და განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას ყოფას შეუმსუბუქებს“, - აცხადებს გია ვოლსკი.

მისი თქმით, გადაადგილება კვლავ შესაძლებელი იქნება, მაგრამ მანქანების მოძრაობა იქნება აკძლალული, რაც პრობლემებს წარმოშობს. დეპუტატი განმარტავს, რომ აბაშიძე - კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში ამგვარი თემები არ განიხილება, რადგან იქ მხოლოდ ქართულ - რუსულ ურთიერთობებზეა საუბარი. რაც შეეხება პერევის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს ცხინვალის ადმინისტრაციის მიერ არის მიღებული და ვოლსკის თქმით, რუსეთი ამის არათუ წინააღმდეგია, არამედ მიესალმება და წაახალისებს კიდეც.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ცხინვალის ამგვარ ქმედებას საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს დაუპირისპირება, თუმცა ეს ფაქტი ჩვენს დელეგაციებს მოლაპარაკებების დროს გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს აძლევს, მაგრამ ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის შვება არ არის.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ოკუპაციის ხაზს აქეთ დარჩენილ მოსახლეობას რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნას. მაგალითად, იქიდან გადმომავალ ხალხს, თუკი ოკუპაციის საკონტროლო პუნქტამდე ერთი ტრანსპორტით მოვა, აქეთ მეორე ტრანსპორტი დავახვედროთ, რათა აქეთ გადაადგილება არ გაუჭირდეთ. ასე რომ, არსებობს გარკვეული ბერკეტები საიმისოდ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შევუმსუბუქოთ“, - აღნიშნავს გია ვოლსკი.

მისი თქმით, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. კერძოდ, ოკუპაციის ხაზს იქით მდებარე სოფლის მოსაწავლეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სოფელში დადიან სკოლაში და ამიტომ ხელისუფლებამ ასევე მათი სკოლაში ტრანსპორტირებაც უნდა უზრუნველყოს. ყველაზე სერიოზული პრობლემა კი დეპუტატის თქმით, არის ტვირთების შეზღუდვა. გია ვოლსკი განმარტავს, რომ ოკუპაციის ხაზს მიღმა მაცხოვრებლები პროდუქტებს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმარაგებდნენ და ახლა ამ მხრივაც პრობლემები შეექმნებათ. თუმცა აქვე დეპუტატი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, როგორც ჟენევის ფორმატში, ასევე პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე ოთხმხრივ შეხვედრებზე.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომით და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დასრულდა. ამის შემდეგ კი რუსეთი ყველანაირად ცდილობს, კონფლიქტურ რეგიონებს სახელმწიფოების ატრიბუტები შესძინოს და ერთ-ერთი ასეთი ატრიბუტი არის საზღვრის გავლება. ხუციშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და რუსეთთან დიალოგი დაიწყო, მოსკოვში, ცხინვალსა და აფხაზეთის გარკვეულ წრეებში გააჩნდა იმის შიში, რომ საქართველო და რუსეთი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები კი აღარ იქნებიან, არამედ პარტნიორები გახდებიან და საერთო ინტერესებსაც გამონახავენ. კონფლიქტოლოგის თქმით, ეს კატასტროფულად იქნა აღქმული იმათ მიერ, ვისთვისაც ეს კონფლიქტები შემოსავლებისა და კარიერის გაკეთების წყარო იყო. ამიტომ ეს ხალხი ყველანაირად ცდილობს, საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჩაშალოს.

გოგი ხუციშვილის თქმით, ასეთმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ექსტრაორდინალური ზომები მიიღონ იმისთვის, რომ საქართველომ ნახოს, რომ არაფერი გამოუვა. ამიტომაც ხდება როგორც ცხინვალში, ასევე ენგურთან სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების გამკაცრება, რათა ადამიანებს შორის კონტაქტი მაქსიმალურად შეიზღუდოს. თუმცა ხუციშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ეს გარდაუვალი პროცესია, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს და მიიჩნევს, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ქმედება არ არის. მისი თქმით, ეს არის რეაქცია საქართველო - რუსეთს შორის დაწყებულ დიალოგზე და ადასტურებს მის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვს სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლად ძალიან აწყობდა.

„როდესაც ერთ-ერთ რუს დიპლომატს ამ თემაზე დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ თუ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებით არის დაინტერესებული, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ეს პროცესი არ დაზიანდეს, ხოლო ის, რაც ახლა ახალგორში ხდება, სწორედაც რომ ამ პროცესს აზიანებს-მეთქი. ეს დიპლომატი ზუსტად იმ წრეს მიეკუთვნება, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს. მან მიპასუხა, - ეს კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ ბოლოს და ბოლოს დაიჯეროს, ტერიტორიული მთლიანობიას აღდგენა არ გამოუვა და არსებული რეალობიდან გამომდინარე დაიწყოს ფიქრიო“, - ამბობს გოგი ხუციშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე რადიკალური ფრთის პოზიციაა და არც რუსეთში და არც აფხაზეთსა და ცხინვალში მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ასე არ ფიქრობს.