საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა უპრეცენდენტო მასშტაბებს მიიღებს. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ევროპის კონტინენტზე შექმნილი ვითარებაა, რომელმაც სრულიად შეცვალა მანამდე არსებული რეალობა. საქართველოს უჩნდება შანსი მიიღოს დამატებითი დივიდენდები როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
საქართველოში ვიზიტად მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაადასტურა, რომ მოუთმენლად ელის ახალი პროექტების დაწყებას, რათა საერთაშორისო ბაზრებზე ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა გაიზარდოს.
„ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს და კიდევ უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და 2027 წლისთვის ვაპირებთ ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირი და ეს საკითხი, ბუნებრივია, განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ეს მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი, ვიცი, რომ ის არ არის ამჟამად მოქმედი, მაგრამ გვინდა, რომ დავტვირთოთ ეს მიმართულებაც.
ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით შეგვიძლია 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი.
ასევე უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ტვირთბრუნვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის 75 პროცენტით გაიზარდა. უნდა ვთქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისათვის, რომ 5 მლნ ტონით დაიტვირთოს. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით ამ დერეფანში და კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისათვის, რომ კასპიის ზღვისპირეთიდან აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე ახალი მარშრუტები დავამუშაოთ.
საქართველოს სახით გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი! საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები - ორი მოძმე ერის ინტერესები - ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
რა სარგებელს შესაძლოა ელოდეს ქვეყანა იმ გაზრდილი მოცულობის ენერგომატარებლებიდან, რაც სამომავლოდ საქართველოზე გაივლის? ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ქვეყანამ თავისი სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, თუმცა იმავდროულად უნდა განვითარდეს ადგილობრივი სექტორიც, რათა ქვეყანა გახდეს თვითკმარი და თავადად ახორციელებდეს ექსპორტს.
რაც შეეხება გაზის ტრანზიტს, გაწერილია ხელშეკრულება და ცნობილია, რომ საქართველოს გავლით გატარებული გაზის მოცულობის 5% საკმაოდ შეღავათიანი ფასით გვერგება. ეს არის უდავოდ დიდი სარგებელი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას ძირითადი აქცენტი გააკეთა ნავთობისა და ელექტროენერგიის ექსპორტზე და საქართველოს გავლით მის ტრანსპორტირებაზე. აქაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრანზიტის საფასური, მაგრამ თუ დავაკვირდებით მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება სწრაფად იცვლება. იცვლება რუსეთის როლი. ამ დროს კი ჩვენ ისევ ჩამორჩენილ მდგომარეობაში ვართ იმიტომ, რომ განახლებად ენერგეტიკას, ჰიდროსადგურებს ვერ ვავითარებთ. ქმედითი ენერგეტიკული პოლიტიკა ჯერ არ გაქვს და ამიტომ ის შესაძლებლობები, რაც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა, ჯერ ერთი თვითკმარი რომ გავხდეთ და მერე ექსპორტზე გავუშვათ, უნდა მოხდეს მისი ათვისება.
მარტო სხვისი ექსპორტი სარგებელი არის ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ბევრად მეტის მიღწევა შეიძლება თუ ჩვენ განვავითარებთ ჩვენს შესაძლებლობებს“, - განაცხადა ექსპერტმა.
ეკონომისტი ანდრია გვიდიანი ყურადღებას ბაქო-სუფსის ტერმინალის დატვირთვის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით ამხვილებს. როგორც ჩანს, უკვე მოვიდა დროს, რომ ეს მიმართულებაც მაქსიმალურად გააქტიურდეს.
„რუსულ ენერგორესურსებზე, მათ შორის, ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირება, ევროპისთვის არის ერთ-ერთი ამოცანა. შესაბამისად, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაიწყებოდა, მანამდე ასეთი აუცილებლობა არ იდგა და შესაბამისად, სუფსის ტერმინალის ამოქმედება რენტაბელური არ იყო და არც დღის წესრიგში იდგა.
ვინაიდან ვითარება შეიცვალა და ევროპა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია, რომ რუსეთისგან მაქსიმალურად დისტანცირდეს, ასეთ შემთხვევაში, არა მხოლოდ სუფსას, არამედ ახალ, ნავთობგადამამუშავებელი პროექტების განხორციელებასაც შესაძლოა, ჰქონდეს საფუძველი და რეალური პერსპექტივა. შესაბამისად, სუფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება ორიენტირებულია იმაზე, რომ იგი უკვე დღის წესრიგში დადგა და პროექტმა რენტაბელობა შეიძინა.
როგორც ვიცი, ტექნიკური თვალსაზრისით სუფსის ტერმინალს არანაირი პრობლემა არ აქვს. იგი აქამდე არ მუშაობდა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური და ფინანსური კუთხით არ იყო რენტაბელური. მათ შორის, მიწოდების ჯაჭვებში სუფსის ტერმინალი არ მონაწილეობდა და ახალი რეალობის გათვალისწინებით სუფსის ტერმინალს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვის მქონე ინიციატივაა. ეს პირდაპირ გაზრდის და გააძლიერებს საქართველოს პორტების ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებს“, - განაცხადა გვიდიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, გეგმავენ, 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გაიტანონ 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. შესაბამისად იგეგმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდის საკითხიც.