სუფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება ორიენტირებულია იმაზე, რომ იგი უკვე დღის წესრიგში დადგა და პროექტმა რენტაბელობა შეიძინა, - ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
იგი ილჰამ ალიევის მიერ ბაქო-სუფსის ტერმინალის დატვირთვის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ფაქტია, რომ რუსულ ენერგორესურსებზე, მათ შორის, ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირება, ევროპისთვის არის ერთ-ერთი ამოცანა. შესაბამისად, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაიწყებოდა მანამდე ასეთი აუცილებლობა არ იდგა და შესაბამისად, სუფსის ტერმინალის ამოქმედება რენტაბელური არ იყო და დღის წესრიგში არ იყო. თუმცა, ვინაიდან ვითარება შეიცვალა და ევროპა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია, რომ რუსეთისგან მაქსიმალურად დისტანცირდეს, ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ სუფსას, არამედ ახალ, ნავთობგადამამუშავებელი პროექტების განხორციელებასაც შესაძლოა, ჰქონდეს საფუძველი და რეალური პერსპექტივა. შესაბამისად, სუფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება ორიენტირებულია იმაზე, რომ იგი უკვე დღის წესრიგში დადგა და პროექტმა რენტაბელობა შეიძინა.
როგორც ვიცი, ტექნიკური თვალსაზრისით სუფსის ტერმინალს არანაირი პრობლემა არ აქვს. იგი აქამდე არ მუშაობდა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური და ფინანსური კუთხით არ იყო რენტაბელური. მათ შორის, მიწოდების ჯაჭვებში სუფსის ტერმინალი არ მონაწილეობდა და ახალი რეალობის გათვალისწინებით სუფსის ტერმინალს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვის მქონე ინიციატივაა. ეს პირდაპირ გაზრდის და გააძლიერებს საქართველოს პორტების ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებს“, - განაცხადა გვიდიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, გეგმავენ, 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გაიტანონ 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. მისივე თქმით, შესაბამისად იგეგმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდის საკითხიც. „ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი და კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალიც, ვიცი, რომ არ არის ახლა ქმედითი, მაგრამ გვინდა, დავტვირთოთ ეს არხიც“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.