ნატო აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს

ნატო აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს

უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ესპანეთმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ბულგარეთსა და რუმინეთში 14 გამანადგურებელი თვითმფრინავის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, ოფიციალური მადრიდი ექვს Eurofighter-ის თვითმფრინავსა და 130 ჯარისკაცს ბულგარეთში, ადგილობრივი ძალების საწვრთნელად, ნოემბრის შუა რიცხვებისა და დეკემბრის დასაწყისის პერიოდში გააგზავნის. გარდა ამისა, ესპანეთის რვა F18M საბრძოლო თვითმფრინავსა და საჰაერო ძალების 130 პერსონალს რუმინეთში ნატო-ს „რეაქციისა და შეკავების“ სტრატეგიის ფარგლებში გაგზავნის. როგორც თავდაცვის უწყება დასძენს17 ოქტომბრიდან რუმინეთში განლაგებულია შორი მოქმედების საჰაერო სათვალთვალო რადარი, რომელიც ქვეყანაში შესაძლოა 2023 წლის ივნისის ბოლომდე დარჩეს.

როგორც ცნობილია, ესპანეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 12 საბრძოლო თვითმფრინავი ნატო-ს აღმოსავლეთ წევრ სახელმწიფოებში - ბულგარეთში, ლიეტუვასა და ესტონეთში უკვე გაგზავნა. ოფიციალური მადრიდის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნატოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ალიანსის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნატო უკრაინას უმოკლეს დროში დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას მიაწვდის, რაც ხელს შეუწყობს რუსული და ირანული წარმოების დრონების მწყობრიდან გამოყვანას.

გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინას იმდენად სწრაფად გადაეცემა, რამდენადაც ეს ფიზიკურად არის შესაძლებელი, მათ შორის დამატებითი საბრძოლო მასალა. პარალელურად, ესპანეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბულგარეთი, რუმინეთი და მათ შორის ლიეტუვა რუსული საფრთხის წინაშე დგას.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ესპანეთს, როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოს, წვლილი შეაქვს მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში.

„სიტუაცია მივიდა კრიტიკულ მომენტამდე. ომია უკრაინაში. რუსეთი ემუქრება როგორც პოლონეთს, ასევე ლიეტუვას, რომ პირდაპირ შეიჭრება და მოახდენს მათზე პირდაპირ სამხედრო აგრესიას. რა თქმა უნდა, ნატო იღებს შესაბამის ადექვატურ ზომებს. ესპანეთი არის ნატოს განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, აქ აბსოლუტურად ლოგიკურია ყველაფერი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ახალი აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან ნატოს წევრი ქვეყნები. როგორც მაისაია აცხადებს, ბელორუსმა და რუსეთმა შექმნეს კოალიციური გაერთიანებული სამხედრო ძალები, აძლიერებენ თავიანთ სამხედრო პოტენციალს, რაც ლიეტუვაში და პოლონეთში აღიქმება როგორც სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი წინაპირობა.

„მოგეხსენებათ, რომ ვიმყოფებოდი პოლონეთში, სადაც ჩემი კოლეგები, ექსპერტები და მედია-საშუალებები სერიოზულად განიხილავენ პირდაპირ რუსულ სამხედრო აგრესიას. საფრთხე სერიოზულია, რომ რუსეთი შეიჭრას პოლონეთში, ასევე ლიეტუვაში, მით უმეტეს არის სუოკის კორიდორის პრობლემა, რომელიც ბელორუსს აერთიანებს კალინგრადის მხარესთან. ბელორუსმა და რუსეთმა შექმნეს კოალიციური სამხედრო გაერთიანებული ძალები, აძლიერებენ თავიანთ სამხედრო პოტენციალს და ბუნებრია, ეს ყველაფერი აღიქმება ლიეტუვაში და პოლონეთში როგორც სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი წინა პირობა.

თუ უკრაინაში განახორციელა, რატომ არ გააკეთებს ლიეტუვაში და პოლონეთში? სუოკის კორიდორის აღებით რუსეთის და ბელორუსიის გაერთიანებული ძალები აპირებენ, რომ გაჭრან კორიდორი და კალინგრადი გახადონ არა ანკლავი, არამედ რუსული ტერიტორია. ეს უკვე არის პოლონეთის ტერიტორიების დაკავება და ოკუპაცია. ასე რომ, დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, საფრთხე რეალურია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ ესპანეთის გადაწყვეტილება არის გაძლიერება ნატოს აღმოსავლეთის, რომ არ მოხდეს გარკვეული ანექსიის მსგავსი ქმედება რუსეთის მხრიდან. მისი თქმით, მაღალი ალბათობით, არსებობს ოპერატიული მონაცემები იმის შესახებ, რომ გარკვეული სტრატეგიული გეგმები მიმართული არის პოლონეთისკენ.

„ეს არის სადაზვერვო ინფორმაცია, რომლითაც საფრთხე ექმნება ნატოს, შესაბამისად იმ ქვეყანას, რომელზეც ვსაუბობთ. აქედან გამომდინარე, მიღებული არის პრევენციული ღონისძიება, რომ არ განხორციელდეს აგრესია. შეიძლება დეზინფორმაციის შედეგად გავრცელებული ინფორმაცია იყოს, ისევე როგორც მაღალი ალბათობით შეიძლება რეალობა იყოს და ყოველ შემთხვევაში პრევენციული ღონისძიება გასატარებელი იყო და გაატარეს“, - ამბობს კუხალაშვილი.

მისი თქმით, საფრთხე არსებობს არა მარტო ნატოს სახელმწიფოებთან და ევროპასთან მიმართებაში, არამედ საფრთხეები არსებობს სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში.

„საფრთხეები არსებობს და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიდგომები. აგრესორი რუსეთი, რომელესაც დასაკარგი არაფერი აქვს, ყველაფერზე მიდის. თუ მან კრახი განიცადა უკრაინაში, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს რუსეთის ხელისუფლების ლიკვიდაციას. ამიტომ, ამ საფრთხის წინაშე მყოფი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიაღწიოს იმ მიზანს, რაც დაგეგმილი ჰქონდა.

ვფიქრობ, რომ საფრთხის მასშტაბები კიდევ უფრო მაღალია. ამ შემთხვევაში, თუ ევროპული სახელმწიფოები მეტ-ნაკლებად დაცულად გრძნობენ თავს ნატოდან გამომდინარე, ჩვენ, სამწუხაროდ, ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. არა მარტო ჩვენ, არამედ აზერბაიჯანს და სომხეთს და მათ შორის ბევრ ისეთ ქვეყანას, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეს წარმოადგენენ. ამიტომ, ვფიქრობ რეაგირების ზომა არის სწორი და დროული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.