საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლები, გიორგი კორკოტაშვილის თაოსნობით, საქართველოს კულტურის პალატის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ და თბილისში რუსი მსახიობის სერგეი ბეზრუკოვის გასტროლების დაშვება მოითხოვეს. ღია მიმართვისთვის ხელმოწერების შეგროვება კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მომღერალმა გიორგი კორკოტაშვილმა, რეჟისორმა ერეკლე ბადურაშვილმა, მომღერალმა მამუკა ჩარკვიანმა, მსახიობებმა გიორგი გურგულიამ, ზურაბ ყიფშიძემ, დავით ნეფარიძემ და დავით ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 მარტს საქართველოს კულტურის პალატამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო თბილისში რუსი მსახიობის მაისისთვის დაგეგმილი გასტროლები გააუქმა.
დეტალების დასაზუსტებლად "ალია" გია კორკოტაშვილს დაუკავშირდა:
ბატონო გია, ბეზრუკოვი ის კაცი არ არის, უკრაინაში რუსეთის აგრესიას რომ დაუჭირა მხარი? ამის გამო მოხსნეს გასტროლები. რამ გადაგაწყვეტინათ მისი ჩამოყვანა?
- ბეზრუკოვთან დაკავშირებით ეს არის კონკრეტული მაგალითი. არ მომეწონა, რომ მას უარი ეთქვა თბილისში ჩამოსვლაზე. იმის გარდა, რაც არის პოლიტიკა, ტანკები, სამხედრო საკითხები, არსებობს სახალხო დიპლომატიაც. სწორედ ასეთი დიპლომატიაა იმისთვის, რომ ადამიანებმა ამბიციურ და ძალისმიერს გვერდი აუარონ. ერებს შორის თუ რამე დაძაბულობაა, უნდა ვიპოვოთ სხვანაირი მოფერების საშუალება, ანუ გაიხსნას ის ცხრაკლიტულები, რომელიც არსებობს ერებს შორის. ხელოვნების მუშაკების მისვლა, ჩამოსვლა და წასვლა ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა გულთან მიიტანონ ის ტკივილი და დანაშაული, თუ რამე მიუძღვის რომელიმე მხარეს. ის ადამიანი რომ ჩამოდიოდა საქართველოში, იმას კი არ ნიშნავს, რომ თავისი პოლიტიკური პოზიცია დაეფიქსირებინა. იმას რა პოლიტიკაც აქვს, იქ ტოვებდა და აქ პოლიტიკის მიღმა ჩამოდიოდა.
მან უკვე დააფიქსირა პოლიტიკური პოზიცია პუტინის გადაწყვეტილებაზე და არ გაუმიჯნავს პოლიტიკურად თავი.
- მე გიხსნით იმას, რომ არ მაინტერესებს ის მორალურად მდგრადია თუ არა, რამდენი ცოლი ჰყავს, ან არის თუ არა მართლმადიდებელი, პოლიტიკაში ვისი ფანია. მე ელტონ ჯონი მიყვარს, როგორც ხელოვანი და შემოქმედი, და არ მაინტერესებს მისი ორიენტაცია, ასევე მიყვარს ბეზრუკოვიც.
რაღა ეს ბეზრუკოვი გახდა სათაყვანო და არა ის ხელოვანები, ვინც ღიად გააპროტესტა რუსეთის ქმედებები, ისინი ჩამოვიყვანოთ.
- გიპასუხებ მაგაზეც, ახლა არის გრებენშიკოვი ჩამოსული თბილისში, ახლა ის ვიფიქრო, რა თქვა, ან თუ თქვა რამე პუტინის საწინააღმდეგო, თუ როგორც გრებენშიკოვს, ისე მოვუსმინო? მაშინ ასე განვიხილოთ საკითხი, რომ ვინც პუტინის წინააღმდეგაა, ის ჩამოვუშვათ საქართველოში და სხვებს ავუკრძალოთ. შეიძლება, ეს ხალხი ნული იყოს ხელოვნებაში. რატომ აპოლიტიზებთ ამ თემას?
მკითხველის პოზიციიდან გეკამათებით, ბატონო გია...
- მაშინ ასე მივმართავ მკითხველს, რუსეთის მტრის ხატად შექმნა არის პოლიტიკოსების ხრიკი, რომელთაც უნდოდათ, რომ ამერიკა წამოეწიათ მაღლა და რუსეთი დაეწიათ დაბლა. ეს არასწორი ქმედებაა, რადგან საქართველო ყოველთვის ელასტიკური უნდა იყოს იმ განსაზღვრებაზე, რასაც პოლიტიკა ჰქვია. პატარა ქვეყანა ვართ და მთელი ჩვენი ისტორია სიტუაციიდან გამოძრომასა და რეალობასთან შეგუებაზეა აგებული. ვიღაცები აისბერგის შენარჩუნებას ცდილობენ, ჩვენ მის გალღობას ვცდილობთ. ამაზეც ხომ უნდა იზრუნოს ვიღაცამ? პუტინს რომ ლილიპუტი დავუძახეთ, რა მოვიგეთ? მთელ რუსეთს ღვინის ფეკალური მასებით ვამარაგებდით, რა მოვიგეთ? არც არაფერი.
იმაზე არ გიფიქრიათ, რუსეთი რომ საქართველოს დაესხას თავს, ბეზრუკოვმა შეიძლება ესეც გაამართლოს და ჩვენ აქ ტაში უნდა დავუკრათ?
- ბეზრუკოვი პოლიტიკის გარეშე მოდიოდა აქ. უნდოდა, რომ ქართველი ხალხისთვის ენახვებინა ხელოვნება. ჩემი ამომავალი წერტილი არის საქართველო და მძულს ყველა, ვინც ჩემს ქვეყანას ზიანს მოუტანს, მაგრამ თუ ბეზრუკოვი თავის ნიჭიერებას ქართველ ხალხს ანახებდა, ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა. არ მივაბათ ეს კაცი პოლიტიკას, ხომ შეიძლება, მივიღოთ ისე, როგორც ხელოვანი? ჩემს აზრს ვაფიქსირებ ისე, როგორც ვფიქრობ.
ბატონო გია, ამბობენ, რომ ზოგიერთმა არც იცოდა, რა განცხადებას აწერდა ხელს. ასეა?
- არა, ერთმა თქვა, არ ვიცოდი, რომ ბეზრუკოვს ასეთი რამ ჰქონდა ნათქვამიო, მაგრამ უკან არ დაუხევია, რაზე მოვაწერეთ ხელი, ყველამ კარგად ვიცით, ყველამ გამოვხატეთ ის, რომ საქართველოს არ გავყიდით არაფრის გამო, სამშობლო არის უზენაესი და ათვლის წერტილი ჩვენთვის. ბეზრუკოვი კი უნდა განვიხილოთ ისე, რასაც ხელოვნება ჰქვია. მას პოლიტიკურად რა დატვირთვა აქვს, ამაზე არ ვფიქრობ.
შეიცვლის თუ არა პოზიციას კულტურის პალატა? ამის გასარკვევად "ალია" პალატის ხელმძღვანელს, დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა:
ბატონო დავით, ხელმოწერებს აგროვებენ ბეზრუკოვის ჩამოყვანის მოთხოვნით. აპირებთ პოზიციის შეცვლას?
- არანაირად არ ვაპირებ პოზიციის შეცვლას ბეზრუკოვთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არ მიმაჩნია სწორად, ბეზრუკოვის გასტროლები ჩატარდეს საქართველოში, როცა მით უმეტეს ვხედავთ, როგორ დაიძაბა სიტუაცია უკრაინაში. რაც შეეხება ხელისმომწერებს, ყველას აქვს თავისი აზრი, პოზიცია და იმ ადამიანებს თუ უნდათ, დაურეკონ და ჩამოიყვანონ.
ისინი ამბობენ, პოლიტიკა და ხელოვნება უნდა გაიმიჯნოს, როგორც ხელოვანი, ისე ჩამოვიდესო...
- მე ამ აზრს ვიზიარებ, მაგრამ როცა ჯერ კიდევ დაძაბული სიტუაციაა, გაჩაღებული ომია, ასეთ სიტუაციაში ვერ გამიჯნავ, როცა ბეზრუკოვი ამართლებს რუსეთის ქმედებებს. არ მიმაჩნია ამ კატეგორიის ადამიანის ჩამოყვანა სწორად. ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ ბეზრუკოვი უნდა ჩამოვიდეს, კი ბატონო, მაგრამ მე ასე ვთვლი და აზრს არ შევიცვლი. მე მგონი, ქართველ მაყურებელთა უმრავლესობა იქ არ მივა.