მიმდინარე წლის 9 თვეში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა. რასაკვირველია, ეს, პირველ რიგში, სვანეთში ფრთებგაშლილ მაინინგს უკავშირდება. კრიპტოვალუტის უკანონო ფერმებმა რეგიონს დიდი პრობლემა შუექმნა და სავარაუდოდ, წლევანდელი ზამთარიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მძიმე გადასატანი იქნება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 87,777,811 კვტ/სთ იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში 70,891,626 კვტ/სთ.
მესტიის რაიონში მოსახლეობა ელექტროენერგიას უფასოდ იღებს, თუმცა სხვა მაღალმთიანი რეგიონებისგან განსხვავებით, ეს მიწოდება განპირობებულია იმით, რომ რეგიონის გამრიცხველიანება ვერ მოხერხდა. რეგიონში ასევე მიმდინარეობდა კრიპტოვალუტის მაინინგიც, რის გამოც გასულ წლებში ადგილზე ქსელები გადაიტვირთა, რასაც მიმწოდებელი კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვა და გადამცემი ინფრასტრუქტურის დაზიანებაც მოჰყვა.
გასული წლის დეკემბერში მესტიაში მოსახლეობის ნაწილმა ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს, იგივე კრიპტოვალუტის მომპოვებელ აპარატებს გამორთავენ. მიუხედავად ამისა, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებდნენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იანვარში არ შემცირებულა.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე დავით ნარმანიაც ადასტურებს, რომ კრიპტოვალუტის მოპოვების მხრივ განსაკუთრებული პრობლემა, ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგ, სვანეთშია.
„მაინინგი კვლავ ენერგიის მოხმარების ერთ-ერთ წყაროდ რჩება. აფხაზეთში, რა თქმა უნდა, უკონტროლოა მოხმარება. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, იქ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული საკითხები მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა სვანეთში კრიპტოვალუტის მოპოვება და შესაბამისი აღრიცხვიანობა, კვლავ პრობლემაა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ და კითხვაზე თუ რატომ ვერ ხერხდება საკითხის გადაჭრა, სემეკის თავმჯდომარემ პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დააკისრა.
ნარმანია, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აცხადებდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო მაინინგი სერიოზულ პრობლემას ქმნის და აუცილებელია, სამართალდამცავებს შესაბამისი რეაქცია ჰქონდეთ.
როგორც ჩანს, სვანეთის პრობლემის გადაჭრის გზებზე არავინ ფიქრობს, რადგან ერთი წლის თავზეც არაფერი შეცვლილა. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარებაზე პირველ რიგში, ალბათ, მომსახურე კომპანიამ უნდა იფიქროს, დაგეგმოს და გადადგას ნაბიჯი.
„ზოგადად, როგორ იგეგმება ამ პრობლემის მოგვარება, ეს ალბათ, თვითონ მომსახურე კომპანიამ უნდა მოიფიქროს და განახორციელოს. ამასთან დაკავშირებით, როგორც დარგის უფლებადამცველს, როგორც მომხმარებელთა ინტერესთა დამცველს, რა თქმა უნდა, არანაირი გეგმა არ მექნება. მე უბრალოდ, მივესალმები, რომ, როგორც კომპანია, ისე მომხმარებელი მოიქცეს კეთილსინდისიერად. მაგალითად, მაინინგებთან დაკავშირებით ნებისმიერ შემთხვევაში ელექტროენერგია უსაფუძვლოდ არ გამოიყენოს და რასაც გამოიყენებს, ასეთ დროს გადაიხადოს თანხა“, - განაცხადა ვარდიაშვილმა. ის არ ფლობს ინფორმაციას, იგეგემება თუ არა რაიმე ცვლილება საკითხის მოსაგვარებლად.
მაინინგის ე.წ. ფერმები, რომლებიც ქსელთან, უმეტეს შემთხვევაში, უკანონოდ არიან მიერთებული და დიდი ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, გახშირებული ავარიების მიზეზი ხდება. გარდა იმისა, რომ ადგილობრივები ზამთრის ყინვაში გათბობის გარეშე, სიბნელეში რჩებიან, რეგიონი ტურისტებსაც კარგავს. ხშირად სასტუმროებს დენთან ერთად წყალიც არ მიეწოდებათ.