შუა აზია საქართველოსთვის ავტომობილების მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი ხდება. რუსეთის სანქციების ქვეშ მოყოლის შემდეგ ვითარება ამ მხრივ რადიკალურად შეიცვალა. 8 თვეში ყაზახეთში ავტომობილების რეექსპორტმა 40.6 მლნ დოლარი შეადგინა, მკვეთრი ზრდაა ყირგიზეთშიც, სადაც ავტომობილების რეექსპორტი 26 მლნ დოლარამდე გაიზარდა, როცა შარშან ამავე პერიოდში რეექსპორტი მხოლოდ 8 მლნ დოლარს შეადგენდა.
მოიმატა ამ ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმაც. მაგალითად სექტემბერში ყირგიზეთიდან ფულად გზავნილებში 417%-იანი ზრდაა, ყაზახეთიდან 72%-იანი. რის ხარჯზე გაიზარდა მოთხოვნა შუა აზიის ბაზარზე?
როგორც, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი მიიჩნევს, შუა აზიის რეგიონის მხრიდან დაინტერესება სექტორისთვის და საქართველოს ბიუჯეტისთვის ძალიან მომგებიანი იქნება.
„ავტომობილების ექსპორტი გაზრდილი არის ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მიმართულებით. ამ ქვეყნებში რეალურად რუსეთიდან ხდებოდა ავტომობილების იმპორტი. როდესაც რუსეთს დაუწესეს სანქციები უკრაინაში წამოწყებული ომის გამო, ვეღარ ხერხდებოდა შუა აზიის ქვეყნებისთვის ავტომობილების მიწოდება, ამიტომ საქართველოსკენ წამოვიდნენ, რადგან აქ ნახეს ალტერნატივა. ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვამბობდით, რომ შუა აზიის რეგიონი იქნებოდა სექტორისთვის და საქართველოს ბიუჯეტისთვის ძალიან მომგებიანი.
ქართველმა ავტოიმპორტიორებმა ყველაზე დიდი ზარალი მიიღეს 2019 წელს, როცა დავკარგეთ სომხეთის ბაზარი. უკრაინა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელიც რაღაც დროით ჩამოგვშორდა. არა ამ მასშტაბის, თუმცა გარკვეული პოზიცია ჰქონდა რუსეთის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტსაც, მაგრამ ის მაინც ყოველთვის არასტაბილური და პოლიტიკურ განწყობებზე მიბმულია, რადგან რუსეთში ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტი განსაზღვრავს“, - აღნიშნა დარბაისელმა „კომერსანტთან“ საუბრისას და ხაზი გაუსვა, რომ არსებული ვითარება ომის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება.
„ყაზახეთის ბაზარზე რეექსპორტი, წინა წლებთან შედარებით, 3-ჯერ არის გაზრდილი, ტაჯიკეთში - 1.5-ჯერ, ყირგიზეთში -2.5-ჯერ, რეალურად მათ საქართველოში რუსეთის ბაზრის ჩანაცვლების ალტერნატივა მონახეს. დარწმუნებული ვარ, არსებული ვითარება ომის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება, რადგან რუსეთი დამარცხდება და მათ რესურსს ჩვენ ავითვისებთ. ყაზახი იმპორტიორები აღნიშნავენ, რომ ჩვენ მათ უფრო დაბალ ფასში ვთავაზობთ და უფრო უსაფრთხო გზას“, - დასძინა დარბაისელმა.
ავტომობილების რეექსპორტში ვითარების მკვეთრად გაუმჯობესებას ადასტურებს „კავკასიის ავტოიმპორტის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით გულაშვილიც. ამის მიზეზად იგი რუსეთის ბაზარზე ავტომობილების შეყვანის შეზღუდვას მიიჩნევს. ახლა მანქანების ერთადერთი მიწოდების გზა მესამე ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტია.
„ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ევრაზიის საბაჟო კავშირში შედიან და ჩვენი მეზობლები არიან, ჩამოდიან და ავტომობილებს საქართველოში ყიდულობენ, შემდეგ მათი რეექსპორტი ხდება. მაგალითად, იგივე სომხეთი და ყირგიზეთი რომ ავიღოთ, ამ ქვეყნებში ავტომობილების რეგისტრაცია ხდება და შემდეგ ეს ავტომობილები თავისუფალ მიმოქცევაში, იგივე რუსეთის ბაზარზე, მიდის. ამ ავტომობილების ასე უცებ სომხეთიდან ევრაზიის კავშირის ქვეყნებში რეექსპორტზე იმითია განპირობებული, რომ რუსეთი ძალიან ბევრი შეზღუდვის ქვეშ მოხვდა, მიწოდება შეწყდა და ერთადერთი მიწოდების გზები ის დარჩა, რომ მესამე ქვეყნებიდან თავისი მოთხოვნა შეავსოს.
აღნიშნული ქვეყნები ამ მექანიზმით ახდენენ რუსეთში რეექსპორტს. მკვეთრად გაზრდილია რეექსპორტი და შესაბამისად მოთხოვნა იმპორტზე ძალიან სწრაფად გაიზარდა“, - განაცხადა დავით გულაშვილმა.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 590 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, ზრდა წინა წელთან შედარებით, 74.6%-ია, ხოლო იმპორტმა მილიარდს გადააჭარბა, რაც გასულ წელთან შედარებით, 59%-იან მატებას ნიშნავს.