ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა სოციალური ქსელით შემდეგი სტატუსი გაავრცელა: "მორატორიუმით ფრთაშესხმული "ნაცთა" ბუნაგი ახალი ფალსიფიკაციით დაკავდა. საქმე პატიმართა წამების კადრების ე.წ. ცოცხის ეპიზოდს ეხება. "ნაცთა" ბუნაგმა გადაწყვიტა, რომ ეს კადრები დადგმულ სპექტაკლად გამოაცხადოს. კონტაქტი აქვთ ახალაიას ძველ "ნასედკებთან", რომლებიც ადრე ციხეში მუშაობდნენ. მათი მოსყიდვის გზით ცდილობენ, ფსევდომოწმეები გამოიყვანონ არენაზე, რომლებიც "გაიხსენებენ", როგორ დავუკვეთე ცოცხის გამოყენება, სასურველი კადრების გადაღების მიზნით, რადგანაც "ნაცთა" ბუნაგისთვის ციხის კადრები ყველაზე მტკივნეული თემაა. თუ დასავლეთს აჩვენებენ "მოწმეებს", რომლებიც მოყვებიან, როგორ დაიდგა ეს კადრები, მათი, როგორც მწამებელთა, იმიჯი დაინგრევა(?!)... ნაცისტებო, იდიოტები ხართ, კარანტინის დაშლის კადრებში ვინ მოვისყიდე, დეპარტამენტისა და ციხის მაღალჩინოსნები?! მაგრამ ეს ყველაფერი, ნაცთა ბუნაგის ამგვარი დაუსჯელობა და უსაშველო თავხედობა ხელისუფლების ბრალია. არ გამიკვირდება, რომ "მთავარ" ოპონენტებს მწამებლის იმიჯის კორექციაშიც დაეხმარონ. აკი ყველა თურმე განდი და ჰაველი ყოფილა. შეგაკვდებით, იცოდეთ... ორივემ იცოდეთ... ყელში ამოხვედით".
"ალია" მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს ესაუბრა:
- ეს ინფორმაცია მომაწოდეს დაახლოებით ორი კვირის წინ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად მუშაობს საკუთარი იმიჯის კორექციაზე და მათთვის მთავარი პრობლემაა ციხის კადრები, რადგანაც ამ კადრების გავრცელების შემდეგ დასავლეთში "ნაციონალურ მოძრაობას" პირდაპირ მიება მწამებლის იმიჯი, რადგანაც თურმე საპატიმროებში სცემდნენ პატიმრებს. ამ კადრებში თქვენ გახსოვთ, რომ არც ცოცხია და არც "დუბინკა" რომ ვინმეს რამე დაედგა, აქ არიან რეალური ადამიანები, მაღალჩინოსანი პირები, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან პატიმრებს. "ნაციონალური მოძრაობა" ამ ორი წლის მანძილზე ცდილობს, აირიდოს მწამებლის იარლიყი და იმიჯი და გაემიჯნოს ციხეებში წამების ფაქტებს, არადა, თქვენ გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პირველ ეტაპზე კი აღიარა, ეს იყო ჩვენი სისტემური კრახიო, ასე უწოდა ამ ფაქტს, რადგანაც უკვე ცდილობდნენ, ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ აი, მწვალებლები სხვები არიან და ჩვენ კი ამასთან ბმაში არ ვიყავითო. მაგრამ, პრაქტიკულად, ამ კადრების გარდა ასობით ჩვენება არსებობს პატიმრების, რომლებიც ზუსტად იგივეს აღწერენ. ამ ჩვენებებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ წამების პროცესში ჩართული იყვნენ ციხის მაღალჩინოსნები, პროკურორები, თვით ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა. არის ისეთი ჩვენებებიც, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გავავრცელეთ დაწუნებული კადრები და არდაწუნებული კადრები კი მიდიოდა პირდაპირ სააკაშვილთან.
რას ნიშნავს "დაწუნებული" და "არდაწუნებული" კადრი?
- ეს იმას ნიშნავს, რომ, როცა ჩვენ გავავრცელეთ ცოცხის კადრები, მაშინ ამ კადრების გადამღებმა ბედუკაძემ თქვა, რომ ეს დაწუნებულიაო, თორემ ამაზე უარესიც არსებობს, რაც პირდაპირ ბაჩო ახალაიას მიჰქონდა პირდაპირ სააკაშვილთანო. მაგრამ აქ ერთი დეტალია: როცა პირველად კადრები მოვიპოვეთ, ცხადია, მაშინ ჩვენც ვფიქრობდით იმაზე, რომ შეიძლებოდა ვიღაცას ეთქვა, ეს სცენა დადგმულიაო და რომ ეს ასე არ ხდებოდაო, ამიტომ ვზრუნავდით, რომ სხვა ტიპის უფრო მყარი კადრები გვქონოდა. ასეთი კი იყო კარანტინის დაშლის კადრები, რომელიც 2012 წლის 24 აგვისტოსაა გადაღებული და ამ თარიღს ხაზს ვუსვამ. აქ უკვე კარგად ჩანს ციხისა და დეპარტამენტის ყველა მაღალჩინოსანი, ანუ იქ ვერავინ ვერაფერს დადგამდა. და თუ, მიუხედავად ყველაფრისა, მე ვინმეს ვათამაშე როლები ციხეში, იგივე ამ მაღალჩინოსნებს, მაშინ არ ვიცი, რაა.
თქვენ სტატუსში წერთ, რომ "ნაციონალებმა" ფსევდომოწმეები უნდა გამოიყვანონ და ვინ იქნებიან ეს მოწმეები?
- ხელთ მაქვს ინფორმაცია, რის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, იმოქმედოს შემდეგნაირად, ანუ გამოიყვანონ ორი "კლუჩნიკი" და, ჯერჯერობით ორზეა ლაპარაკი, რომლებიც, ჩემი ინფორმაციით, ახალაიას "ნასედკები" არიან და ეს ორი მოყვება აბსურდულ ისტორიას, რომ თითქოს ისინი ვიღაცამ მოისყიდა, ზოგი მიაძინა, ზოგი მოაძინა საკნის კარებთან და მერე ისევ ერთი მოსყიდული პიროვნება შევიდა და მას სპეციალურად მიაღებინა ირმა ინაშვილმა მონაწილეობა ამ კადრების დადგმაში და რომ თითქოს არაფერი მსგავსი იქ არ ხდებოდა და არავინ არავის ცოცხით და "დუბინკით" არ ერჩოდა, რომ ეს ყველაფერი ინსცენირებულია და ეს ყველაფერი ფალსიფიცირებულია.
საინტერესოა. და რა მტკიცებულებით გაამყარებენ ამას?
- მტკიცებულებები მათ არ სჭირდებათ, როგორც ჯოლოხავას შემთხვევაში მოხდა, რომ გამოიყვანეს და ალაპარაკეს ტყუილი, თითქოს ვაიძულებდი, ჩვენება მიეცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, აქაც იგივე სცენარია. "ნაცმოძრაობის ლიდერების" საყურადღებოდ მინდა ვთქვა: დასავლეთში განსაკუთრებით არავის აინტერესებს ცოცხების კადრები, იმიტომ, რომ აქ ასახულია პერსონალური დანაშაული და არა სისტემური, რაც უკვე კარანტინის დროს ხდება, ამიტომაც ამ კარანტინის კადრებს ყოველთვის განსაკუთრებით ჩქმალავდა "ნაციონალური" მოძრაობა.
თქვენ თქვენს გზავნილში ხელისუფლებას საყვედურობთ.
- აბა, ვისი ბრალია? "ნაცების" ცინიზმი, თავხედობა, ჰონორი და მათი ყოველი გამოსვლა კავშირშია ამ ხელისუფლების უუნარობასთან და მათ სრულიად გაუაზრებელ პოლიტიკასთან. ესაა ჩვენი შეურაცხყოფა, ქართველი ხალხის, ვგულისხმობ კოჰაბიტაციის მავნე პოლიტიკას და პირდაპირ ვადანაშაულებ ხელისუფლებას იმაში, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ გამოდის და ამტკიცებს, რომ ის არის დემოკრატიული ძალა. ხელისუფლება 2012 წლის ოქტომბრიდან რომ დაკავებულიყო სამართლიანობის აღდგენით და არა აბსურდული განცხადებებით, რომ თურმე კრიმინალებთან საჭიროა თანაცხოვრება და თურმე ქართული დემოკრატიის ამოცანაა "ნაციონალების", როგორც პოლიტიკური ძალის გადარჩენა, ეს არ მოხდებოდა. უნდა დასჯილიყვნენ კონკრეტული დამნაშავეები და ამისთვის არსებობდა ფაქტებიც და მტკიცებულებებიც. აბა, დღეს ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება? ხელისუფლება, ცხადია! წამების მუხლით ჯერ არავინ გასამართლებულა, დამნაშავეებს ვერაფრით დაუმაგრეს ეს მუხლი და კითხვას ვსვამ, რატომ? მარტო სასამართლოა შუაში? ეს ვერც მოხდება, რადგანაც ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს მყარი ნება. ასე რომ იყოს, დღეს ამდენს ვერ "იბლატავებდა" ვერც უგულავა, ვერც ბოკერია და ვერც სააკაშვილი. რატომ გაუშვეს ქვეყნიდან მიშა? თუ ამდენი არგუმენტი და კითხვა იყო ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მანამდე არ უნდა დაესვათ მისთვის კითხვები? და დღეს რომ ამბობენ, მონიტორინგი დავაწესოთო, რა მონიტორინგი? შეიძლება კრიმინალებზე მონიტორინგი ვრცელდებოდეს? ამ ქვეყანაში კი თურმე, შეიძლება იყო ადვოკატი, ამას გოგა ონიანზე ვამბობ, გაიტაცო მოწმე, მერე დააყენეო შენი კანდიდატურა ისანში და მორჩა! იმუნიტეტი გაქვს! იმუნიტეტი კრიმინალებზე შეიძლება, ვრცელდებოდეს? ორივე მხარე ამოვიდა ყელში, "ნაციონალებიც" და "ოცნებაც", უნდა დამთავრდეს ამათი ჟღურტული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, ხელისუფლება ასრულებს თუ არა ხალხის ნებას. თორემ ეს ხალხი შეცვლის ხელისუფლებას, რა პრობლემაა? პირველად ხომ არ ხდება?