მარცვლეულის ბაზარზე ვითარება მოულოდნელად შეიცვალა. სულ რამდენიმე დღის წინ საუბარი იყო, რომ რუსეთში ხორბლის დიდი მოსავლის გამო, რეალიზაციის პრობლემა იდგა და შესაბამისად, საბაჟო გადასახადი უნდა განულებულიყო. ახალ კი სრულიად საპირისპირო ინფორმაცია გავრცელდა. რუსეთმა 19 ოქტომბრიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი მკვეთრად გააძვირა, ამით საქართველოსთვის ბევრი რამ შეიცვალა.
ინფორმაცია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა. ამგვარად, 1 ტონა ხორბლის ექსპორტი 2 934.3 რუბლით დაიბეგრება, გასულ კვირას არსებული 1 926 რუბლის ნაცვლად. შესაბამისად საექსპორტო გადასახადი 52.3%-ით გაიზრდება.
ამასთან, ქერის გადასახადი 19 ოქტომბრიდან 52%-ით - 2 479.9 რუბლამდე გაიზრდება, ხოლო სიმინდზე 22.6%-ით - 2 410.1 რუბლამდე შემცირდება.
ახალი საბაჟო გადასახადი საქონლის საინდიკაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც ხორბლის შემთხვევაში 308.3 დოლარს (გასულ კვირას 307.7 დოლარი), ქერზე 279.8 დოლარს (გასულ კვირას 280.9 დოლარი) და სიმინდზე 278.2 დოლარს შეადგენს (317.6 დოლარი).
აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ სიძვირის გამო საქართველოში რუსეთიდან ხორბლის შემოტანა ისევ პრობლემური გახდეს. როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ აღნიშნა, ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ თავად უნდა შეიძინოს ხორბლის მარაგი და უზრუნველყოს სასურსათო უსაფრთხოება ან საექსპორტო გადასახადის საპირწონედ შემოიღოს სარკისებრი გადასახადი.
„მცურავი ბაჟის ცვლილებასთან დაკავშირებით თავისთავად ცხადია, იქნება ფასის მატება და, აქედან გამომდინარე, რისკი იზრდება, რომ ისევ დავუბრუნდეთ ფქვილის შემოტანას, ნაცვლად ხორბლის გადამუშავებისა და წისქვილების მუშაობისა.
თუ გადავხედავთ წინა წლის ანალიზს, როდესაც იგივე ფაქტორები ვითარდებოდა რუსულ ბაზარზე და ფქვილის აგრესიული იმპორტი იწყებოდა, ასოციაცია დღესაც ფიქრობს, რომ საჭიროა რუსეთის მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი სარკისებური გადასახადის შემოღება ფქვილის იმპორტზე, რაც საშუალებას მისცემს წისქვილკომბინატებს, გააგრძლონ მუშაობა და შექმნან გარდამავალი მარაგი.
სარკისებური გადასახადის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, რომ დააბალანსონ ფქვილის ფასი ხორბლის მარაგის საშუალებით და, შესაბამისად, პურის ფასი. ამას გარდა, შესაძლებელი გახდება დასაქმებულების შენარჩუნება. ხორბლის გადამუშავების შედეგად შესაძლებელი იქნება ქატოს მიღებაც, რაც მეცხოველეობის დარგში მიდის. ასევეა საქართველოს ბიუჯეტში შენატანები და რაც მთავარია, სასურსათო უსაფრთხოების დაცვა.
არის მეორე ვარიანტიც, სახელმწიფოს შეუძლია, იყიდოს 2 თვის მარაგი თავისი სახსრებით და თავად დაიცვას სასურსათო უსაფრთხოება, შესაბამისად, დააბალანსოს როგორც ხორბლის, ფქვილის, ისე პურის ფასი. ასე გააკეთა მოლდოვამ, რომელმაც სასწრაფოდ იყიდა რამდენიმე დღის წინ 2 თვის მარაგი. ასე აკეთებს ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და სხვა სახელმწიფოებიც“, - განაცხადა „კომერსანტთან“ ლევან სილაგავამ.
სხვათა შორის, საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი უკვე გაძვირდა და 1 ბუშელის ფასმა 9 დოლარს გადააჭარდა. ვითარების მოულოდნელად გაუარესების პირობებში რა გზა უნდა აირჩიოს საქართველომ? ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ხორბალზე საექსპორტო ბაჟის გაძვირება მოსალოდნელი იყო.
„რუსეთმა გასაყიდი გზები გამონახა და აქვს ბაზარი. როდესაც ეს ხაზები ჯერ არ მუშაობდა, საექსპორტო გადასახადს დაუკლო, ახლა კი ისევ იპოვა. ჩვენ კი სანამ გადასახადი ნაკლებია, ხორბალი უნდა შევიძინოთ და მოვიმარაგოთ“, - განახადა დოლიძემ, რომელიც კატეგორიულად არ ეთანხმება ფქვილის იმპორტზე რაიმე ტიპის გადასახადის შემოღებას, რომელიც პურს აუცილებლად გააძვირებს.
ამჟამად საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი ქვეყანა რუსეთია. მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოში ჯამში 30.6 მლნ დოლარის ღირებულების 85 349 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 28.6 მლნ დოლარის, 78 076 ტონა ხორბალი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.