აჭარაში მესამე დღეა გრძელდება „გრძელი ხელკეტების ღამე“, რაც ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტთა დაპატიმრებით გამოიხატება. აჭარის პოლიციამ (რა თქმა უნდა, სპეცსამსახურთა ინფორმაციაზე დაყრდნობით) დააკავა „კმარას“ რამდენიმე აქტივისტი და მათი ოჯახის წევრები.
გარდა პროკლამაციებისა, რომლებშიც დაგმობილია „აჭარის ავტოკრატიული და სეპარატისტული რეჟიმი“, პოლიციამ გულმოდგინედ ჩხრიკა და აღმოაჩინა იარაღის მთელი არსენალი, რა თქმა უნდა, ნარკოტიკებთან ერთად.
ბოლო პასაჟი აშკარად მეტყველებს, რომ აჭარელი „სამართალდამცავები“, ჯერ კიდევ ალექსი ინაურის „კომიტეტის თავმჯდომარეობის“ ეპოქაში აპრობირებული ტექნოლოგიით მოქმედებენ, როდესაც „ანტისაბჭოთა ელემენტები“ უეჭველად ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდები უნდა ყოფილიყვნენ.
ანუ, ამ დაპატიმრებებთან დაკავშირებით, ყველაფერი ნათელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს აჭარაში არ მოქმედებდეს ორგანიზაცია „კმარა“ და მას აჭარაში იგივე მიზნები არა აქვს, რასაც თბილისში მიაღწია, ანუ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი, მასობრივი პროტესტისა და ზეგავლენის მეშვეობით.
რასაკვირველია, ამ ორგანიზაციას აჭარაში, დიახაც, იგივე მიზნები და ამოცანები აქვს და ისიც ცხადია, რომ აჭარის ხელისუფლება აცნობიერებს საფრთხეს, რაც მას „კმარას“ მოქმედების შედეგად ემუქრება. „აჭარული კმარა“ შეიძლება იქცეს იმ დეტონატორად, რაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკმაყოფილო სოციუმის ამოქმედებას განაპირობებს და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის აჭარის ელიტასა და ისტებლიშმენტს.
სწორედ ამიტომ, აჭარის მმართველის ფენა (არა მხოლოდ პირადად ასლან აბაშიძე - ეს გამარტივებაა, - იგი სინამდვილეში აჭარის ელიტას ეყრდნობა და მის ინტერესებს გამოხატავს) არაფრის დიდებით არ დაუშვებს მოვლენათა განვითარებას იმავე ალგორითმით, როგორც განვითარდა თბილისში და რაც მთავარია, მას ნამდვილად აქვს შესაძლებლობა თავისი პოზიციები დაიცვას. დედაქალაქში, რა თქმა უნდა, აჭარაში მიმდინარე პროცესებმა მწვავე რეაქცია გამოიწვია და უმალვე წარმოიჩინა ახალი ხელისუფლებისადმი ნათქვამი მთავარი მესიჯი „რატომ ხართ ჩუმად, რატომ არ იღებთ რადიკალურ ზომებს?“
არადა, ეს დუმილი და სიფრთხილე სწორედაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალ ხელისუფლებას რეალობის შეგრძნების უნარი აქვს და აცნობიერებს ზღვარს შესაძლებელსა და სასურველს შორის. „შეურიგებელ რადიკალებს“, ალბათ, ვერავინ დაარწმუნებს, რომ აჭარის მმართველი რეჟიმი ნამდვილად არ არის ისეთი სუსტი და უმწეო, როგორც შევარდნაძის ხელისუფლება იყო.
ამიტომ, მისი „ჩამოგდება“ იმავე ტექნოლოგიით ალბათ, გაჭირდება და გადაიზრდება ბევრად დრამატულ მოვლენებში, ბათუმის „რუსულ ბაზას“ რომ თავი დავანებოთ (რომლის პირადი შემადგენლობის 70 პროცენტს აჭარლები შეადგენენ), ასლან აბაშიძეს აჭარაში ბევრად მეტი თავგამოდებული მომხრე ჰყავს, რომლებიც მისი გულისთვის „ტყვიაზე წავლენ“.
სხვათა შორის, არ არის მართალი, თითქოსდა, დასავლური დემოკრატიები „საზოგადოებრივი აზრის“ პრიმატს ეფუძნებიან. სინამდვილეში, სტაბილური დემოკრატია ეფუძნება, მხოლოდ და მხოლოდ, რაციონალურ გათვლასა და მიზანშეწონილობის პრინციპს. საზოგადოებრივი აზრი, ხშირ შემთხვევაში, ემოციურია და არ ითვალისწინებს რეალობას. დასავლურ დემოკრატიათა ლიდერებს ძალიან ხშირად მიუღიათ გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ და ამაში არაფერია „არადემოკრატიული“.
შინაარსობრივად არადემოკრატიულია სწორედ ავანტურისტული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც, სამწუხარო რეალობებს არ ითვალისწინებს. შედეგის თვალსაზრისით კი, ალბათ, ბევრად უფრო ჭკვიანური და შორსმჭვრეტელური იქნებოდა ასლან აბაშიძის მმართველი დაჯგუფების მუდმივი „ძაბვის“ ქვეშ ყოლა, რაც მას დროთა განმავლობაში აიძულებს დათანხმდეს უფლებამოსილებათა მკაფიო გამიჯვნას თბილისსა და ბათუმს შორის - ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის ფარგლებში.
ამ შემთხვევაში, იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების „გავლენის აგენტად“ იქცევა იმ ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც მას „მეორე მხრიდან“ ჰყავს აჭარაში. ამ ფენომენზე აქ ნაკლებად წერენ. არადა, აჭარაში ასლან აბაშიძეს იმ მხრიდანაც ჰყავს ოპოზიცია, ვინც მას „თბილისისადმი მეტისმეტად დამთმობ პოზიციაში“ ადანაშაულებს. ანუ, იქნებ ღირდეს დაფიქრება იმაზე, რომ ნაჩქარევი მოქმედებებით თბილისმა აჭარაში შეიძლება მიიღოს, მართლაც. „ახალი ხელისუფლება“ (აბაშიძის გარეშე), მაგრამ ცენტრისადმი კიდევ უფრო რადიკალურად და შეურიგებლად განწყობილი, ვიდრე ამჟამინდელი „აბაშიძის კამარილიაა“.