„ვთავაზობ ივანიშვილს, პრეზიდენტად იყაროს კენჭი“

„ვთავაზობ ივანიშვილს, პრეზიდენტად იყაროს კენჭი“

პრემიერის პოლიტიკიდან წასვლის თემა ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც ამ საკითხზე თავისი მოსაზრება ესტონურ გაზეთს განუცხადა. ბიძინა ივანიშვილმა ამ თემაზე კომენტარები პრესკონფერენციაზეც გააკეთა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს მყარი გადაწყვეტილება თუ არა, დიდი სურვილი მაინც აქვს, პოლიტიკა დატოვოს. როგორ შეიძლება აისახოს პრემიერის ეს ნაბიჯი ეკონომიკურ პროცესებზე, რომელიც მთავრობის და მათ შორის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელია, ამ თემაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, აკადემიკოსი ლადო პაპავა გვესაუბრება.

ბატონო ლადო, თქვენი შეფასებით, როგორ შეიძლება აისახოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ქვეყანაში ივანიშვილი ერთ-ერთი მთავარი, გადაწყვეტილების მიმღები ფიგურაა...

- ახალს ვერაფერს ვიტყვი, გავიმეორებ იმას, რაც შარშან, ნოემბერში ვთქვი. როდესაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, ძალიან მალე მან გააკეთა განცხადება, რომ ორ წელიწადში თანამდებობიდან წავიდოდა. მაშინ სატელევიზიო ეთერით მივმართე, რომ მოდით, ამ ორი წლის ათვლა დაიწყოს იმ დღიდან, რა დღიდანაც სააკაშვილი წავა პრეზიდენტობიდან.

დღესაც ამას ვიმეორებ - უკეთესია, რომ მრიცხველი ჩაირთოს მას შემდეგ, რაც ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და რომელიც, დიდი იმედი მაქვს, არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

ბიძინა ივანიშვილს დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ხალხმა მას მისცა ხმა, კოალიციაც პრაქტიკულად, მის გარშემო არსებობს. მას ხალხის დიდი ნდობა აქვს და დიდი იმედები, ამიტომ კარგი იქნება, პოლიტიკაში დარჩეს, რაც იქნება იმის საფუძველი, რომ დაწყებული საქმე ინსტიტუციური თვალსაზრისით, სახელმწიფო სტრუქტურების გამყარების, ეკონომიკაში რეფორმების გატარების თვალსაზრისით, იქნება განხორციელებული.

რაც შეეხება ამ განცხადებას, მისი დადებითი მხარე ის არის, რომ პირველად, ქართული პოლიტიკის ისტორიაში გამოჩნდა კაცი, რომელიც იძახის, რომ მე უნდა წავიდე. გვახსოვს, იყო ხალხი, რომელსაც არჩევნების გზითაც არ უნდოდა წასვლა და აუცილებლად უნდა ჩამოგვეგდო.

თუმცა მედალს ორი მხარე აქვს - ბიძინა ივანიშვილის ამ ნათქვამსაც აქვს ხავეზები, რადგან ქვეყანაში ჯერ მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი მთელი რიგი საკითხები და ძალიან ბევრი მათგანი მყიფე ბალანსის მდგომარეობაშია, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაირღვეს.

როდესაც პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა, ამით მან დაასუსტა თავისივე მთავრობა, რადგან თუ მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ წლის ბოლოს მიდის, წარმოიდგინეთ, როგორი იქნება ფსიქოლოგიური აღქმა ამისა, მინისტრებისათვის. მათი მხრიდან ასეთ განცხადებებს შეიძლება, საკმაოდ პასიური ქმედებები მოჰყვეს, რადგან გაურკვევლობის წინაშე დგანან. ასეთმა განცხადებამ, ასევე, შეიძლება, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ინვესტორზე, ადგილობრივი იქნება ის თუ უცხოელი.

თვითონ არჩევნებიც ჩვენნაირ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაბალგანვითარებულ ქვეყანაში ყოველთვის დესტაბილიზაციის განწყობას ქმნის და როდესაც არჩევნების შემდეგ ვიცით, რომ პრემიერი პოლიტიკიდან მიდის, იბადება კითხვა - ასეთ შემთხვევაში ინვესტორებმა დღეს რატომ უნდა ჩადონ ფული საქართველოს ეკონომიკაში? ისინი დაელოდებიან, ვინ გახდება პრეზიდენტი და ვინ - პრემიერ-მინისტრი, როგორ კონფიგურაციას შეინარჩუნებს პარლამენტი. ეს ყველაფერი ხარვეზებია და აქედან გამომდინარე, აზრი არ შემიცვლია, კიდევ გავიმეორებ, რომ უკეთესი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებიდან სულ მცირე, ორი წელი გაჩერდება ქვეყნის ხელისუფლებაში.

ივანიშვილი ამბობს, რომ ყველა პასუხისმგებლობას არ იხსნის და ისე არ მიდის, ის სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს და იქიდან მიადევნებს თვალს ქვეყნის განვითარებას. როგორ ფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია შეინარჩუნოს ისეთი პოლიტიკური გავლენები, რომ სერიოზული ფორსმაჟორის დროს რაღაც პროცესებში ჩაერიოს?

-არასამთავრობო სექტორის განვითარება რომ სურს, ამ აზრს მხოლოდ მივესალმები, პირიქით, შეიძლება უკეთესიც იყოს ამ თვალსაზრისით მისი პოლიტიკაში ყოფნა, იმიტომ, რომ აქამდე პოლიტიკოსები ცდილობდნენ, არასამთავრობო სექტორზე ზეგავლენა ჰქონოდათ. შესაძლოა, სწორედ  მისი მთავრობაში ყოფნა იყოს უკეთესი იმისათვის, რომ აჩვენოს, როგორ ცდილობს, არანაირი ზეგავლენა არ ჰქონდეს არასამთავრობო სექტორზე და არასამთავრობო სექტორი თავისით განვითარდეს.

ბიძინა ივანიშვილი რომ ნიჭიერი კაცია, მხოლოდ იმაში კი არ გამოიკვეთა, რომ მან ფულის კეთება იცის, მან თქვა, რომ არჩევნების გზით დაამარცხებდა იმ ბოროტებას, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა და მან თავისი დანაპირები პრაქტიკულად, შეასრულა. კაცმა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა, არჩევნები მოიგო, თუმა არჩევნების მოგება ერთია, მისი მართვა, სტაბილურობა და განვითარება - მეორე. აქ დიდი გამოწვევები აქვს ქვეყანას და ვფიქრობ, იმაზე უკეთესი ფორმა, ვიდრე ის არის მთავრობაში, არ არსებობს.

შეიძლება ისიც კი შემეთავაზებინა, რომ თვითონ იყაროს კენჭი, გახდეს პრეზიდენტი, რომელსაც იმდენი მართვითი ფუნქციები აღარ ექნება და ქვეყნის სტაბილურობის გარანტი იქნება, ხოლო მარგველაშვილი, რომელიც მისი ფავორიტია, ან ნებისმიერი სხვა, პრემიერად დაასახელოს -ანუ შეცვალოს სქემა, თუ არ უნდა, რომ თვითონ ყოველდღიურად აქტიურად იყოს ჩართული მთავრობის საქმიანობაში, შეიძლება ღირდეს კიდეც დისტანცირება - სინამდვილეში ივანიშვილი მართლაც არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტი და იმედი. მაგალითად, რაიმე კრიზისი რომ შეიქმნას მთავრობასა და პარლამენტს შორის ან ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისი, მისი გადაწყვეტის ინსტრუმენტი იქნება პრეზიდენტი. თანაც, უმრავლესობა მისია პარლამენტში და შეუძლია, პრემიერად დაასახელოს ნებისმიერი.

კიდევ ერთი პრობლემა რაც ამ გადასახედიდან იკვეთება, არის რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენთა ანგაჟირებული ნაწილი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას და როგორც თვითონ აცხადებენ, ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობას აპირებენ, ეს ხომ არ გამოიწვევს ქართულ პოლიტიკაში დიდი ოდენობის რუსული ფულის შემოსვლას? მოგეხსენებათ სააკსვილის პერიოდში რუსული ფული ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქმებოდა...

-პოლიტიკაში ფულის ჩადებაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც უცხოეთში კაპიტალი დააგროვეს, თუ ამ ფულს მოახმარენ საკუთარი სამშობლოს ეკონომიკას, ეს კარგია. მათი ინტერესია, მოგება ნახონ, მაგრამ, სხვაგან კი არა თავიანთ სამშობლოში. ასევე მივესალმები ნებისმიერ უცხოელ ინვესტორს, არა იმისთვის, რომ უძრავი ქონება შეიძინოს, არამედ შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, შემოიტანოს ახალი ტექნოლოგიები. ასე რომ, პოლიტიკურ კომპონენტზე გამიჭირდება კომენტირება, მაგრამ ვფიქრობ, ინვესტიციების მოზიდვისთვისაც უკეთესი იქნებოდა, ივანიშვილი პოლიტიკაში იყოს.

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკას, ნაციონალები ხშირად აკრიტიკებენ დღევანდელ ხელისუფლებას და ეკონომიკის სტაგნაციის მიზეზად მას ასახელებენ, თქვენი შეფასებით, რა ქმნის დღეს მთავარ პრობლემას ამ სფეროში?

-დღეს ყველაზე მთავარი პრობლემაა ის, რომ ბიუჯეტი 900 მილიონიანი დეფიციტით არის დაგეგმილი, ის ხარჯვითი პოლიტიკა, რომელიც დღეს ხორცირლდება არ ითვალისწინებს დეფიციტს და უფრო პროფიციტულ იდეოლოგიაზეა აწყობილი - ეს ზღუდავს ეკონომიკას, რადგან ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტები დროულად თუ არ დაფინანსდა, ეკონომიკას სტიმული არ ექნება. ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური სიტუაციას კარგად ფლობს და ხარჯვითი ნაწილიც გააქტიურდება.

ჩვენი ეკონომიკა არ არის იმდენად განვითარებული, რომ მსხვილი ბიზნესი თავისით არსებობდეს და ვითარდებოდეს. აუცილებელია, ის თანხები, რომელიც ბიუჯეტშია გათვალისწინებული დაიხარჯოს, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს, მსხვილი სახელმწიფო შესყიდვები და ა.შ. რაიმე უკანონობას კი არ ვიძახი, ეს ყველაფერი ბიუჯეტის შესახებ კანონით არის დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ.

ასეთი პროექტების განხორციელება უნდა დაჩქარდეს, ფულის ასეთი მასის მიწოდება ეკონომიკისათვის მხოლოდ და მხოლოდ დადებითი პროპცესია. შედეგად გააქტიურდება ეკონომიკა და სტაგნაციის ის ელემენტები, რომელიც თითქოს გამოიკვეთა, დაიძლევა.

ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ცოტა ძნელი გასააგებია, რატომ არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რატომ ვერ ცხოვრობენ უკეთესად, მათი გადასახედიდან, მთავარი პრობლემა, ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას თითქმის მოსცილდა...

-ეკონომიკაში ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს და ერთი ხელის აქნევით ეკონომიკა დიამეტრალურად ვერ შეიცვლება. ჯერ კიდევ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას დაიწყო დეფლაცია, ანუ ვალუტის მსყიდველობითი უნარი დაეცა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ამოტომ ვამბობ, რომ ბიუჯეტმა თავისი დაგეგმილი დეფიციტის ხარჯვა უნდა დაიწყოს, რომ ეკონომიკა გააქტიურდეს.

მოსახლეობას რაც შეეხება, უნდა გაიგოს, რომ ერთბაშად სიტუაცია ვერ მოწესრიგდება. ვიცით, რომ სექტემბრიდან გათვალისწინებულია პენსიის ზრდა, 25 ლარი ბევრი არ არის, მაგრამ სწორი ნაბიჯი გადაიდგა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ფინანსთა სამინისტრო რამდენადაც ვიცი, უკვე აქტიურად მუშაობს 2014 წლის ბიუჯეტზე და შემოდგომაზე მისი პარტამეტრებიც გვეცოდინება - ამაზე ალბათ დეტალურად მხოლოდ მას შემდეგ ვისაუბრებთ, მაგრამ ვიმეორებ, დღეს ეკონომიკას გამოცოცხლება სჭირდება საბიუჯეტო ინექციებით, ბიუჯეტში დამტკიცებული ხარჯების გაწევით.

როდესაცნაციონალური მოძრაობაეკონომიკის დაღუპვაზე საუბრობს, რამდენად  საფუძვლიანია მათი განცხადებები?

-ვის, ვის და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არანაირი მორალური უფლება, რომ ვინმე აკრიტიკოს. პოლიტიკოსი იმიტომ არის პოლიტიკოსი, რომ აკრიტიკოს, მაგრამ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სტატისტიკაზე დაყრდნობით აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასაცილოა. შარშან ივლისში არ იყო, პარლამენტი მერაბიშვილს პრემიერად რომ ამტკიცებდა, ქრისტიან-დედმოკრატებმა კითხვა დაუსვეს და განაცხადა, სტატისტიკა საერთოდ არ მაინტერესებს, არ მჭირდებაო? თუ პრემიერ-მინისტრს სტატისტიკა არ სჭირდებოდა, რაც აბსოლუტური ნონსენსია, როცა ოპოზიციაში გადავიდნენ, ახლა ეყრდნობიან სტატისტიკას?! ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კრიტიკას ვერავინ აუკრძალავს მაგრამ მორალური თვალსაზრისით მათ ამისი უფლება ყველაზე ნაკლებად აქვთ.

თქვენი აზრით, როდის იგრძნობს მოსახლეობა, რომ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს არ უშლის?

-ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან არ ვარ ხელისუფლებაში და ვინმეს ნაცვლად პასუხს ვერ გავცემ, თუმცა ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა - 2013 წელი იქნება მძიმე, 1014 შედარებით უკეთესი და ა.შ. ეს არის მისი დაპირება და მას აქვს ხედვა ეს როგორ უნდა გააკეთოს.