Corriere Dello Sport-მა გაზეთის დღევანდელი ნომრის გარეკანზე ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუს პოსტერი გამოაქვეყნა და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები გამოკითხა, იმის შესახებ თუ რომელი ურჩევნიათ. შეკითხვა ასეთი იყო: სერია A-ს ორ ვარსკვლავს შორის რომელია უფრო მაგარი?
კვარასა და ლეაუს შედარებაზე დინო ძოფმა, რუჯერიო რიციტელიმ, სალვატორე ბანიმ, ალდო სერენამ და ჯანკარლო ანტონიონიმ ისაუბრეს.
ალდო სერენა: „კვარა გასაოცარია, „ნაპოლიში“ გადასვლამდე არ ვიცნობდი, შემიყვარდა, იმიტომ, რომ ფეხბურთის რომანტიკოსია. დრიბლინგებს უნიკალურ სტილში აკეთებს და ეგოისტურადაც არ თამაშობს. აღტაცებული ვარ. კვარა თუ ლეაუ? ფეხბურთის ყურება 6-7 წლის ასაკში დავიწყე, როცა დრიბლინგებით 3-4 ფეხბურთელს ატყუებდნენ და ეს ახლაც მაგიჟებს. ორივეს შეუძლია ამის გაკეთება“, - თქვა ალდო სერენამ.
სალვატორე ბანი: „კვარას თამაში პირველად მაშინ ვნახე, როცა 15 წლის იყო და მაშინვე გამაოცა მისმა თავხედობამ. თითქოს მეგობრებთან ერთად თამაშობს, ის მოედანზე სიამოვნებას იღებს. სპალეტიც მის სიტუაციას შესანიშნავად მართავს. ლეაუსა და კვარას შორის განსხვავება? ერთადერთი სხვაობა ფასია: კვარაცხელია მხოლოდ 10 მილიონი დაჯდა“, - თქვა სალვატორე ბანიმ.
დინო ძოფი: „ლეაუს ავირჩევ, რადგან უკეთ ვიცნობ, მაგრამ კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და ჯიჯი მერონის მაგონებს, წარმოუდგენელი სიურპრიზია. არჩევანი ასევე დამოკიდებულია იმაზე, როგორი გუნდი მინდა მყავდეს და თვისებებზე, რომელიც მჭირდება. ორივე მსგავსი სტილის მოთამაშეა, მაგრამ სტრუქტურად განსხვავებული. ლეაუმ უკვე აჩვენა მთელი თავისი ძალა, თუმცა დროთა განმავლობაში ქართველიც შეძლებს მის დონეზე მიღწევას“.
რუჯერიო რიციტელი: „ლეაუ დამანგრეველია, კვარაცხელია კი მასთან შედარებით უფრო გუნდური მოთამაშეა. ის პატივს სცემს მწვრთნელის მიერ ნაკარნახევ დავალებებს, უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია. პორტუგალიელი კი უფრო ფეთქებადია და ყოველთვის არ სცემს პატივს გუნდის პოზიციურ დავალებებს“.
ჯანკარლო ანტონიონი: „კვარაცხელია გუნდისთვის ბევრს მუშაობს, ლეაუ უფრო სოლისტია. „ნაპოლის“ ფეხბურთელს აქვს დრიბლინგის ძალა, ყოველთვის მეტოქეზე მიდის და ბევრ გოლს იტანს, ნამდვილად ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. თანამედროვე ფეხბურთელია, განსხვავებას ქმნის და დარწმუნებული ვარ ასე გააგრძელებს. ის ძალიან ტექნიკურია“.