”კოკოითი ფანდარასტ” - მეორე სერია

”კოკოითი ფანდარასტ” - მეორე სერია

ვლადიმერ სანაკოევის „აღიარებითი ჩვენება“ პოლიტიკურ წრეებში აქტიური მსჯელობის საგანია. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების აგენტობის შესახებ ინფორმაცია მომავალშიც გავრცელდეს.

 ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით ვლადიმერ სანაკოევს სკანდალური განცხადების გაკეთება თავად რუსეთის „ეფ-ეს-ბემ“ დაავალა.

 საკითხის ცალსახად შეფასება არ შემიძლია, რადგან არ გვაქვს სრული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე არც ის არის გამორიცხული, რომ სანაკოევი საქართველოში მართლაც გარკვეული დავალების შესასრულებლად ყოფილიყო ჩამოსული, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთის აგენტობაზე ის ახლა იმის გამო ალაპარაკდა, რომ ეს ვიღაცას დასჭრიდა“, - განუცხადა არეშიძემ „ჯი-ეიჩ-ენს“ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას და აქვე განმარტა, რომ არ არის გამორიცხული, სანაკოევის განცხადების უკან თავად რუსეთის სპეცსამსახური იდგეს.

 "საუბარში სანაკოევი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების სრულ დისკრედიტაციას ახდენს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა გარკვეულ რისკზე თავად წავიდა და ათქმევინა სანაკოევს ის, რაც მან თქვა. ალბათ ქართული პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაციის ფასად „ეფ-ეს-ბეს“ ეს უღირდა“, - განმარტა ექსპერტმა.

გარდა ამისა, მამუკა არეშიძე სანაკოევის განცხადების კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზსაც ასახელებს და არ გამორიცხავს არც იმას, რომ მას „ამ სკანდალით როგორმე დასავლეთში გაღწევა სურდეს“.

 მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თავმჯდომარე ეკა ბესელიას აზრით, ხელისუფლების მაღალჩინოსნების აგენტობის შესახებ ინფორმაცია მომავალშიც გავრცელდეს. ამის შესახებ ბესელიამ პროექტის „კოკოით, ფანდარასტ!“ ხელმძღვანელის ვლადიმერ სანაკოევის სკანდალური აღიარებების კომენტირებისას განაცხადა.

 „ეს სანაკოევის მხრიდან ძალიან საინტერესო აღიარება იყო. ასევე საინტერესოა ის დამოკიდებულება, რომელიც ამ საკითხისადმი ხელისუფლებამ გამოიჩინა. კარგად მახსოვს, როგორ უანგაროდ ეხმარებოდა ვლადიმერ სანაკოევი საქართველოს ხელისუფლებას თავისი პიარ-აქციებით. ასე რომ, შეიძლება დრო გავიდეს და ჩვენ ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების შესახებაც გავიგოთ, რომ ისინი რუსული სპეც-სამსახურების დავალებებს ასრულებდნენ“, - განაცხადა ბესელიამ.

 ამასთან, იმ განცხადებებს, რომელიც სანაკოევმა ბესელიას ყოფილ თანაპარტიელთან, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, იგი ვერ ხსნის.   

 „იმ პერიოდში მე საკმაოდ შორს ვიყავი ირაკლი ოქრუაშვილისგან და მიმდინარე პროცესებისგან, ასე რომ, არაფრის თქმა შემიძლია“, - დასძინა ბესელიამ.

 „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროექტი ვლადიმერ სანაკოევი „ახლაც ვინმეს დავალებას ასრულებდეს“. როგორც „პირWელს“ უსუფაშვილმა განუცხადა, „ვლადიმერ სანაკოევის განცხადებები, რომელმაც რუსული სპეცსამსახურების აგენტობა თავად აღიარა და ახლა სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, სერიოზულ კომენტარს არ საჭიროებს“.

 „კაცი, რომელიც ამბობს, „რუსეთის აგენტი ვარ და მის დავალებებს ვასრულებდიო“, შესაძლოა, ახლაც ვინმეს დავალებებს ასრულებდეს. მის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა „კოკოით, ფანდარასტი“ და მსგავსი პროექტები რომ სააკაშვილის ხელისუფლების სისულელის ნაწილია, იმთავითვე ცხადი იყო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია ვლადიმერ სანაკოევის სკანდალურ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „სანაკოევის პიროვნება რუსული სპეცსამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს“.

 როგორც დროებითი ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ვლადიმერ სანაკოევის პიროვნება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი და ოსი ხალხების დაახლოებისკენ მიმართული მრავალი პროექტის მონაწილეა, დღეს რუსული სპეცსამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს“.

 „ჩვენ, ჩვენის მხრიდან, ვლადიმერ სანაკოევს კვლავ მეგობრად და თანამოაზრედ ვთვლით, რომელიც კვლავინდებურად ქართველ და ოს ხალხებს შორის ძმური და მეგობრული ურთიერთობების აღდგენის იდეის ერთგული რჩება. ადამიანურად, გვესმის, რომ ჩვენი ყოფილი თანამშრომელი და მომხრე რუსეთში რთულ პირობებში იმყოფება, რაც შეშფოთებას და მწუხარებას იწვევს. რაც შეეხება სანაკოევის თითქოსდა ჯაშუშური საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ მესამე პირთა განცხადებების საფუძველზე ძნელია იმის განსაზღვრა, ინტერნეტით გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების რომელ ნაწილს შეიძლება, ენდო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან,  სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ვლადიმერ სანაკოევმა 2005 წელს ნამდვილად მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, 2006 წელს ტელეკომპანია „ალანიას“ გადაცემის წამყვანი გახდა, 2007 წლიდან კი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის მრჩევლად მუშაობდა. 2010 წელს მან თანამდებობა დატოვა, რათა რუსეთში, ქალაქ სოჭში გადასულიყო.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრისა და აქცია „კოკოითი ფანდარასტის“ ხელმძღვანელის ვლადიმერ სანაკოევის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ აღიარებას ინტერნეტგამოცემა „uasdan.com“ ავრცელებს. ამავე სახელწოდების დისკუსიურ-ანალიტიკურ კლუბში მოწყობილ პრესკონფერენციაზე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ვლადიმერ სანაკოევმა თავად ისაუბრა.

 „1989 წელს სოჭში სერგეი დირდინი გავიცანი. ეს ადამიანი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო. მან შემომთავაზა ვიყო მისი თანაშემწე და იმ შემთხვევაში, თუკი შევამჩნევდი რამეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საშიში იქნებოდა მისთვის მეცნობებინა. დავთანხმდი. შევთანხმდით რომ ჩემი ფსევდონიმი „ირონი“ (ოსი) იქნებოდა. ამის შემდეგ უშიშროების სამსახურის მეორე თანამშრომელი, პირობითად - რომანი, გავიცანი. ჩვენ დავმეგობრდით და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე, ძირითადად - სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციაზე.

 2003  წლის 1 ნოემბერს ცხინვალში ჩემი ბავშვობის მეგობარი (ვინაობა მითითებული არ არის) შემხვდა. იგი საქართველოს უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობიდან გადადგა და ახლა კენჭს საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით იყრიდა. ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მოვლენებმა საინტერესოდ განვითარება დაიწყეს. აჭარაში საქართველოს იურისდიქცია დამყარდა და გააქტიურდა მოქმედება სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. ამ თემასთან დაკავშირებით გავიარე რა კონსულტაციები რომანთან და გადავწყვიტეთ რომ მემოქმედა იმისათვის, რათა ნდობა მომეპოვებინა და მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა მიმეღო.

 დავწერე სტატია სახელწოდებით „ლიახვს მიმართულებას ვერ შევუცვლით და იგი მაინც მტკვარში ჩაედინება“. მასში გამოთქმული იყო ჩემი მოსაზრებები ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ. სტატია აშკარად პროქართული ხასიათისა იყო იმისათვის რათა საქართველოს ხელისუფლებაში არსებული სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მომუშავე ადამიანების ნდობა მომეპოვებინა. სტატიის ასლი, რა თქმა უნდა, რომანს გაუგზავნე და ზოგადად ჩემს მიერ გადასადგმელი ნაბიჯის წინ მასთან კონსულტაციებს გავდიოდი.

 აღნიშნული მოქმედება შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ჩემი ბავშვობის მეგობარი ხშირად მირეკავდა და თბილისში ჩამოსვლას მთავაზობდა სტუმრად. თბილისში 2004 წლის 10 ივლისს ჩავედი. მეგობარმა ვანო მერაბიშვილი და ამირან მესხელი გამაცნო. შეხვედრა რიყეზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გაცნობა შედგა და ჩვენ კეთილგანწყობილად ვსაუბრობდით ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. ამის შემდეგ ცხინვალში დავბრუნდი. შემდეგ სოჭში წავედი და რა თქმა უნდა ყოველივე რომანს მოვუყევი. ყურადღება გავამახვილე მხოლოდ ერთ რეპლიკაზე, რომელიც ვანო მერაბიშვილს წამოსცდა. იგი ამბობდა, მთავარია ეს ორი თვე გადავიტანოთ და შემდეგ არავის ეცლება საქართველოსთვის. როგორც ცნობილია მოხდა ტერაქტები მოსკოვში, აფეთქდა ორი თვითმფრინავი ტულისა და როსტოვის ოლქის თავზე. აგვისტოში მოხდა მოკლევადიანი თეატრალიზებული აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. რომლის შედეგადაც ქართველები დიდი სიამოვნებით გაიქცნენ ბრძოლის ველიდან. დაგეგმილი არაადამიანური კომბინაციის კულმინაციურ დასრულებად კი სასწავლო წლის დასაწყისში ბესლანში მომხდარი ტრაგედია იქცა.

 დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, არიან ხელის შემწყობები და თანამონაწილეები საერთაშორისო ტერორიზმისა, რომელიც რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. მზად ვარ ამის მოწმედ ღიად გამოვიდე.

ამის შემდეგ თბილისში უკვე 2005 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავედი. 17 სექტემბერს ბავშვობის მეგობარმა ამირან მესხელთან შემახვედრა, რომელთან ერთადაც იყო შალვა ჟღენტი. ჩემთვის ცხადი გახდა რომ მე მათთვის საინტერესო ვარ და ჩემი გამოყენება რაღაც პროექტში იგეგმებოდა. სწორედ მაშინ შევუგდე ამირანსა და შალვას იდეა ერი წლის შემდეგ, 2006 წლის 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პარალელური არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

პეროვსკაიას ქუჩაზე რესტორანში გამართული საუბრის შემდეგ ჩემთვის შესაბამისი დასკვნები გავაკეთე და განვუცხადე მათ, რომ მსურს მივიღო საქართველოს მოქალაქეობა და შევინარჩუნო რუსეთის მოქალაქეობა. მათ ჩემს თხოვნაზე გაიცინეს, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს, მაგრამ შემდეგ ჩემს მიერ მოქალაქეობის მიღების ფაქტი სააკაშვილის ხელმოწერით აქტიურად გაშუქდა ყველა ტელეარხითა და რეზონანსული მოვლენა იყო. სწორედ ეს გახდა ათვლის წერტილი ჩემი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობისა საქართველოში.

ყოველივე ამის შემდეგ სოჭში ჩასულმა რომანს ვუთხარი, რომ სავარაუდოდ 2006 წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთში ომს დაიწყებდა რაც შემდეგ დადასტურდა კიდეც ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით. ჩემს მომავალ მოქმედებას საქართველოში რომანთან პირობითად „ჯოკერი“ დავარქვი. თავის მხრივ რომანს ეს ყველაფერი ახსოვს და შეუძლია დაადასტუროს კიდეც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი.

2005  წელს თბილისში კვლავ ჩამოსასვლელი ფული 400 დოლარი ჯერ რომანს ვთხოვე, ფული ვერ მივიღე. შედეგად ეს თანხა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა გამომიგზავნა. ამ დროისათვის უკვე მომზადებული მქონდა სტატია, სახელწოდებით, „მე ასე ვფიქრობ“, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგებოდა - რა იყო? რა არის? და რა იქნება? სტატიები,, რა თქმა უნდა, ქართული მხარისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა თბილისში გაფრენის წინ მისი ასლები რომანს გადაუგზავნე. სტატიაში ჩემს მიერ აღნიშული იყო სააკაშვილის პოლიტიკის მნიშვნელობა და მისი მშვიდობიანი ინიციატივებისათვის მაღალი შეფასება იყო გაკეთებული“, – აცხადებს სანაკოევი.

სანაკოევის აღიარებით ჩვენებაში ნათქვამია, რომ მის მიერ წამოყენებული წინადადებები საბოლოო ჯამში ასახული იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შემუშავებულ სტრატეგიაში. მისივე თქმით, ცხინვალში მისი საქმიანობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

"2005  წლის 24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეობა მომცა. აქ მთავარი იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეობას იღებდა ცხინვალელი ოსი, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველო მისი სამშობლოა“. ამ პროცედურის შემდეგ ცხინვალში გავემგზავრე, თუმცა შალვა ჟღენტი ერთი საათის განმავლობაში მეხვეწებოდა ეს არ გამეკეთებინა, ვინაიდან შეიძლებოდა იქ ჩასვლა ჩემი სიცოცხლისთვის საშიშიც ყოფილიყო და ის მართალი იყო. 26 ნოემბერს კოკოითის ბრძანებით, უხეში ფორმით ცხინვალიდან თბილისის მიმართულებით გამომაგდეს. კიდევ კარგი არ მომკლეს ან არ დამასახიჩრეს საუკეთესო შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით რომ ცხინვალში ჩემი „დაცვა“ რუს კოლეგებს ვთხოვე, აღმოჩნდა, რომ სოჭის „ეფ-ეს-ბეს“ ფეხებზე ეკიდა მე რა მომივიდოდა. მათ ასევე ეკიდათ ის, თუ რა ხდებოდა საქართველოში.

 ყველა ჩემი მოქმედების აზრი იყო ის, რომ არ დამეშვა სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყება. 2006 წლის 21 იანვარს ტელეარხ ”ალანიაზე” გავიდა ჩემი საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა „დენ ზა დნიომ“. 2006 წლის 12 ნოემბერს თბილისში დიმიტრი სანაკოევი გამოჩნდა და ჩატარდა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თეატრალიზებული არჩევნები, - რა თქმა უნდა იმ ტერიტორიაზე რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.

ამით ცხადი გახდა, რომ თავიდან ავიცილეთ 2006 წლის დეკემბერში დაგეგმილი საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. გადამწყვეტი ორი ფაქტორი იყო:

უპირველეს ყოვლისა, სამხედრო წარმატების მიღწევის შემთხვევაში საქართველოს ამბიციური თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ეროვნული გმირი გახდებოდა და არც ის იყო გამორიცხული, რომ 2007 წელს მას საქართველოს პრეზიდენტობაზეც ეყარა კენჭი. ასეთი პერსპექტივა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილისთვის მიუღებელი იყო. მეორე იყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილის აგრესიულმა სამშვიდობო ინიციატივებმა, რომლებსაც ვანო მერაბიშვილი ატარებდა, ჩემი აქტიური ჩარევით მიიღეს ის პერსპექტივა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო. გაჩნდა რეალური შესაძლებლობა ოსების ჩართვისა ლეგიტიმური ხელისუფლების პროექტში, რაც პერსპექტივაში ფართო (თეორიულად) უფლებებით ავტონომიის აღდგენას ისახავდა მიზნად. აღნიშნული პროექტის შესახებ მომზადდა საზოგადოებრივი აზრი სამხრეთ ოსეთში. მოქმედებდა ტელეარხი ”ალანია”, რომელიც აქტიურად მაუწყებლობდა ცხინვალელ აუდიტორიაზე და კოკოითის რეჟიმის კრიტიკას ახორციელებდა. ”ალანია” ასევე საუბრობდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებზე და იმ კარგ პირობებზე, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობდა.

შედეგად, მოქმედების პრიორიტეტული გეგმა „ვანო მერაბიშვილის პროექტი“ გახდა. ირაკლი ოქრუაშვილი კი საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე არსებული გავლენიანი ადამიანების წრიდან გარიცხეს. ამით სამხედრო ვექტორი მშვიდობიან პერსპექტივაზე შეიცვალა. დიმიტრი სანაკოევი პრეზიდენტი გახდა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციაც შეიქმნა.

ყველა ამ პროცესში ჩემი მონაწილეობის მნიშვნელობის სრული გააზრება მოვახდინე მაშინ, როდესაც რუსეთმა 2014 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოჭში ჩატარების უფლება მოიპოვა. 2007 წლის 5 ივლისს 03:45 საათზე მოსკოვის დროით ესემეს შეტყობინება გავუგზავნე რომანს: ვაშა!!! სოჭი ვაშა! ოლიმპიადა 2014 ვაშა! მე, სანაკოევი, ვდღესასწაულობ.

დარწმუნებული ვარ, რომ „პროექტ ირაკლი ოქრუაშვილის“ შენარჩუნების შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალები მასშტაბური საბრძოლო მოქმედებებისთვის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვერ შევიდოდნენ და სამხრეთ ოსეთი დამარცხდებოდა, რუსეთი კი 2014 წელს სოჭში ოლიმპიადის ჩატარების უფლებას ვერ მოიპოვებდა.

ამის შემდეგ მრავალი პიარ-აქცია და თეატრალური ღონისძიება გაიმართა. სიტუაცია იძაბებოდა და საბოლოო ჯამში მოხდა ის რაც მოხდა 08.08.08-ში, რომელიც ვინც რა არ უნდა თქვას მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილმა წარმატებით განახორციელა და მოიგო. მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის პრობლემა არის ის ნაძირლები რომლებიც გენერალიტეტში სხედან. ივნისის დასაწყისში ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ომი იქნება. მოდულის შენობაში ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან გამართული საუბრის შემდეგ კი დავაზუსტე, რომ ომი აგვისტოს პირველ დეკადაში გაიმართებოდა. ამ მომენტიდან ვცდილობდი თამაშიდან გამოვსულიყავი, რუსეთში დაბრუნება მსურდა.

2010  წლის 13 სექტემბერს დიდი რისკის ფასად შევძელი და საქართველო დავტოვე. აქაც, როგორც ვხედავ, კარგი არაფერია. თუმცა, გასაქცევი მეტი არსად მაქვს“, – აცხადებს სანაკოევი.