"ჩემპიონთა თასზე რუსებმა არ გაგვიშვეს"

1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გამართულ "ოქროს მატჩში", "დინამომ" 4:1 აჯობა მოსკოვის "ტორპედოს" და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი! ნახევარი საუკუნე ცოტა არ არის, მაგრამ არც ისე დიდი დროა, "ოქროს ბიჭების" უმეტესობისთვის საბედისწერო რომ გამომდგარიყო. არადა, მაშინდელი "დინამოდან" სამი ფეხბურთელიღა შემოგვრჩა - ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭინავა და ილია დათუნაშვილი. საჩემპიონო მატჩში დუბლი სწორედ დათუნაშვილმა შეასრულა - ჯერ ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კი "დინამო" წინ გაიყვანა, რასაც მესხისა და მეტრეველის გოლებიც მოჰყვა... ილია დათუნაშვილი დღეს ჩვენი სტუმარია:

- თბილისის "დინამოს" არასდროს აკლდა უმაღლესი კლასის ფეხბურთელები. თუნდაც ჩვენი წინა თაობა, სადაც პაიჭაძე, ღოღობერიძე, ჭკუასელი, ხასაია, მარღანია, ძიაპშპა და სხვა უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ. მაგრამ საბჭოთა რეჟიმის დროს ქვეყნის ჩემპიონი ყოველთვის მოსკოვის გუნდი უნდა გამხდარიყო... ჩვენ გაგვიმართლა - სსრკ-ის ხელმძღვანელობა იცვლებოდა და ფეხბურთისთვის არავის ეცალა, თორემ საჩემპიონო მატჩზე ბალტიისპირელ არბიტრ რუბენისს ვინ დანიშნავდა, ქართულ გუნდს ოქროს გამოატანდნენ?! რუბენისმა კი ძალიან ობიექტურად იმსაჯა. მეტიც, "ტორპედოელებს" თამაშგარედან გატანილი გოლიც სამართლიანად გაუუქმა, რის გამოც მოსკოვში მკაცრად უსაყვედურეს და საერთაშორისო მატჩებს აღარ ამსაჯებდნენ!

პირველად რა გახსენდებათ, როცა "ოქროს მატჩს" ახსენებენ?

- ბედნიერი ვარ, რომ ქართული გუნდი პირველად სწორედ ჩემს დროს გახდა სსრკ-ის ჩემპიონი! ეს უდიდესი სიხარული იყო მთელი საქართველოსთვის! თბილისი ფეხზე იდგა, ჩვენს დასახვედრად იმდენი ხალხი მოვიდა, თითქმის მთელი აეროპორტის გზა ავტომანქანებით გადაიჭედა - ხალხი ასაფრენ ბილიკებზეც კი შეიჭრა...

ტაშკენტშიც ხომ ბევრი ქართველი გქომაგობდათ?

- მსურველი იმდენი იყო, ტაშკენტის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისის დანიშვნა გახდა საჭირო! თამაშის დროს ქართული შეძახილები გვესმოდა - ბიჭებო, აბა, თქვენ იცითო... ტაშკენტელებიც "დინამოს" ქომაგობდნენ და ამას არც მალავდნენ - ქართველებს ვგულშემატკივრობთ, აბა, რუსებს ხომ არ ვუქომაგებთო?! ანგარიში რომ გავათანაბრეთ, მთელი სტადიონი ტაშს უკრავდა...

იმ მატჩში გატანილი ორი ბურთიდან რომელმა უფრო გაგახარათ?

- ანგარიშის გათანაბრება რომ ვერ მომეხერხებინა, საქმე დამატებით დრომდე არ მივიდოდა. ასე რომ, პირველი გოლი უფრო მნიშვნელოვანი იყო...

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტაშკენტში გამარჯვებით ჩემპიონთა თასზე მონაწილეობის უფლებაც დაიმსახურეთ... რატომ არ ითამაშეს "ოქროს ბიჭებმა" ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე?

- იმიტომ, რომ რუსებმა დამალეს ეს ამბავი! 1964 წლის დასაწყისში სსრკ-ის სპორტის კომიტეტს მიუღია დადგენილება - იმ სეზონის უძლიერეს გუნდს ჩემპიონთა თასზე თამაშის უფლება ეძლეოდა! მაგრამ რაკიღა ჩემპიონები ჩვენ გავხდით, რუსებს უთქვამთ, პირველ ევროთასზე ქართულ კლუბს ხომ არ გავუშვებთო და დადგენილება დაგვიმალეს... "დინამოს" მაშინდელმა თავკაცმა გავრილ კაჩალინმა ეს ამბავი მხოლოდ 1965 წლის გაზაფხულზე, სპორტის კომიტეტში სტუმრობისას შეიტყო. კაჩალინს ერთი უწმაწური სიტყვაც არასდროს წამოსცდებოდა, მოსკოვიდან დაბრუნებული კი გაცეცხლებული იყო და თავისიანებს რუსულად აგინებდა - თავხედები და შოვინისტები არიან, ისეთი რაღაც გაგვიკეთეს, მრცხვენია, რუსი რომ ვარო...

არადა, ისეთი გუნდი გვყავდა, ქართულ კვალს ჩემპიონთა თასზეც დავტოვებდით...

- რა თქმა უნდა! სამწუხაროდ, როცა ეს ამბავი შევიტყვეთ, უეფაში განაცხადის გაგზავნა უკვე დაგვიანებული იყო... არადა, ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, ევროპისა და მსოფლიო ნაკრებებში იწვევდნენ - მესხი, მეტრეველი, იამანიძე, ბარქაია, სიჭინავა და სხვები...

კუთხურიდან გატანილ თქვენს გოლებზე დღემდე ლეგენდები დადის... ასეთი დარტყმების დასახვეწად ბევრი ვარჯიში დაგჭირდებოდათ...

- როცა "დინამოში" ახალდანიშნულმა კაჩალინმა ნახა, როგორ ვასრულებდი კუთხურებს, მითხრა, - ილია, მე უნდა დამიჯეროო. ვარჯიშის შემდეგ ბაზაში მტოვებდა და არც თავად მიდიოდა, სანამ ორას კუთხურს არ ჩამოვაწვდიდი - ასს - მარჯვენა, ასს კი მარცხენა კუთხიდან! თამაშის დროს მეტოქის მეკარე ბევრჯერ მომიტყუებია - კუთხურიდან ახლო კუთხეში "მოვჭრიდი" ბურთს ერთხელ, მეორედ... ბუნებრივია, გოლკიპერი მესამედაც ახლო კუთხეში ელოდა და წინ გამოდიოდა, ამ დროს კი შორეულ კუთხეს დავუმიზნებდი და...

როგორც ვიცი, ამ მხრივ რეკორდსმენი ხართ! კუთხურიდან სულ რამდენი ბურთი გაქვთ გატანილი?

- 7 ან 8... რეკორდს რაც შეეხება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ არ გამიგია, სხვა რომელიმე ფეხბურთელს კუთხურიდან ამდენი ბურთი გაეტანოს... ბავშვობაში მსმენია, ბორის პაიჭაძემ კუთხურიდან გაიტანა გოლიო, მაგრამ ბორია თავად იცინოდა, ძლიერი ქარი უბერავდა და ის დამეხმარაო...

ბორის პაიჭაძეზე კიდევ რას გაიხსენებთ?

- საოცარი ფეხბურთელი იყო... "ფეხბურთის კარუზო" შეარქვეს და ამით ყველაფერია ნათქვამი! უზომოდ კეთილი, თბილი, პატიოსანი კაცი იყო...

"ოქროს სეზონში" სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანეთ, ორი წლის შემდეგ კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდით! ხომ არ გწყინდათ, ყველას მესხი და მეტრეველი რომ ეკერა პირზე, "დინამოს" სხვა ფეხბურთელები კი მათ "ჩრდილქვეშ" რჩებოდით?

- რას ბრძანებთ! მიშა და სლავა ჩემი მეგობრები იყვნენ, სულ ერთად ვიყავით და მათი წარმატება როგორ მეწყინებოდა?! მით უმეტეს, მართლაც მსოფლიო დონის ფეხბურთელები იყვნენ და როგორ შეიძლებოდა, ვინმეს მათზე წინ დავეყენებინე?! სხვათა შორის, სანამ სოჭის "სპარტაკში" და გორკის "ტორპედოში" იყო, სლავა მეტრეველს 10 ნომრის პოზიციაზე ათამაშებდნენ, მოსკოვის "ტორპედოში" კი ამ პოზიციაზე მსოფლიო დონის ფეხბურთელი - ივანოვი თამაშობდა და ახალგაზრდა, ყველასთვის უცნობი სლავა კონკურენციას ვერ გაუწევდა და მარჯვენა გარემარბად დააყენეს. "დინამოში" მოსულმა კაჩალინმა კი ფლანგზე მე გამამწესა, მეტრეველი ცენტრალურ თავდამსხმელად დააბრუნა და სლავა როგორც თამაშობდა, ყველამ იცის!

საქართველოს ნაკრების თამაშებს თუ ადევნებთ თვალს? რატომ ვერ თამაშობს ჩვენი ეროვნული გუნდი, აღარ გვყავს ნიჭიერი მოთამაშეები?

- დაღმართს აღმართი მოსდევს, ყველაფერი გამოსწორდება! რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ კაცში საფეხბურთო ნიჭი არასდროს დაიკარგება! თუ დღეს ყველაფერი ისე არ არის, ჩვენ რომ გვინდა, ეს არ ნიშნავს, რომ სულ ასე გაგრძელდება - მჯერა, სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება!