იტალიური გამოცემა Il Messaggero წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მაურიციო სარის ორჯერ სურდა - პირველად 2019 წელს, როცა „იუვენტუსის“ მწვრთნელი იყო, ხოლო მეორედ „ნაპოლიში“ ტრანსფერამდე, „ლაციოს“ შემადგენლობაში.
„ნაპოლის“ ახალი ქართველი ფენომენი ხვიჩა კვარაცხელია შეიძლებოდა იტალიაში 3 წლის წინ ჩამოსულიყო, სრულიად ახალბედა, ტურინში. 2019 წელს, მაურიციო სარიმ ის აღმოაჩინა, როდესაც ჯერ კიდევ „რუსთავს“ ეკუთვნოდა და კლუბის ხელმძღვანელობას დაავალა, რომ სასწრაფოდ ეყიდათ. დღეს ის ალეგრისთვის ძალიან ხელსაყრელი ფეხბურთელი იქნებოდა. სარის კიდევ ერთი მცდელობა კვარაცხელიას შესაძენად უკვე „ლაციოშიც“ ჰქონდა, მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ შეთანხმება მიღწეული ჰქონდა ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე, მსოფლიოს ჩემპიონის, კრისტიან ძაკარდოს შუამავლობით. უკრაინაში ომის დაწყებამ კი კრისტიანო ჯუნტოლი კიდევ უფრო დაარწმუნა, რომელმაც ის მხოლოდ 10 მილიონად იყიდა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.
გავიხსენოთ, რომ კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა აღიარა, რომ 2021 წელს ხვიჩა ახლოს იყო „იუვენტუსში“ ტრანსფერთან და სპორტულ დირქტორ ფაბიო პარატიჩისთან შეთანხმება მიღწეულიც იყო, მაგრამ შემდეგ პარატიჩი „იუვედან“ გაათავისუფლეს და ტურინულ გრანდთან გარიგება ჩაიშალა.