იტალიის ნაკრებისა და „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ შეაქო. „ფანტანტონიო“ ქართველს ძალიან ხშირად აქებს და მასზე დადებითად სასაუბროდ შანსს ხელიდან არ უშვებს.
ამჯერად კასანომ თქვა, რომ კვარაცხელიას „მანჩესტერ სიტიში“ ჯეკ გრილიშის ნაცვლად ცალი ფეხით თამაში შეუძლია.
„პირველ ტურებში შეიძლება იყო, მაგრამ ახლა სიურპრიზი აღარ არის. 21 წლისაა და პიროვნულად საოცრად მტკიცეა. ჩვენ ვსაუბრობთ ქართველზე, რომელიც სრულიად განსხვავებული ჩემპიონატიდან მოვიდა და არავინ იცნობდა, მათ შორის, მეც ძალიან ცოტა ან არაფერი ვიცოდი მასზე. წარმოუდგენელი სტაბილურობა აქვს: ყოველ თამაშში გოლიც და საგოლე პასიც. ის ჭკუიდან მშლის.
შთამბეჭდავად თამაშობს, ვიწრო და ღია სივრცეებში, ორივე ფეხით ძლიერია. ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს და გოლებსაც იტანს. „ნაპოლის“ პატივისცემის მიუხედავად, თუ ასე გააგრძელებს, მალე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში წავა, რადგან ამ დონის მოთამაშეა. კვარაცხელიას "მანჩესტერ სიტიში" შეუძლია გრილიშის ადგილზე ცალი ფეხით ითამაშოს, რადგან უფრო მეტი თვისებები და სათამაშო იდეები აქვს“, - აღნიშნა კასანომ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.