საქართველოში ხელფასები მატულობს და რეგიონში ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავე ხდება. ამ მხრივ უკეთესი ვითარებაა, ვიდრე თვით თურქეთშიც კი. თუმცა, მეორე მხარეა ის, რომ გაზრდილი შემოსავლები დასაქმებულთა ოჯახის მოთხოვნილებას ვერაფრით წვდება. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ამის მიზეზი ბოლო წლებში თავაშვებული ინფლაციაა, რომლის მოთოკვასაც საშველი არ დაადგა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა. 2022 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 541.3 ლარს შეადგენს, რაც ახლანდელი კურსით 550.5 აშშ დოლარია.
აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის სიდიდით აზერბაიჯანს და თურქეთსაც კი გავასწარით. გავუთანაბრდით სომხეთს და მხოლოდ რუსეთს ჩამოვრჩებით, რომელიც ამ პარამეტრის მიხედვით რეგიონში პირველ ადგილზეა.
რეგიონში ყველაზე მაღალი ხელფასები რუსეთშია. რუსეთის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის თანახმად, ქვეყანაში საშუალო ხელფასი, 2022 წლის ივლისის მონაცემებით, 62 200 რუბლია, ანუ თითქმის 998 აშშ დოლარი.
შემდეგ მოდის სომხეთი, სადაც წელს საშუალო ნომინალური ხელფასი თვეში 223 971 დრამს (554 აშშ დოლარი) შეადგენს.
თურქეთში 2022-ში საშუალო თვიური ხელფასი ქვეყანაში 10 000 ლირამდეა (538 აშშ დოლარი). ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი რეგიონში აზერბაიჯანშია - 731 მანათი (430 აშშ დოლარი).
„2022 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2021 წლის საშუალო დონესთან შედარებით გაიზარდა 46.9 ათასით (4.6%-ით), ხოლო საშუალო ანაზღაურება - ინფლაციაზე 1.7-ჯერ უფრო მაღალი ტემპით - 18.2 პროცენტით (1541.3 ლარამდე), რაც თვეზე გადაანგარიშებით დაქირავებით დასაქმებულების 72.3 მლნ ლარით მეტ შემოსავალს ნიშნავს. ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური წინსვლა ადეკვატურად აისახება მოსახლეობის შემოსავლების ზრდასა და კეთილდღეობის ამაღლებაში“, - აღნიშნა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.
რაც შეეხება მედიანურ ხელფასს საქართველოში (ანუ იმ რაოდენობის ანაზღაურებას, რომელსაც ყველაზე მეტი დასაქმებული იღებს ქვეყანაში), იგი საშუალო ხელფასის 69.0 პროცენტია, ანუ 900 ლარია. სამაგიეროდ, მისი ზრდის ტემპი საგრძნობლად უსწრებს საშუალო ხელფასის ზრდის ტემპს (შესაბამისად, 11.2% და 9.5%).
საბანკო და საფინანსო საკითხების ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ორ მონაცემს ერთმანეთს ადარებს და საჯარო და კერძო სექტორში ანაზღაურების სხვაობაზე საუბრობს.
„საშუალო ხელფასის გამოთვლის ორი ხერხიდან საშუალო არითმეტიკულითა და მედიანური მეთოდით, საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას; მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია და შესაბამისად, მედიანა საშუალოსთან შედარებით უფრო ობიექტური მნიშვნელობაა იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
კვლავ რჩება განსხვავება საშუალო თვიური ხელფასებს შორის სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში, რაც 26%-ს შეადგენს და მიუხედავად ბოლო 2 წლის მიხედვით სახელმწიფო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდისა, ერთ-ერთ ამოცანად სწორედ სახელმწიფო მოხელეთა ანაზღაურების ზრდა უნდა მივიჩნიოთ.
მართალია, დღეს მთავარ გამოწვევად, კვლავ ინფლაცია რჩება, თუმცა საერთაშორისო სასურსათო და საწვავის ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები იძლევა იმის ვარაუდს, რომ მომავალ წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად დაიკლებს და მეორე კვარტალში მიზნობრივ მაჩვენებელთან(3%) ახლოს იქნება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს, 2021-2026 წლებში მსოფლიო ბანკის შეფასებით ჩვენ გვექნება როგორც რეგიონში, ისე ევროპაში ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ზრდა, საშუალო ხელფასების ზრდის კარგი პოტენციალი გვაქვს. ამასთან მიმაჩნია, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - რამდენიმე წელიწადში საჯარო სექტორში არსებული ხელფასები უნდა დაეწიოს კერძო სექტორში არსებულ ხელფასებს, რაც ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კუთხით არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
„საქსტატის“ ახალი კვლევის მიხედვით 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 113.5 ლარით გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა, რაც, ასევე, მეტია წინაკრიზისული პერიოდის 2019 წლის მაჩვენებლზეც - 1129.5.