„მხსნელს ვერანაირად ვერ მოუგებს კეთილგანწყობა“

„მხსნელს ვერანაირად ვერ მოუგებს კეთილგანწყობა“

არასაპარლამენტო ოპოზიცია მსოფლიოს ცნობილი ბანის - პაატა ბურჭულაძისგან საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებაზე ოფიციალურ თანხმობას ელოდება. მიიღებს თუ არა პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, 9 ივლისს გახდება ცნობილი. თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ პაატა ბურჭულაძე, მაღალი ალბათობით, გახდება საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ისტორიაში ქართველ ხალხს პირველად ეყოლება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება გარედან შეთავაზებული და დანიშნული, არამედ იქნება ხალხის წიაღიდან არჩეული, თანაც, მას დიდი მხარდაჭერა ექნება ქართული ეკლესიის მრევლისგან.

ნაციონალები კი პაატა ბურჭულაძეს კონკურენციას ვერ გაუწევენ და საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილსაც ვერ მიიღებენ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის პროგნოზს თუ გავყვებით, ამ სქემის თანახმად, პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავა, მეორე ადგილს მარგველაშვილი დაიკავებს, ხოლო ნაციონალები პოლიტიკური კამარიდან თანდათან გაიკრიფებიან. იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდება, მაშინ ნაციონალები ამ საპრეზიდენტო არჩევნებიდანაც სარგებელს ნახავენ და სიცოცხლეს გაიხანგრძლივებენ. 

ცნობილია, რომ  ბიძინა ივანიშვილი საოპერო მომღერალსა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელს პაატა ბურჭულაძეს პირველად ოფიციალურად ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2012 წლის მაისში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის და პაატა ბურჭულაძე საუბრისას პოლიტიკის თემასაც შეეხნენ.

„მე და პაატა ვცდილობთ, პაატა დარჩეს აპოლიტიკური. მას არ აქვს სურვილი, რომ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და ეს ჩემთვის გასაგებია“, - განაცხადა მაშინ ივანიშვილმა.

ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს და საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, პაატა ბურჭულაძემ მის კანდიდატსაც წაართვას ხმები, თუმცა, თუ პაატა გადაწყვეტს პოლიტიკაში მოსვლას, ამას ბიძინა ივანიშვილი დადებითად აღიქვამს. ამის მიუხედავად, ივანიშვილი მარგველაშვილის კანდიდატურას ბოლომდე ენდობა და მის შეცვლას არ აპირებს. მეტიც, იგი აღნიშნავს, რომ მარგველაშვილს ყველა თვისება აქვს, რაც სჭირდება კარგ პრეზიდენტს. ამდენად, მარგველაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, გაცილებით მისაღებია პრემიერისთვის. ამიტომ იგი არ ფიქრობს, რომ მარგველაშვილს ღირსეული კონკურენტი ეყოლება. მისი აზრით, ვერც პაატა ბურჭულაძე მოახერხებს მარგველაშვილის მოგებას და ღირსეულ ოპონირებას.

პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო კანდიდატად შესაძლო დასახელებას თავისი ახსნა მოუძებნა შალვა ნათელაშვილმა და ასე ჩათვალა, რომ ზოგიერთებს სურვილი აქვთ, „თავო ჩემოთი“ გაასვენოს ცნობილმა სოპრანომ თუ ბანმა. მისი აზრით, სირცხვილია, როდესაც პოლიტიკურ პარტიას აქვს პრეტენზია ლიდერობაზე, რაღაცის გაკეთებაზე და ამ დროს კანდიდატებს ეძებს არა პოლიტიკიდან, არამედ - ოპერიდან, თეატრიდან და სპორტიდან.

For.ge დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუკი პაატა ბურჭულაძე არასაპარლამენტო ოპოზიციის შეთავაზებას დათანხმდება, რას მიაღწევენ ისინი ცნობილი ბანის პოლიტიკურ სარბიელზე გამოყვანით და ხომ არ გაუყოფს ეს კანდიდატურა ხმებს „ქართული ოცნების“ რჩეულს?! გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერი დიდ პატივს სცემს პაატა ბურჭულაძის სასცენო ტალანტს, ეს პატივისცემა განივრცობა თუ არა მასზე, როგორც მომავალ პოლიტიკოსზე, ისევე, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში მოხდა, როცა იგი მოულოდნელად ბიზნესიდან აღმოჩნდა პოლიტიკაში?! და კიდევ ერთი, გიორგი მარგველაშვილისადმი სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, იგი ჩაითვლება თუ არა უალტერნატივოდ იმ თვალსაზრისით, რომ მის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას?!  

პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ რეალურად, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში გამოჩენა დიდ გავლენას ვერ მოახდენს პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობაზე, ან საპრეზიდენტო კანდიდატებზე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „ოცნების“ კანდიდატი - გიორგი მარგველაშვილი არ აღიქმება ცალკე საპრეზიდენტო კანდიდატად, არამედ ეს არის ტანდემი მარგველაშვილ-ივანიშვილისა.

ექსპერტი ფიქრობს, რომ მიუხედავად პაატა ბურჭულაძის პოპულარობისა, ეს პოპულარობა სრულიად სხვა მიმართულებითაა და მისგან პოლიტიკური განცხადებები არც ისე ხშირად მოუსმენია საზოგადოებას. ამიტომ, ეს ძალთა თანაფარდობას ვერ შეცვლის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა ძალთა თანაფარდობა შესაძლოა შეცვალოს ოპოზიციაში, რაც საინტერესო იქნება.

„გეთანხმებით, თავის დროზე, ივანიშვილსაც არ გაუკეთებია განცხადებები პოლიტიკაში მოსვლამდე, მაგრამ 2011 წელს, საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, ეს ადამიანები არ იყვნენ თანაზომადი ფიგურები. მოსახლეობის თვალში ივანიშვილი არის მხსნელი, პაატა ბურჭულაძისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება კი ზოგადად კეთილგანწყობილია. ამიტომ, ეს ორი ფსიქოტიპი ერთმანეთთან არათანაბარია და მხსნელს ვერანაირად ვერ მოუგებს კეთილგანწყობა. როდესაც ადამიანი იღუპება, მას ხსნა სჭირდება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან საუბარში. 

ამის მიუხედავად, ექსპერტის აზრით, თუ პაატა ბურჭულაძემ საკუთარი კანდიდატურა დაასახელა, დიდია იმის შანსი, რომ ის მეორე ადგილზე გავა არჩევნებში. მეტიც, შესაძლოა, ოქტომბრის ბოლომდე სიტუაცია კიდევ შეიცვალოს, შესაძლოა, ბურჭულაძის გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე შესაძლებელი გახადოს მეორე ტურის ალბათობა, რაც კიდევ უფრო კარგი იქნება ქვეყნის ინტერესებისა და ჩვენი პოლიტიკური სივრცისთვის. თუმცა, ვიდრე ის დათანხმდება პრეზიდენტობას, ექსპერტი ფიქრობს, რომ გარკვეული კონსულტაციები ნამდვილად გაიმართება დახურულ ფორმატში.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ჩვენთან საუბარში ნაადრევად მიიჩნევს პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო შესაძლებლობის შესახებ მსჯელობას, რადგან ცნობილ მომღერალს საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ დაუსახელებია. 

ამასთან, ლევან ბერძენიშვილი არასწორად მიიჩნევს საზოგადოების ნაწილის განწყობას  იმის შესახებ, თითქოს, ამომრჩეველი მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილის ხათრით მისცემს ხმას. დეპუტატის აზრით, მარგველაშვილი საკუთარ ხმებს მიიღებს და ეს შეიძლება არ იყოს იმდენი ხმა, რამდენსაც მიიღებდა ივანიშვილი, მაგრამ ეს იქნება სოლიდური გამარჯვება, დაახლოებით ისეთი, როცა ბრაზილიამ დაამარცხა ესპანეთი.

„პრაიმერი რისთვის დასჭირდათ, არ ვიცი, რადგან ყველამ იცის, რომ დავით ბაქრაძე იქნება ნაციონალების კანდიდატი. არ ვიცნობ არცერთ ქართველს, ბიძინა ივანიშვილის გარდა, რომელიც არ იყო პოლიტიკაში და მაინც პოპულარული გახლდათ. არც მსახიობს ვიცნობ ასეთს, არც მომღერალს და არც - ფეხბურთელს. ამიტომ, ვინმეს პოვნის შანსი ძალიან დაბალია. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ჩემი აზრით, არც უნდა იყოს მჭიდროდ მიბმული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ამიტომ არ არის მართალი, ნებისმიერს აირჩევდა ხალხი, ოღონდ კი ივანიშვილს დაესახელებინა. ასე არასდროს ხდებოდა პოლიტიკაში. ამასობაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი განუხრელად ეცემა, რადგან ხალხმა დაინახა, როგორ რეჟიმთან გვქონდა საქმე. ამის მიუხედავად, ნაცმოძრაობის კანდიდატს მეორე ადგილზე გასვლის შანსი ექნება. თუმცა ყველაფერი პირველსავე ტურში დამთავრდება მარგველაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.