„ნურავინ იფიქრებს, რომ პროცესებს გამოვეცლები და ასარევად დავტოვებ“

„ნურავინ იფიქრებს, რომ პროცესებს გამოვეცლები და ასარევად დავტოვებ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად, მან საპრეზიდენტო არჩევნებზე და მასში პაატა ბურჭულაძის შესაძლო მონაწილეობაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილს ვერც პაატა ბურჭულაძე გაუწევს კონკურენციას.

„ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში. თუ ბატონი პაატა ამას გადაწყვეტს, ძალიან კარგია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მარგველაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, გაცილებით მისაღებია. ვინც მარგველაშვილს იცნობს, იტყვის, რომ ის მისაღებია არამარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ნებისმიერი ქვეყნისთვის. მე ვფიქრობ, რომ ვერც პაატა გაუწევს მას კონკურენციას, თუმცა ეს საზოგადოების გადასაწყვეტია და ყველა პიროვნება წყვეტს თავის სურვილებს“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი.

იგი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკიდან წავა, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ დაახლოებით 20 წელი კიდევ შეუძლია ქვეყანას სარგებელი მოუტანოს. მისი თქმით, სრულად იღებს პასუხისმგებლობას მიუხედავად იმისა, თუ სად იქნება. ამასთანავე, ივანიშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში არმყოფი ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნება, თუმცა მან ჟურნალისტებს მოუწოდა, ამ თემის აჟიტირება და მასზე ზედმეტად ყურადღების გამახვილება არ მოახდინონ.

„მე არსად წასვლას არ ვაპირებ ქვეყნიდან. მე პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და ნურავინ იფიქრებს, რომ პროცესებს, რომელიც დალაგებისკენ მიდის, მე გამოვეცლები და დასაშლელად და ასარევად დავტოვებ. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ოქტომბერში ვთქვი, ერთი ერთზე სრულდება. ყველა ორიენტირი, რაზეც ვთქვი, რომ ასრულებადია - ხდება. დღესაც მიმაჩნია, რომ მე კარგად ვხედავ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მე მოვახერეხებ წასვლის წინ საზოგადოებას, მედიას, ჩემი გუნდის წევრებს, ყველას გავცე პასუხი ყველა კითხვაზე, რაც გაჩნდება. ჩემი წასვლით არაფერი დაზარალდება. მე მოვახერხებ და საკმარისი დროით ადრე, განვუმარტავ ყველას წასვლის მიზეზებს. თუ ამას ვერ ავხსნი, მაშინ არსად წავალ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკიდან მისი წასვლის დროისთვის, სახელმწიფო სისტემა თვითკონტროლირებადი იქნება და აღარ იქნება პიროვნებებზე დამოკიდებული. ამასთანავე, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, რომ ქვეყანა არაფორმალურად მან მართოს. იგი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებით უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საქართველოს და მხოლოდ ასე ჩაერევა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან იმ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორის მოვალეობის შემსრულებლებს პრემიერი დანიშნავს, ბიძინა ივანიშვილი არაკორექტულს უწოდებს მისი გუნდის წევრების მიერ ამ საკითხზე გამოთქმულ კრიტიკას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, კანონპროექტიდან ეს ნორმა ამოღებულ იქნას.

„ეს იყო დროებით დანიშვნა არჩევნების გასამზადებლად და არა მუდმივი. ეს იყო ნორმალური და მე ვფიქრობ, გუნდის ბევრ წევრს არც წაუკითხავს იქ რა ეწერა და ისე მოისურვეს თავის გამოჩენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კრიტიკას ანგარიში მაქსიმალურად გავუწიეთ და მე მგონი ეს პუნქტი საერთოდ ამოღებული იქნება“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, როგორიც არის მაგალითად ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი მეპატრონეების მის დასაბრუნებლად დავა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დაკავების საქმეები, ამ საკითხებზე პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩარევას არ აპირებს და ყველა ეს საკითხი მხოლოდ სამართლებრივი გზით გადაწყდება. მან ასევე ხაზი გაუსვა მერიის მაღალჩინოსნების დაკავებას და აღნიშნა, რომ თავად მათი დაკავების დრო ხელისუფლებისთვის არახელსაყრელი იყო, რადგან საქართველოში ნატოს დელეგაცია იმყოფებოდა, მაგრამ ივანიშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი ერთი კაცის მიერ აღარ იმართება და სამართალდამცავი ორგანოები დამოუკიდებლად ღებულობენ გადაწყვეტილებებს.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებულ დარღვევებზე მიიღო ინფორმაცია, თავიდან სურდა პროკურატურისთვის ეთხოვა, ამაზე რეაგირება არ მომხდარიყო (იმდენად მტკივნეულია მისთვის სოფლის მეურნეობის თემა), მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ეს ცუდი პრეცენდენტი იქნებოდა და ამიტომ, საერთოდ არ ჩარეულა ამ საქმეში.

ბიძინა ივანიშვილმა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი შამბას განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, შამბამ განაცხადა, რომ აფხაზები აფხაზეთის გავლით რუსეთ - საქართველოს რკინიგზის აღდგენის მომხრეები იქნებიან. ივანიშვილი ამბობს, რომ რკინიგზა აუცილებად უნდა გაიხსნას და წუხილს გამოთქვამს, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთ საკითხებში დიდ როლს პოლიტიკა თამაშობს. პრემიერის თქმით, ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილეს იჩენს, რადგან ბევრი კითხვები არსებობს, როგორც აფხაზეთის, ასევე რუსეთის მიმართ, თუმცა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემებს საქართველოს ხელისუფლება მოაგვარებს და რკინიგზის აღდგენასაც მოახერხებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაზეც ისაუბრა. მან ამ მხრივ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მმართველი გუნდისადმი გამოთქმული შენიშვნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფულის ჩადებით არ იმართება. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ეკონომიკის არაფერი გაეგება.

„პირველი წარმატება, რაც ჩვენ მოგვწონს ევროპელების თუ ამერიკელების, ეს არის, რომ ბაზარი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი და ქმედითი და არც ერთი ჩინოვნიკი ეკონომიკაში არ უნდა ერეოდეს. ის, რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, ეკონომიკის განვითარებასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის. პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ის, რომ ხელს ვუწყობთ ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და ამ პროცესებს გავაგრძელებთ, ეს არის მთავარი. სააკაშვილს ჰგონია, რომ მან და მთავრობამ უნდა ააშენოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ხელისუფლების ნიშა და ადგილი ეკონომიკაში გახლავთ, რომ კანონები დახვეწოს და განავითაროს ინფრასტრუქტურა“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილის თქმით, მისი ხელისუფლების პირობებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გაცილებით მეტი თანხები დაიხარჯება, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტები გვიან დაიწყეს. პრემიერის განმარტებით, ამ სფეროში შეფერხება გამოწვეული იყო იმით, რომ ბევრი პროექტი იყო შესაჩერებელი, რადგან ტენდერები არასწორად იყო განაწილებული.

ივანიშვილმა მის ისრაელში ვიზიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ებრაელ ხალხს განსაკუთრებულ პატივს სცემს, რადგან ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. მისი თქმით, სურს, რომ საქართველოში ებრაული ინვესტიციები განხორციელდეს, რა მიმართულებითაც თავად პრემიერი პირად კონტაქტებსაც იყენებს.

პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ სოფელ სამთაწყაროში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებასაც შეეხო და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, ვინც სხვის რელიგიურ თავისუფლებას შეზღუდავს, მკაცრად დაისჯება. ივანიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს დაპირისპირებული მხარეები მოარიგოს და სამთაწყაროს მოსახლეობა დაარწმუნოს, რელიგიურ უმცირესობებს ლოცვის აღვლენის საშუალება მისცენ, ხოლო თუ ეს არ მოხერხდება, საქმეში უკვე კანონი ჩაერევა.

ივანიშვილი ნატოს გენერალური მდივნის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქართველი ჯარისკაცების ISAF-ის მისიაში მონაწილეობა საქართველოსთვის ნატო-ში ბილეთი არ არის. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროები საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ და საქართველომ უნდა იამაყოს, რომ მისი ჯარისკაცები ნატო-ს წევრ დიდ ქვეყნებთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობენ.

„ნურავის ჰგონია, რომ ეს სჭირდება მხოლოდ მათ და არა ჩვენ, ან მხოლოდ ნატო-ში შესვლისთვის ვაკეთებთ ამას. რა თქმა უნდა, სწორი თქვა გენერალურმა მდივანმა, რომ ეს არ არის პირდაპირ კავშირში ჩვენს ნატო-ში გაწევრიანებასთან, თუმცა რაღაც კავშირში არის, რამეთუ წვრთნების და კარგი პრაქტიკის მიღებას ვახერხებთ. ნატო-ს აქვს თავისი სტანდარტები, რომლის დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ის სამხედრო-პოლიტიკურია“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მან საქართველო - რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში რუსი სამხედროების მიერ ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები ახლა არ დაწყებულა, ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, მაგრამ მაშინ უბრალოდ ეს არ ხმაურდებოდა. ახალმა ხელისუფლებამ კი მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა და მომხდარის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებასაც შეატყობინა.

ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ რუსეთზე არ არის დამოკიდებული. პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე საინტერესო და ყველაზე მძიმე რუსეთთან ურთიერთობაა და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, კერძოდ, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია შევიდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება.

„ყველაზე დიდი მინიშნება ჩემთვის ის იყო, რომ არსებობს ტერიტორია, არსებობს ხალხი და მინიშნება იყო ჩვენს ძმებზე - აფხაზებსა და ოსებზე, რომ ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემები. მე ეს მინიშნება აბსოლუტურად კარგად გავიგე და აბსოლუტურად ვეთანხმები. თქვენც ნუ გგონიათ, რომ პრობლემა მარტო რუსეთის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს დიდი როლი, მაგრამ არანაკლებ მნიშველოვანია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ტერიტორიებზე და მის დაბრუნებაზე ვიფიქროთ, არამედ ვიფიქროთ ადამიანებზე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი ძმების იმაში დარწმუნება, რომ ჩვენი თანაცხოვრება უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი.

მან ციხეებში ადამიანების წამების ბრალდებით გასამართლებულ პირებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. როდესაც ივანიშვილმა ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ ამ ადამიანებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, განაცხადა - „პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან თუ დამტკიცებულია, რომ კონკრეტულ პიროვნებას წამებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და მასთან საპროცესო შეთანხება დაიდო, ეს ასე არ უნდა იყოს, ამით დავინტერესედები“.

ჟურნალისტების კითხვაზე ქუთაისის მმართველობაში არსებული პრობლემების შესახებ თუ არის პრემიერი საქმის კურსში, ივანიშვილი პასუხობს, რომ იცის ამის შესახებ, მაგრამ ამ პროცესებში არ ერევა. ამასთანავე, იგი საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ არ უნდა დავივიწყოთ, ნაციონალებიც ქართული საზოგადოების წევრები რომ არიან და რაიმე გამყოფი ხაზები არ უნდა გაივლოს.

ბიძინა ივანიშვილმა საინვესტიციო ფონდის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფონდის კაპიტალი შესაძლოა 10 მილიარდამდე ავიდეს და ამაში პრემიერიც საკუთარი კაპიტალით მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა 60 მლნ ჯდება, თუმცა იგივე თანხით ახალი აეროპორტის აშენებაც შეიძლება და თუკი ამ პრობლემას „ტავ ჯორჯია“ მოახერხებს (რომელიც თბილისის აეროპორტს მართავს), ამას პრემიერი მიესალმება, თუ არადა იგი გარკვეულ ალტერნატივებს ამზადებს.

პრემიერ-მინისტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ პროცესის მიმართ თავად მმართველ გუნდშიც არსებობს კითხვები, მაგრამ არჩევნები მოსამართლეებმა ჩაატარეს და ეს იყო მათი თავისუფალი არჩევანი, რაში ჩარევაც ხელისუფლებას არ სურს.

„ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრმა შენიშვნები გამოთქვა, რაც, ჩემი აზრით, არაკორექტული იყო. არჩევნები ისეთი იყო, როგორიც იყო. ვერც სასამართლო, ვერც მთავრობა და ვერც სხვა შემადგენელი ნაწილი ჩვენი საზოგადოების ვერ იქნება იდეალური. დღეს არაა იდეალური, მაგრამ არის უკეთესი. სასამართლოსთან დაკავშირებით მთავარი და გადამწყვეტი იქნება ის ნება, რომელიც არსებობს დღეს ხელისუფლებაში, რომ არც ვიფიქროთ და არც გავბედოთ ჩავერიოთ სასამართლოს უფლებებში და არ დავიწყოთ ამ მიმართულებით ქმედებები. ეს საზოგადოებისთვის შესამჩნევი იქნება“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მან სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ ვიდეო-ჩანაწერებზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ შეუძლებელია ამ ფაქტების შესახებ ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს არ სცოდნოდათ. მისი თქმით, ეს არის მისი, როგორც მოქალაქის აზრი და არა როგორც პრემიერ-მინისტრის, რადგან ამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება. ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ თითოეული მსგავსი ჩანაწერის გაკეთებას შესაბამისი შტატი და 3-5 ათასი ლარი სჭირდებოდა. ამდენად, ეს თანხა ჩანაწერების რაოდენობაზე (12 888) რომ გამრავლდეს, გამოდის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ყველაფერზე მილიონობით ლარი იხარჯებოდა და ამიტომაც წარმოუდგენელია, რომ ამის შესახებ მერაბიშვილს და სააკაშვილს ინფორმაცია არ ჰქონოდათ.

ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლის კითხვაზე, რატომ შეწყდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა, უპასუხა, რომ მშენებლობა არათუ არ შეჩერებულა, არამედ დაჩქარებულიც კი არის.

„მსგავსი კითხვა აქვს სააკაშვილსაც. ის ამბობს, რომ გავაჩერეთ და მე პირადად გავაჩერე ეს რკინიგზა და ჩამოვშალე ეკონომიკა. მსგავსი არაფერი ხდება. ყარსის რკინიგზის მშენებლობას აზერბაიჯანული კომპანიები ახორციელებენ. ჩვენ ახალი მენეჯმენტის დანიშვნის შემდეგ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ეს პროცესები გააქტიურდა. თუ ნახავთ, იქ ამდენი ტექნიკა არასდროს ყოფილა და პირიქით, დაჩქარებულია სამუშაოები. არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ მცდელობები გვაქვს, რეგიონული პროექტების მშენებლობას ხელი შევუშალოთ. პირიქით, დიდი სწრაფვა გვაქვს, რომ ასეთი პროექტები რაც შეიძლება მეტი იყოს“, - აღნიშნა პრემიერმა.

მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩამოვიდეს, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ მისი დიდი სურვილია, პუტინს შეხვდეს, მაგრამ საამისოდ შესაბამისი სიტუაცია უნდა შეიქმნას.

„ამაზე პასუხის გაცემა, ალბათ, ძალიან რთულია. ჩვენი უნდა მივიყვანოთ მდგომარეობა ისეთ დონემდე, რომ შეხვედრა მოხდეს. ჩემი დიდი სურვილია ეს, მაგრამ ამისთვის სიტუაცია უნდა შეიქმნას. დღევანდელი სიტუაცია, მე მგონი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ შეხვედრაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.