ბიზნესი უკვე გამუდმებით საუბრობს კვალიფიციური კადრების დეფიციტზე. ამ პრობლემას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, განსაკუთრებით, კვალიფიკაციის დაბალი დონე. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობას საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვს და სწორედ ამიტომ, თითქმის ყველას უცხოეთისკენ უჭირავს თვალი.
ახლა ბიზნესისთვის ვითარება იმდენად მწვავედ დგას, რომ კერძო სექტორმა საკითხი მთავრობასთან განიხილა. შეხვედრაზე, რომელიც ორიოდე დღის წინ მთავრობასა და ბიზნეს შორის შედგა, კერძო სექტორმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს კვალიფიციური სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტია.
„ბიზნეს ასოციაციის მოსაზრება იყო, რომ დღეს საკმარისი მუშახელი არ არის, მათ შორის კვალიფიციური კადრები. საუბარია იმაზე, რომ დასაქმებულთა უნარები უნდა გაიზარდოს და ეს როგორ მოხდეს, სწორედ ამაზე ვმსჯელობთ. ჩვენ კერძო სექტორთან მუდმივი დიალოგი და კომუნიკაცია გვაქვს. სამინისტრო მშენებლობის მიმართულებით პოლიტიკას აყალიბებს, მუდმივი კავშირი და კომუნიკაცია გვაქვს. საქართველოდან წასული მოქალაქეები, რომლებმაც კვალიფიკაცია იგივე სამშენებლო სექტორში სხვადასხვა ქვეყანაში შეიძინეს, დღეს ბრუნდებიან იმიტომ, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ამ დარგში ხელფასები. თუმცა, ჩვენ პრობლემებს თვალს ვუსწორებთ, რომელიც ბევრია.
კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ჩვენი ბიზნესი წლებია განიცდის და საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ეს არის. სწორედ ამიტომ, განათლების კომპლექსურ რეფორმას, რომელიც ქვეყანაში დაიწყო, ძალიან დიდი აქცენტი აქვს პროფესიულ განათლებისა და უფრო პრაქტიკული უნარების განვითარებისკენ მიმართული, რაც კერძო სექტორს სჭირდება“, - განაცხადა ეკონომიკის მინიტრმა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კიდევ გაიმართება, რომელზეც სამუშაო ძალის ნაკლებობაზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.
ბოლო პერიოდის არსებული სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს პრობლემის სიმწვავე. ქვეყანაში უამრავი სამუშაო ადგილია და ბიზნესი კადრებს გამუდმებით ეძებს, მაგრამ დასაქმება ისეთი მასობრივი არ არის და არც ვაკანსიების ოდენობას შეესაბამება. მაგალითად, ჯერ მარტო 2022 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით „ჯობს.გე“-ზე 39 984 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მარტ-აგვისტოში ჯამში 11 757 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები -შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 64%-ით არის გაზრდილი.
კომპანია „არქის“ დამფუძნებლის ილია წულაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორში სამუშაო ძალის ხელფასი გაიზარდა, მიწოდება მოთხოვნას მაინც ვერ აკმაყოფილებს.
როგორც მან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისა და პრემიერის მინისტრის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეკონომიკის და სხვა მინისტრებმა საკითხი დააყენეს, რომ ამ მიმართულებებით სპეციალისტების გადამზადება მოხდეს.
„პრობლემაა განსაკუთრებით „რითეილ“ სექტორში და სამშენებლო სფეროში კადრების დეფიციტი. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გამო საკმაოდ მაღალია აქტივობა, როგორც „რითეილ“ სექტორში ისე მშენებლობაში, მაგრამ სამუშაო ძალის დეფიციტია. ხელფასების ზრდის მიუხედავად, მუშახელი მაინც არ არის. ეკონომიკის და სხვა მინისტრებმაც დააყენეს საკითხი და მუშაობენ, რომ ამ მიმართულებებით სპეციალისტების გადამზადება მოხდეს“, - განაცხადა წულაიამ.
პრობლემის სიმწვავეზე აკეთებს აქცენტს ბიზნეს ასოციციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძეც. ის დაბალი ანაზღაურების და დაბალი კვალიფიკაციის საკითხს ერთობლივ ჭრილში განიხილავს.
„ბაზარზე არის მოთხოვნა, იმავდროულად, არის ქმედითი სამუშაო ძალაც, თუმცა ვერ აკმაყოფილებენ კვალიფიკაციას. ეს სერიოზული პრობლემაა და ბევრ ფაქტორს უკავშირდება, რაც ძალიან მტკივნეულია ყველასთვის. ვხედავთ, რომ კომპანიებს გამუდმებით აქვთ კვალიფიციური კადრების დეფიციტი, მეორე მხრივ, ქვეყანაში არის უმუშევრობის მაღალი დონე. როდესაც არის მოთხოვნა-მიწოდების დარღვევა, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან აქტიურობა, მათ შორის, ბიზნესის მოთხოვნილებების კარგად დანახვა და შესაბამისად, ამ ტიპის კადრების მომზადება-გადამზადება.
სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, მოძებნოს წონასწორობის წერტილი და გააჩინოს დამატებითი სტიმული ადამიანებში. დღესდღეობით, ყველაზე დიდი პრობლემა პროფესიულ განათლებაში გვაქვს. ქვეყანაში არის სტერეოტიპი, რომ მხოლოდ შეუმდგარი ადამიანები აბარებენ პროფესიულ სასწავლებელში. პროფესია ის კი არ არის, რამდენი დიპლომი გიდევს შინ, ისაა, რაც ხეირს განახებს და შემოსავალს გაგიჩენს.
ჩვენთან ადამიანებს პროფესიის აღქმა არასწორად აქვთ განვითარებული და ჰგონიათ, რაც დიპლომში უწერიათ, იმ პროფესიისანი არიან. სხვა ქვეყნებში, პროფესიულ სასწავლებლებში, სამი-ოთხჯერ მეტი ადამიანი იღებს განათლებას, ვიდრე უმაღლეს სასწავლებლებში, შესაბამისად, მათ აქვთ ცხოვრების ის დონე, რაც აქვთ და ჩვენ გვყავს ორ-სამ დიპლომიანები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ.
მოგეხსენებათ, უმაღლესი განათლება ოთხწლიანია, სადაც ისწავლება ზოგადი საგნებიც, ეს არის ბოლონიის პროცესი და თავისი სტანდარტები აქვს. რეალურად, რომ დააკვირდეთ პროფესიულ საგნებს, რაც შემდგომ ადამიანს სამუშაოდ სჭირდება, ორ წელში ისწავლება, დანარჩენი ორი წელი ზოგადია.
არ არის აუცილებელი, ყველას დიპლომი ჰქონდეს. უნდა მოხდეს სპეციალიზებული განათლების შემოტანა უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა სწავლების ვადა ოთხიდან ორ წლამდე შემცირდება. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს ის ცოდნა, რაც კონკრეტულად მის პროფესიაშია აუცილებელი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ..