იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე:

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "გოლებს ცალი ფეხითაც იტანს, შეუძლებელია არ გიყვარდეს"

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „აიაქსთან“ მოგებულ მატჩში (6:1) გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. იტალიურმა მედიამ მისი თამაში ძალიან პოზიტიურად შეაფასა, რაც ლოგიკური და ბუნებრივია:

Corriere Dello Sport 8 ქულა: „გუნდს ყოველთვის ეხმარება, როგორც მწვრთნელს სურდა, დანარჩენი კვარას სტილში იყო: აქტიურობს, კაპიტანს საგოლე პასი გაუკეთა, ტადიჩი და სხვა მეტოქეები ჯარიმებით ავიწროებენ. და ის? იტანჯება, ბრაზდება და ჩემპიონთა ლიგაზე პირველ გოლს პრაქტიკულად ცალი ფეხით იტანს, შემდეგ კი ცვლილებას ითხოვს. გმირივით“.

Calcionapoli1926 8 ქულა: „ პრაქტიკულად შეუჩერებელი: გოლებს ცალი ფეხითაც იტანს, მეტის თქმა ზედმეტია. მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა“.

Eurosport 8 ქულა: „მშვიდად დაიწყო, მერე როცა მეტოქეები უხეშობას იწყებენ, მთელ თავის პოტენციალს აფრქვევს. რასპადორისთან კომბინაციით ანგარიში 5:1 გახადა, როცა მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვა. საგოლე პასიც უნაკლო იყო“.

Calciomercato 7.5 ქულა: „რენში იოლ ცხოვრებას არ აძლევს, მაგრამ თავისი თვისებებით მოახერხა მეურვეობისგან თავის დაღწევა და რამდენჯერმე სახიფათო მომენტი შექმნა. დი ლორენცოს საგოლე პასი გაუკეთა, მერე კი დიდებული კლასით „აძურის“ მეხუთე გოლი გაიტანა“.

Corriere Della Sera 7 ქულა: „თავიდან გაუჭირდა რენშის მკაცრი მეურვეობის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც ეფექტურია. მას კოჭში ძლიერად ჩაარტყეს, მაგრამ კვალი მაინც დატოვა რასპადორისთან შესანიშნავი კომბინაციით“.

La Repubblica 7.5 ქულა: „ჩემპიონთა ლიგაზეც გახსნა გოლების ანგარიში და დი ლორენცოს საგოლე პასი გაუკეთა“.

Il Napolista 10 ქულა: „კვარას თამაში მისთვის ჩვეული იყო. ერთადერთი ნაკლი 31-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც რასპადორის პასი არ გაუკეთა, მაგრამ სწორედ ამ მომენტმა გამოიწვია მასში ბრაზი და ეს ეპიზოდი უნდა ვაპატიოთ. ჩვენ მისი თამაშისგან მაინც ორ მომენტს გამოვარჩევთ: პირველი, როცა ტადიჩს დაუძახა და აჩვენებდა, როგორ დააზიანა სერბმა მისი თანაგუნდელი, თითქოს ეუბნება, მოდი, მოდი შეხედე იდიოტო, რა გააკეთე! და მეორე, როდესაც ის სათადარიგო სკამზე იყო და ტადიჩმა ელმასს ჩაარტყა, კვარა ფეხზე წამოდგა და ეპიზოდს დემონივით აპროტესტებდა. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი არ გიყვარდეს?“

კვარაცხელიას თამაშს ჩემპიონთა ლიგის სოციალური ქსელის გვერდი ასე გამოეხმაურა: „კვარადონა (საქართველოს დროშით)“, ხოლო „ნაპოლის“ ფეისბუქზე კიდევ უფრო ამაღელვებელი მესიჯია: „ვან გოგი? არა, კვარავაჯო“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგაზე კვარას შედეგი ასეთია: 3 მატჩი, 1 გოლი, 2 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი.