საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა ვერ ახერხებს მოსახლეობის ზრდისა და განაშენიანების ტემპს ფეხი აუწყოს. სასწავლო და სამუშაო წლის დაწყებასთან ერთად თბილისში პარალიზებულია ავტოსაგზაო მოძრაობა და ეს ხდება არა მხოლოდ პიკის საათებში, დღის განმავლობაში საცობების კერაა დედაქალაქის ყველა სტრატეგიულ სატრანსპორტო კვანძზე - სააკაძისა და გმირთა მოედნებზე, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე, 26 მაისის მოედანზე. დედაქალაქის მერი ადასტურებს, რომ საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარეობს.
თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საგზაო სამეცნიერო- კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის გენერალური დირექტორი თამაზ შილაკაძე for.ge-სთან საუბრისას იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას განტვირთავდა.
მისი მოსაზრებით, პირველ რიგში, თბილისის დასაწყისიდან თბილისის ბოლომდე საჭიროა მტკვარზე გაკეთდეს საორიენტაციოდ 9-11 ხიდი. მეორე, უნდა გაკეთდეს კვანძები თამარაშვილის და ვაჟა-ფშაველას შუა გადაკვეთაზე, რისი მონახაზიც არსებობს და ახლა საჭიროა ამის დაპროექტება და განხორციელება. კერძოდ, კვანძი საჭიროა იმისთვის, რომ გზების ორ დონეზე იყოს გადაკვეთა, ქალაქში არის 4-5 ადგილი, სადაც უნდა გაკეთდეს ორ დონეზე კვანძი.
თამაზ შილაკაძეს აუცილებლად მიაჩნია, ასევე, საფეხმავლო გვირაბების მოწყობა.
„ახლა რომ გაკეთდა საფეხმავლო გვირაბი რკინიგზის ქვეშ, ისნის რაიონში, ძალიან ლამაზი გამოვიდა. მივესალმები მერიის და ისნის გამგეობის ამ ინიციატივას, რადგან ბავშვები წინათ რკინიგზაზე ფეხით გადადიოდნენ სკოლაში წასასვლელად, ახლა კი ამ მიწისქვეშა გვირაბით ისარგებლებენ. პარალელურად, კიდევ 6-7 ადგილას არის გასაკეთებელი ასეთი საფეხმავლო ხიდი მთელ სიგრძეზე, ზაჰესამდე. ასეთი ღონისძიებები აუცილებელია ქალაქში მოძრაობის გასახსნელად“, - აღნიშნა თამაზ შილაკაძემ.
მანვე განმარტა, რომ თბილისში ავტომობილების შეზღუდვა არ იქნება სწორი, პირიქით, უნდა გავხსნათ მოძრაობა, დამატებითი ზოლების შექმნაა საჭირო, გზაჯვარედინებზე შეიძლება ზოგან საჭირო გახდეს ორდონიანი მოძრაობაც, რადგან ტრანსპორტს რამდენადაც შეზღუდავ, იმდენად ართულებ მოძრაობას. რაც მთავარია, მაგისტრალური ტრანსპორტი, რომელსაც შეუძლია გაიაროს შემოვლით გზაზე და არა მაინცდამაინც დედაქალაქში, აჯობებს, თბილისში არ შემოვიდეს.
„ძალიან აქტიურად არის დღეს ქალაქის მერი ჩართული საგზაო სისტემის მოგვარებაში. რამდენიმე წელია, ვამბობ, რომ უნდა გაკეთდეს ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ქსელი ქალაქში, სადაც ჩაჯდება არსებული გზები და უკვე არსებული გზების კორექტირება მოხდება. ეჭვი არ მეპარება, ამას შეძლებს თბილისის მერია, კახა კალაძე ძალიან ენერგიულია, ბენდელიანია ამ საქმეში ჩართული, მაგრამ თუ ჩვენს ხედვას გაიზიარებენ, კარგი იქნება. არა უცხოელების, არა თანამდებობის პირთა, არამედ პროფესიონალების მიერ უნდა იყოს განხილული ერთიანი საგზაო სატრანსპორტო სისტემა. შემოვლითი რკინიგზის პროექტიც არ უნდა შეჩერდეს, ეს თბილისისთვის აუცილებელია, ოღონდ აქაც ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, პროექტს გადახედვა სჭირდება პროფესიონალთა მიერ, შეიძლება ზოგან რკინიგზის ღერძის გადაწევაც იყოს საჭირო. ქალაქს უნდა ჩამოშორდეს ისეთი დიდი მაგისტრალი, რომელიც დედაქალაქის ცენტრში შემოდის“, - აცხადებს თამაზ შილაკაძე.
„ანტიკორუფციული მოძრაობის“ თავმჯდომარე ვასილ ურუშაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თბილისში საცობების გამომწვევი მიზეზი არასწორი მენეჯმენტი, კორუფციული ინტერესებია, როცა დროში გაჭიანურებით ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია. მაგალითად, მეორე წელია, მეტრო „გოცირიძე“ დაკეტილია და მიმდინარეობს დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასეთივე მდგომარეობაა „ვარკეთილის“ მეტროში, მეტრო „გურამიშვილზე“. ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია გახსნილად და დასრულებულად წარმოგვიჩინა თბილისის მერმა მაისის ბოლოს, მაგრამ დღემდე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და კვლავაც გადაკეტილია. სამწუხაროდ, ანალოგიური ბედი ელის მელიქიშვილის გამზირს.
„რეალურად, თბილისში საცობებს იწვევს არაორგანიზებული საგზაო მოძრაობა, რომელიც თვითდინებაზეა მიშვებული. წლების განმავლობაში ხდებოდა ხელოვნური ჩარევა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, ხდებოდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორც ეს მოხდა ჭავჭავაძის გამზირზე, პეკინის გამზირზე, სხვა ქუჩებზე, დაემატა ახალი შუქნიშნები, ახალი საფეხმავლო ინფრასტრუქტურა, რამაც ერთობლიობაში მნიშვნელოვანი ქაოსი წარმოქმნა, რადგან ეს ყველაფერი იყო გაუთვლელი. არადა, 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების პირობებში საშუალება გვაქვს, დავნერგოთ ჭკვიანი საგზაო მოძრაობის სისტემა ჭკვიანი შუქნიშნების გამოყენებით, შეგვიძლია მუდმივ რეჟიმში გვქონდეს წვდომა სატრანსპორტო ნაკადების ცვლასთან და ვგეგმავდეთ სწორ პრევენციულ ღონისძიებებს. ნაცვლად იმისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი წახალისებულიყო და ხელმისაწვდომობა გაზრდილიყო, მისი შეზღუდვა მოხდა, გაიზარდა ტარიფები, გაუქმდა ბევრი საავტობუსო და მიკროავტობუსის მარშრუტი, ამან გამოიწვია დამატებითი დატვირთვა მეტროპოლიტენზე. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ საავტომობილო საცობები, არამედ პარალიზებულია სატრანსპორტო ქსელი მეტროპოლიტენის და ავტობუსების სახით“, - აღნიშნა ვასილ ურუშაძემ.