მიგრანტებმა, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, საქართველოში დამატებით კიდევ ერთი თავსატეხი გააჩინეს. საქმე ისაა, რომ მათი გამოისობით გაზრდილი მოთხოვნის გამო, სამომხმარებლო ფასები მაღალ ნიშნულზე რჩება და ეს ინფლაციისთვის დამატებითი წნეხია. ამგვარი მდგომარეობა მხოლოდ საქართველოში არ არის და ამ ეტაპზე უფრო რთული ვითარება ევროპაშია, მაგრამ ჩვენთან პროცესი უკვე კარგა ხანია გრძელდება და ნეგატიური შედეგიც უფრო შესამჩნევია.
აზიის განვითარების ბანკის რეგიონული თანამშრომლობის და ოპერაციების კოორდინაციის დირექტორი ლიაზიზა საბიროვა აცხადებს, რომ საქართველოში მიგრანტების შემოდინება ინფლაციისთვის დამატებითი წნეხია. სექტემბრის განახლებული პროგნოზით, ბანკმა 2022 წელს საქართველოში წლიური ინფლაციის პროგნოზი 7-დან 11%-მდე გაზარდა. საქართველოში ინფლაციის გაზრილი პროგნოზი მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და მოთხოვნაზე ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.
„საქართველოს არ ჰყავს დიდი მოსახლეობა, ეს პატარა ღია ეკონომიკაა და ქვეყნისთვის ნებისმიერი შოკი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ქვეყანაში ხალხის შესვლაა და როგორც ვიცით, ასეთი ათასობითაა, ამ ადამიანებმა სადმე ხომ უნდა იცხოვრონ, სურსათი იყიდონ და ამიტომ არის წნეხი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ერთობლივ მოთხოვნას და დამატებით ამ ხალხის შემოსვლა შესაძლოა, ჩაითვალოს როგორც შოკი ერთობლივი მოთხოვნის, თუ ამ პროცესს მაკროეკონომიკური ტერმინით აღვწერთ. ეს იქნება დიდი ზეწოლა საკვების შესყიდვის პროცესში, ასევე სერვისებზე.
ხალხმა სადმე უნდა იცხოვროს, საცხოვრებელი იქირაოს. გავიგე, რომ სტუდენტები საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც გამოწვევის წინაშე არიან, რადგან ბინის ქირაზე თბილისში ფასი გაიზარდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინფლაცია ფასის ერთჯერადი, უეცარი მატება არ არის და ის ფასების ზრდის პროცესის გახანგრძლივებაა. ვიმეორებ, ძალიან დიდი გაურკვევლობაა და დარწმუნებით არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაცია კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა საბიროვამ.
მთავრობაში კი მიიჩნევენ, რომ მაღალი ინფლაცია ის ფასია, რასაც ყველა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ვიხდით. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მაღალი ინფლაცია პრობლემა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და ევროპული ქვეყნებისთვისაცაა. მან ქვეყანაში 2023 წლის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელთან დაახლოებაზეც ისაუბრა.
„ინფლაცია ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საქართველოს ეკონომიკაშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება ევროკავშირის მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც. აღარ მაქვს საუბარი მცირე ეკონომიკის ქვეყნებზე, სადაც 20-22%-იანია ინფლაციაა.
სურსათის, საწვავის და ა.შ. ფასების ეფექტი გარკვეულწილად საქართველოზეც აისახება. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ყველამ ვთქვათ, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი არის ის ფასი, რომელსაც ჩვენ ყველა იმაში ვიხდით, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ ომს აწარმოებს.
ეს მოცემულობა აისახება არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელ რეგიონზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებზე. ამ მიმართულებით მომდევნო წელს შედარებით უკეთესი მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის პროგნოზით, 2023 წლის მეორე კვარტალის შემდეგ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს, საუბარია ყოველთვიურ მაჩვენებელზე, რომელიც 3%-თან უნდა იყოს ახლოს.
„რაც შეეხება საშუალო წლიურ ინფლაციას, ბუნებრივია, ის 3%-ზე მაღალი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ წლის პირველ ნახევარში ინფლაცია უფრო მაღალია, ვიდრე წლის მეორე ნახევარში“, - დასძინა ხუციშვილმა, რითაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ფასები ზრდის ინდექსი სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს ვერც 2023 წელს იქნება.