თურმე პოპულარული სიმღერის „ჩორნი ბუმერის“ შემსრულებელ სერიოგას თბილისში ბინის ყიდვა სურს.
რუსთან ერთად ჩვენთან დასახლება მომღერალ ირაკლი ფირცხალავასაც უნდა. არა, ირაკლი გასაგებია - ბოლო-ბოლო, ქართველია და რაც არ უნდა იყოს, სისხლმა ყივილი იცისო.
აი, ამ სერიოგას რაღა დაემართა, ბნელით არის მოცული. ნატო დუმბაძე კი ამბობს, ძველი თბილისი მოეწონა და მას მერე გაუჩნდა სურვილიო, მაგრამ მაინც უფრო სხვა მიზეზი უნდა იყოს.
ისე კარგი იქნება, სერიოგას რომელიმე სამშენებლო ფირმამ ბინა რომ აჩუქოს - რეკლამა გაუკეთდებათ. ერიჰაა, ნატო, მასე რამდენ რუსსაც აქ ცხოვრება მოუნდება, ყველას ბინები რომ აჩუქონ, ჩამოსულა მთელი მოსკოვი აქ და ვერ გაგვიგია - ზოგი ქართული სამზარეულოს, ზოგიც ბუნების, ზოგიც მამრების სიყვარულით... არადა, ეჭვიც არ მეპარება, ნატოს „ინიციატივას“ ეს ფირმები რომ წაიკითხავდნენ, „ჩორნი ბუმერის“ რიტმებზე აშკარად „ბუს კვერცხები, ბუს კვერცხებიო“, იმღერებდნენ.
სერიოგა ქართველებს ისე დაუშოკიათ, ალბათ დღემდე პირი აქვს დაფჩენილი. თურმე სადილად მცხეთაში წაუყვანიათ სერიოგა, ჯერ ბუნებაზე გაგიჟდა, მერე კერძებზეო, მაგრამ ფინალი ის იყო, კუპის კარი რომ გაიღო და დოლ-გარმონმა „ჩორნი ბუმერი“ დასცხოო. ყვება ნატო.
სერიოგას ყვირილი დაუწყია, ახლა ჭკუიდან შევიშლებიო. ბოლოს სტუმრები ფეხზე დამდგარან და ასე ჰიმნივით უსმენდნენ ამ სიმღერასო.
არა, რა, მართლა გადამეტებულად სტუმართმოყვარეები ვართ ეს ქართველები, გონაშვილის სიმღერაზე ფეხები გვაქვს მაგიდაზე შემოლაგებული და სერიოგას „ბუმერს“ მკერდზე ხელმიდებული ვუსმენთ. აბა. მოუნდება ამ კაცს აქ ცხოვრება, მაშ არა?!