თორმეტდღიანი საგადასახადო კოდექსი

თორმეტდღიანი საგადასახადო კოდექსი

„რევოლუციური“ და „ჯერარნახული“ საგადასახადო კოდექსის ამოქმედების მეთორმეტე დღეს ხელისუფლებამ და ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა აღმოაჩინეს, რომ ძალიან ბევრი რამ შესაცვლელი ყოფილა. მართალია, ექსპერტები ამ პრობლემაზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი მუშავდებოდა, მაგრამ მაშინ ხელისუფლებას ამ კრიტიკის გაგონებაც კი არ სურდა. სამაგიეროდ, ახლა ამ ხარვეზების გამოსასწორებლად პარლამენტში უკვე ბიზნესსაბჭოც კი იქმნება.

 

პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან ისევ ზოგადი განცხადებები კეთდება და არაფერს ამბობენ უშუალოდ იმ პრობლემებზე, რაც ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებით შეიქმნა და ექსპერტების მოლოდინით, „კიდევ უფრო მეტი პრობლემა თანდათანობით გამოჩნდება“.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი საგადასახო კოდექსი 2011 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა

ძალაში. მისი მიღება კი საკმაოდ კურიოზულად თუ დრამატულად მოხდა. ამ საკითხზე საუბარი ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო, რა თქმა უნდა, იმ კონტექსტით, რომ ეს იქნებოდა არნახული კოდექსი და ამოქმედებისთანავე მთელი მსოფლიოს ბიზნესმენები საქართველოში მოინდომებდნენ ბიზნესების გადმოტანას.

 

თუმცა, კარგა ხნის განმავლობაში დაწერილი პროექტის ნახვა შეუძლებელი იყო და მთავრობის მხრიდან მხოლოდ ზეპირი განცხადებები კეთდებოდა, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ. სწორედ ამიტომ მაშივენ გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს თემა არჩევნებიდან ყურადღების გადასატანად იქნა მოფიქრებული.

 

პროექტის დაწერის შემდეგ კი ექსპერტებმა საკმაოდ ბევრი ხარვეზი აღმოაჩინეს. თუმცა, ხელისუფლებამ მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა და უნდა ითქვას, რომ თავად ბიზნესელიტამ, ანუ ბიზნესის იმ წარმომადგენლებმა, ვინც ხელისუფლებასთან არიან დაახლოვებულნი, მთავრობას ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოუცხადეს. ხელისუფლებაც იმას ამბობდა, რომ ისინი კონსულტაციებს ბიზნესწრეებთან გადიოდნენ და თითოეული საკითხის შემუშავება პრაქტიკოს ბიზნესმენებთან ხდებოდა. მათი აზრით, ეს სწორედ იმ პრობლემებს გამორიცხავდა, რაც თეორიული გადაწყვეტილების პრაქტიკაში ამოქმედებით იჩენს ხოლმე თავს.

 

ახლა არ ვისაუბრეთ იმ ხარვეზებზე, რასაც ექსპერტები ამ კოდექსთან დაკავშირებით აღნიშნავენ, ვინაიდან მაშინ ამ თემაზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. მაგალითისთვის კი ისიც კმარა, რომ მცირე ბიზნესის დეფინიცია უცვლელი დარჩა და ისევ წელიწადში 100-ათასიანი ბრუნვით იქნება განსაზღვრული. კოდექსის მიღებამდე კი ხელისუფლება აქცენტს სწორედ იმაზე აკეთებდა, რომ ეს დეფინიცია აიწევდა 200 ათასამდე და ბიზნესმენთა დიდი კატეგორიის გათავისუფლება მოხდებოდა გადასახადებისგან, რაც ახალი საგადასახდო კოდექსის მთავარი პრინიციპი უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ არც არაფერი შეიცვალა და ამას კიდევ ბევრი პრობლემა დაემატა. ახლა ამის შესახებ განცხადებები უკვე ხელისუფლების მხრიდან კეთდება და აღნიშნავენ, რომ პარლამენტი ახლად ამოქმედებული საგადასახადო კოდექსის დახვეწას აპირებს.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ შეხვედრა პარლამენტში დავით ბაქრაძესთან გაიმართა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი, დეპუტატები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესმენებმა, მათ შორის ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ, კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი არ ისურვეს და აღნიშნეს, რომ ზოგადად საკმაოდ ბევრი ხარვეზია საგადასახადო კოდექსში, რაც უნდა გამოსწორდეს.

 

ეს ხარვეზები კი ჭირაქაძემ იმით გაამართლა, რომ „თეორიული მუშაობისას, შესაძლოა, ეს პრობლემები არ ყოფილიყო წარმოჩენილი, თუმცა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი და გამოსასწორებელი“.

 

ერთადერთი კონკრეტული საკითხი, რაც შეხვედრის შემდეგ დასახელდა იყო ის, რომ ქველმოქმედების მიმართ კანონმდებლობა დაიხვეწება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის პრობლემატურობაზე კომპანია „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა, პაატა კურტანიძემ გაამახვილა ყურადღება და როგორც ჩანს, მას ხელისუფლებაც ეთანხმება.

 

როგორც შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, ქველმოქმედებასთან მიმართებაში ქართული კანონმდებლობა არ არის ევროპული და აუცილებლად უნდა დაიხვეწოს. სხვა დეტალები, ბიზნესმენებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ. შესაბამისად, რა კონკრეტული ცვლილებები შევა ქველმოქდების დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია.

 

სამაგიეროდ ის არის ცნობილი, რომ პარლამენტში შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც საგადასახადო კოდექსზე იმუშავებს. ამ საბჭოში დეპუტატებთან ერთად ბიზნესმენებიც იმუშავებენ.

 

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, ბიზნესსაბჭო თვის ბოლომდე ჩამოყალიბდება. საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში პარლამენტიდან დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეები შევლენ. რაც შეეხება ბიზნესის წარმომადგენლებს, ბიზნესასოციაციებიც მათ წარმომადგენლებს საბჭოში, თვის ბოლომდე წარადგენენ.

 

საბჭოს შექმნის იდეას პოზიტიურად აფასებენ ბიზნესმენებიც და როგორც ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, პოზიტიურია ბიზნესმენების ურთიერთობა უკვე არა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლებასთანაც რომ ექნებათ.

 

ბიზნესასოციაციის წევრი გიორგი ისაკაძე კი ყურადღებას მოსალოდნელ კონკრეტულ რეზულტატებზე ამახვილებს. მისი თქმით, არ არის საჭირო საუბარი საგადასახადო კოდექსის „რევოლუციურობაზე“ ან მის ნეგატივებზე, არამედ საჭიროა კოდექსი კონკრეტულ პრობლემებს ჭრიდეს.

 

როგორც ბიზნესმენები და ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, შეხვედრაზე კონკრეტული საკითხები არ ყოფილა განხილული. მათი თქმით, ბიზნესის მიერ პრობლემების კონკრეტული ნუსხა ჩამოყალიბდება და მათი განხილვა სპეციალურ საბჭოში დაიწყება. ამ პრობლემებზე კი, უკვე საკანონმდებლო რეაგირება განხორციელდება და საგადასახო კოდექსიც დაიხვეწება.

 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები ისევ ტყუილი ლაპარაკია და დარწმუნებული ვარ, არაფერი არ შეიცვლება.

 

„შესაძლოა, საგადასახადო კოდექსი ძალიან სპეციფიკური თემა იყოს, მაგრამ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება იმას, რომ თუ ბიზნესად ჩათვლი იმას, ვისაც წელიწადში 30-ათასიანი ბრუნვა აქვს და მას გადასახადებისგან რომ გაათავისუფლებ, ეს დიდი ვერაფერი სატრაბახოა. როგორც მახსოვს, ექსპერტების მხრიდან მაშინვე ითქვა, რომ ეს კოდექსი დასახვეწი იყო, მაგრამ ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო.

 

არ ვიცი, ახლა რა აღმოაჩინეს იმ ბიზნესმენებმა, ხელისუფლებას კუდში რომ დაყვებიან, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემები ბევრია და, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამაზე საუბარი რაღაც პიარისთვის სჭირდება. ვნახოთ, თუკი რაიმეს გააკეთებენ, ძალიან კარგი, მაგრამ მე პირადად ეჭვი მეპარება, რომ რაიმე სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღონ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.