მკვეთრად გაზდილი მოთხოვნის გამო, ქვეყნაში ბინების მოძიება ძალიან გაჭირდა, განსაკუთრებით კი თბილისში, ამიტომ რუსების ნაწილი სასტუმროებს მიადგა. მიუხედავად ამისა, ამ კუთხით რაიმე დიდი აქტიურობა არ შემჩნევა. მობილიზაციას გამოქცეული მიგრანტები უმეტესად ბინების დაქირავებით არაინ დაინტერესებულნი, რადგან საქართველოში ხანგრძლივად დარჩენა სურთ.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილიც ამბობს, რომ ქვეყანაში ვიზიტორთა მზარდი ნაკადის მიუხედავად, სექტემბერში, სხვა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, სასტუმრო სექტორის დატვირთვა ნაკლებია.
„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გაზრდილი ნაკადის ფონზე, სასტუმროებს მოაწყდნენ. რეალურად, შემოსული ადამიანების დიდი ნაწილი, ტრანზიტული მიზნით არიან და 1-2 დღეში გადიან ქვეყნიდან. რომ გითხრათ, რამე რადიკალურად შეიცვალა, ასე არ არის... ცალსახად მინდა ვთქვა ისიც, რომ შემოსული რუსეთის მოქალაქეების 50% წარმოშობით ქართველია. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც, რომლებსაც, უბრალოდ, რუსული პასპორტი აქვთ და არ უნდათ ომში წასვლა. სამწუხაროა, რომ საზღვარზე და საქართველოში, მათაც იგივე დამოკიდებულება ხვდებათ, რაც ეთნიკურ რუსებს“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების დაქირავებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. რადგან სასტუმროებში ხანგრძლივად გაჩერება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მიგრანტები დასაქირავებელ ფართებს გამალებით ეძებენ. იმის გამო, რომ მათთვის მისაღებ ლოკაციებზე ბინები ნაკლებად იძებნება, თანახმა არიან კოლოსალური თანხებიც კი გადაიხადონ.
როგორც უძრავი ქონების აგენტი ტატო ტარიელაშვილი განმარტავს, ყველაზე მოთხოვნადი ძირითადად, ცენტრალური უბნებია. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ერთი დღიდან, 1 წლამდე პერიოდითაც კი ჯავშნიან.
„რუსების მხრიდან უძრავ ქონებაზე, როგორც ქირაობის, ისე ყიდვის კუთხით, ძალიან გაზრდილია მომართვიანობა. შემიძლია გითხრათ, რომ ვინც ჩამოდის, 80% ქირით არის. ყველაზე ცოტა ერთი დღით, შემდეგ ერთი თვე და ყველაზე გრძელვადიანი, 1-წლიანი ჯავშნებია. იქიდანვე იწყებენ რეკვას და ბინების დაჯავშნას, ზარები რუსული ნომრებიდან შემოდის. ცოტა უნდობლობის მომენტიც აქვთ, როგორც თანხის გადმორიცხვის, ისე ადგილმდებარეობის გამოც, ზოგჯერ არ მოსწონთ ლოკაცია.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ეს უფრო ქართველებისგან იციან, რომ ცენტრალური ადგილია ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა და ძირითადად ისინიც ამ უბნებს ითხოვენ.
არის შემთხვევები, რომ კოლოსალურ თანხებსაც კი იხდიან, თუ აწყობთ კონკრეტული ადგილი და ბინა. 50-100%-ით მეტის გადახდაზე არიან თანახმა, ოღონდ აქ ბინა იქირაონ“, - განცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ტატო ტარიელაშვილმა.
როგორც წესი, ჩამოსულებისთვის, განთავსებასთან ერთად, საჭიროა კვების ობიექტებითაც სარგებლობა. როგორც ირკვევა, რუსები ქართულ რესტორნებს სტუმრობენ, თუმცა ვიზიტების რაოდენობა იმდენად მასშტაბური არ არის, რომ ამან მოთხოვნის ზრდის მიმართულებით, რამე გავლენა მოახდინოს.
როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რუსეთში სამხედრო მობილიზაციის შემდეგ საქართველოში შემოსული ადამიანები არ მიეკუთვნებიან იმ სეგმენტს, რომლებიც რესტორნებში იკვებებიან.
„რუსეთის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის შემდეგ საქართველოში შემოსულ ნაკადს, გარკვეული ზეგავლენა ჰქონდა, მაგრამ არა იმგვარად პროპორციულად, რამდენი ადამიანიცაა შემოსული. შესაბამისად, ჯერჯერობით დამატებითი გავლენა, რაც სურათს შეცვლიდა, არ ყოფილა. ბოლო დროს შემოსული ადამიანები, არ არის ის სეგმენტი, რომელიც რესტორნებში იკვებება. მე მგონი, ისინი უფრო რითეილ სექტორის მომხმარებლები არიან“, - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.