ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად ფატალური შემთხვევები. სულ ახლახანს უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედიის გზაზე, სადაც დაიღუპნენ დეკანოზი ალექსი როხვაძე, მისი 8 წლის შვილი, დაშავდა მეორე შვილი, რომელსაც დეკანოზი გადაეფარა. ასევე, დაშავდა ტრაილერის მძღოლი.
საგარეჯოში მომხდარ ავარიასაც რუსთავში მცხოვრები გოგონა და მისი ბებია და ბაბუა შეეწირნენ, საბედნიეროდ, მცირეწლოვანი ვაჟი გადარჩა. ამ საქმეშიც ტრაილერი ფიგურირებს, კამაზთან შეჯახებისას გოგონამ საჭე ვერ დაიმორჩილა.
მსგავსი შემთხვევების სიმრავლის გამო ხომ არ აჯობებს, აეკრძალოთ ტრაილერებს დღისით მოძრაობა და მხოლოდ ღამით იარონ?!
ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე აცხადებს, რომ გერმანიაში აკრძალეს დღეში 8 საათზე მეტხანს მანქანის ტარება ტრაილერის მძღოლებისთვის, გაუკეთეს აღმრიცხველი და ყველა მძღოლი ვალდებული იყო, ის აღმრიცხველი ჰქონოდა.
„აღმრიცხველი აღნუსხავდა, რამდენ ხანს იჯდა ტრაილერის მძღოლი საჭესთან, 8 საათზე მეტხანს იმიტომ არ შეიძლება გზაზე ტრაილერით მოძრაობა, რომ ამ პერიოდის შემდეგ ტრაილერის მძღოლები იღლებიან და გზებზე სავალალო სიტუაციები იქმნება. ეს ავარიების აცილების ერთ-ერთი გამოსავალია. ამის შემდეგ გერმანიაში იკლო ავარიებმა“, - გვითხრა ზურაბ ბაქრაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ ღამით იარონ ტრაილერის მძღოლებმა, ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ტრაილერის მძღოლებიც ადამიანები არიან და დაძინება უნდათ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საგზაო სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, თბილისის საპატიო მოქალაქე თამაზ შილაკაძე მიიჩნევს, რომ ტრაილერების თემა მეტად სერიოზულია და ამას სწორი რეგულაციები სჭირდება. ტრაილერებთან შეჯახების შედეგად მომხდარი თითოეული ავარია პროფესიონალების მიერ უნდა იყოს შესწავლილი, რომლებიც თავიანთ ხედვას წარმოადგენენ. თუკი შეჯახებისას ვიღაცამ საჭე ვერ დაიმორჩილა, მაშინ უნდა გავარკვიოთ, იყო ის მძღოლი მზად მანქანის სამართავად?!
„რატომღაც საავარიო შემთხვევები ბრალდება საქართველოს გზებს, მაშინ როცა უნდა დაბრალდეს იმ სისტემას, ვინც კონკრეტულ მძღოლს საჭესთან დაჯდომის უფლება მისცა. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო სისტემა თუ გაკეთდება, ყველა მანქანისთვის იქ გარკვეული დრო და მარშრუტი იქნება მოცემული, მათ შორის, ტრაილერებისთვის. ტრაილერების გადასაადგილებლად შეიძლება განსაზღვრული დრო დაწესდეს, მათ შორის, ღამის საათებში და ეს კარგი იქნება, მაგრამ გააჩნია, კონკრეტულად ღამის რომელი საათები შეირჩევა ტრაილერებისთვის. შეიძლება კონკრეტული საათების დაწესება თბილისისთვის მოსახერხებელი იყოს, სხვა ქალაქებისთვის არ იყოს მოსახერხებელი“, - აცხადებს თამაზ შილაკაძე და განმარტავს, რომ დღესდღეობით მთელი მსოფლიო გადადის ერთიან საგზაო სატრანსპორტო სისტემების გონივრულად გამოყენებაზე.
აკადემიკოსის აზრით, საქართველო ამ მხრივ ერთ- ერთი პირველთაგანი უნდა იყოს, რადგან საქართველოს კორიდორული დანიშნულება გააჩნია, ტვირთი მოდის აზიიდან და საქართველოს გავლით მიდის ევროპაში. ამიტომ ერთიანი სატრანსპორტო სისტემა თუკი გაკეთდება, იქ შევა სოფლის გზაც, მაგისტრალური გზაც, საზღვრისპირა გზაც, საკურორტო გზაც და ა.შ. საკურორტო გზას თავისი რეჟიმი სჭირდება, არ შეიძლება საკურორტო გზაზე ერთდროულად ისეთი ტრანსპორტი მოძრაობდეს, რომელსაც სამრეწველო დანიშნულება გააჩნია.
„ანტიკორუფციული მოძრაობის“ თავმჯდომარე ვასილ ურუშაძე მიიჩნევს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების ასაცილებლად საჭიროა სწორი პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება საგზაო მოძრაობის სტანდარტების ამაღლებაზე. კონკრეტულად, ტრაილერების შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურის მოწყობას, ინფრასტრუქტურა ავტობანების და ავტომაგისტრალების სახით ისეთნაირად უნდა იყოს მოწყობილი, რომ რისკები მინიმუმამდე შემცირდეს და სატვირთო ავტომობილების შეჯახება არ ხდებოდეს მსუბუქ ავტომობილებთან.
„ეს ამოცანა ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია, ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დასრულებულიყო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს, სადაც ყველა პრობლემური მონაკვეთია და ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. თუმცა დღეს 2022 წელია, კვლავ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, როდის დასრულდება სრულად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. ეს მინიმუმამდე დაიყვანდა სატვირთო ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების შეჯახებას მსუბუქ ავტომობილებთან“, - აცხადებს ვასილ ურუშაძე და ღამის საათებში ტრაილერების გადაადგილების პრობლემაზეც საუბრობს.
მისი თქმით, ღამის საათებშიც საკმაოდ მაღალია მოძრაობის ინტენსივობა, ამავდროულად, ღამის საათებში დამატებითი პრობლემები იჩენს თავს გზების განათებასთან დაკავშირებით, რადგან პრობლემაა საქართველოს საავტომობილო გზებზე გარე განათება. ამის გამო სატრანსპორტო საშუალებებს უწევთ გამოიყენონ ავტომობილის მანათი მაშუქები, რაც დამატებით დისკომფორტს ქმნის და ხშირად ხდება ხოლმე ხილვადობის შემცირების საფუძველი. ეს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზია ავტოსაგზაო შემთხვევების. აქედან გამომდინარე, მთავარია ინფრასტრუქტურის სწორად მოწყობა.