სავალუტო სირთულეები ყველა მიმართულებით

სავალუტო სირთულეები ყველა მიმართულებით

 

სავალუტო სამკუთხედი (ევრო, დოლარი, ლარი) ბოლო პერიოდში საკმაო ცვლილებებს განიცდის. განსაკუთრებით არასახარბიელოა პროგნოზები, რომელსაც გავლენიანი ეკონომისტები აკეთებენ. ქართული ვალუტის სტაბილურობას, რომ თავი დავანებოთ, ევროს და დოლარსაც მძიმე პერიოდს უწინასწარმეტყველებენ.

 

ცნობილი ეკონომისტის, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის ბარი აიჰენგრინის აზრით, დოლარის, როგორც ერთადერთი მსოფლიო სარეზერვო ვალუტის, არსებობა, მალე დასრულდება.

 

„ამერიკას, ყველაზე დიდი, ხუთი წელი და ნაკლებიც კი რჩება, რათა საკუთარი ბიუჯეტი მოაწესრიგოს“, - ვარაუდობს აიჰენგრინი. თუკი არსებული ტენდენციები შენარჩუნდება, მისი აზრით, აშშ შეიძლება ამჟამინდელი საბერძნეთის როლში აღმოჩნდეს.

 

ექსპერტის მოსაზრებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიოში აშშ-ის ეკონომიკური როლის შემცირების გამო დოლარი ერთადერთ სარეზერვო ვალუტად ვეღარ დარჩება, ამის შედეგი კი ახალი საერთაშორისო სისტემის შექმნა იქნება. ეს სისტემა, ექსპერტის ვარაუდით, შესაძლოა, ამჟამინდელ სისტემაზე სტაბილური აღმოჩნდეს.

 

ახალ სისტემაზე წარმატებული გადასვლის პირობად სპეციალისტი ვაშინგტონის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის გადალახვას ასახელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აიჰენგრინის ვარაუდით, ინვესტორები დოლარისგან გაიქცევიან და ამერიკული ვალუტა დაინგრევა, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო ფინანსურ სისტემას ქაოსში ჩაძირავს.

 

თუკი ერთი ნობელიანტი დოლარის ეპოქის დასასრულს პროგონოზირებს, მეორე არანაკლებ წონიანი ლაურეატი ევროს შავ დღეებს უწინასწარმეტყველებს.

 

2010 წლის ნობელის პრემიის მფლობელის კრისტოფერ პისარიდესის განცხადებით, ევროპის კავშირს არ აქვს საკმარისი რესურსები ესპანეთის გადარჩენისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის საკრედიტო პრობლემები გამწვავდება. პისარიდესის აზრით, თუ მოვლენები ასე განვითარდება, ევროს, როგორც ერთიანი ევროპული ვალუტის არსებობა, დასრულდება.

 

„თუ ესპანეთში საბერძნეთის მსგავსი კოლაფსი დადგება, არა მგონია, რომ ევროკავშირს ეყოფა რესურსი მისი გადარჩენისთვის. ეჭვი მეპარება, რომ უფრო ძლიერმა ქვეყნებმა, კერძოდ, გერმანიამ, შეძლონ ან მოისურვონ ასეთი სახსრების გამოყოფა“, - აცხადებს პისარიდესი.

 

ხუთშაბათს ესპანეთი 3 მილიარდი ევროს ღირებულების ობლიგაციებით ვაჭრობას გამართავს, რომელიც აჩვენებს, რამდენად შესწევს ქვეყანას უნარი, დამოუკიდებლად მიიზიდოს ფინანსები საკრედიტო ბაზარზე. უახლოესი 4 თვის განმავლობაში ესპანეთის ბანკებს 30 მილიარდი ევროს კრედიტის დაფარვა მოუწევთ.

 

ამასთან, ეკონომიკური და საქმიანი კვლევების ცენტრის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებობს 80%-იანი ალბათობა, რომ ევრო ამჟამინდელი სახით ვერ გადარჩება. 

 

„უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენ ევროს გადარჩენის ხუთი შანსიდან მხოლოდ ერთს ვაძლევთ“, - განაცხადა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა დუგლას მაკვილიამსმა.

 

მიუხედავად ასეთი მძიმე პროგნოზებისა, ჯერჯერობით, ევრო და დოლარი თავს მყარად გრძნობენ. წლიდან წლამდე ხან ევრო დომინირებს დოლართან მიმართებაში და ხანაც ამერიკული ვალუტა. ამჯერად დოლარის ჯერია. ბოლო დღეებში აშშ-ს ვალუტამ 1,29-მდე გაიმყარა ევროპელ „კოლეგასთან“ პოზიციები.

 

რაც შეეხება ქართულ ლარს, აქ კი ვითარება მართლაც არასახარბიელოა. ეროვნული ვალუტა ევროსთანაც და დოლართანაც კარგავს პოზიციებს. ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 დოლარი 1,8018 ლარი ღირდა, ხოლო ევროს „ფასი“ 2,34-ს გადასცდა.

 

ეკონომიკის ესქპერტის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ახალი წლის შემდეგ ლარზე მოთხოვნა ტრადიციულად მცირდება, რაც ხელს უწობს კურსის დაცემას. მისი თქმით, 2010 წლის ბოლოს ლარის გამყარება ორი ფაქტორით იყო გამოწვეული. ესენია ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის შესაჩერებლად ამოქმედებული ბერკეტები და საახალწლოდ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა. ექსპერტის განცხადებითვე, ეროვნულმა ბანკმა, ფინანსთა სამინისტრომ და საერთოდ მთავრობამ ერთობლივად უნდა იმუშაონ, რომ მზარდი ინფლაცია შეჩერდეს.

 

კიდევ ერთი ექსპერტი ნოდარ ხადური კი აცხადებს, რომ ლარის კურსის დაცემა ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის, რადგან გაძვირდება იმპორტირებული პროდუქცია. ხადურის თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები ინფლაციაზე ზემოქმედებისთვის, თუმცა ეს ბერკეტები საკმარისი არ არის.