„აფხაზები ომში წასვლის წიანაღმდეგები არიან და კითხულობენ ასეთ სიტუაციაში მივცემთ თუ არა მოქალაქეობას - აი, ეს შანსია გამოსაყენებელი“

„აფხაზები ომში წასვლის წიანაღმდეგები არიან და კითხულობენ ასეთ სიტუაციაში მივცემთ თუ არა მოქალაქეობას - აი, ეს შანსია გამოსაყენებელი“

აფხაზეთში მობილიზაციის გამოცახდების შემთხვევაში, თუ აფხაზები თავშესაფარს საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, როგორ უნდა მოვიქცეთ და გვეძლევა თუ არა ამდენი წლის შემდეგ შერიგების ისტორიული შანსი?

შესაძლოა მობილიზაციის გამო, აფხაზი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა თავს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოქცევით უშველოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ქართველებთან კომუნიკაციას უკვე ცდილობენ და ეძებენ გზას, რომ ოფიციალური თბილისის დახმარება მიიღონ.

არ არის გამორიცხული ენგურის ხიდი ჩაიკეტოს, რადგანაც აფხაზებმა და გალში მცხოვრებმა ქართველებმა სამეგრელოში გადმოსვლა დაიწყონ. გალში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ ინფორმაცია შესაძლო მობილიზაციის შესახებ არ აქვთ, თუმცა ნაწილი აცხადებს, რომ გალის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობენ. ასევე ახალგაზრდების უმეტესობა სოფლებში გაიხიზნა და იმალებიან.

სანამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ირწმუნებოდა, „აფხაზეთში მობილიზაცია არ გვაქვსო“, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „სამობილიზაციო სამუშაოების დაწყების“ ბრძანება გასცა.

„კონფლიქტი უკრაინაში კიდევ უფრო რთულ ფორმას იძენს... ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების ჩატარება გვმართებს. ამ დროისთვის საუბარია სამობილიზაციო სამუშაოებზე“, - განაცხადა დე ფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბჟანიამ.

მისივე შეფასებით, „გეგმიური მაჩვენებლები არ სრულდება, სტატისტიკა სავალალოა, არის რიგი პრობლემები და ეს მუშაობა პრიორიტეტულად უნდა იქცეს. აუცილებელია, მოწესრიგდეს მუშაობა სარეზერვო ბრიგადებთან, სამხედრო კომისარიატებთან და ა.შ.“ - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

კრემლი უკრაინასთან ომისთვის არა მხოლოდ რუსების, არამედ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლების მობილიზების შესაძლებლობასაც განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „მედუზა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ოკუპირებული ტერტორიებიდან შესაძლოა, რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება მოხდეს.

​საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ახლა აფხაზებთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მოქმედებაა დასაწყები. პოლკოვნიკი ამბობს, რომ მზად უნდა ვიყოთ, რათა აფხაზებს და ოსებსაც ამ სიტუაციაში დავეხმაროთ. თუმცა ეს არ უნდა იყოს მიამიტური და უანგარო. ამის დრო მათ აუცილებლად დაუდგებათ და საქართველო ამისთვის უკვე ქმედით ნაბჯებს უნდა დგამდეს.

„აფხაზებიც და ოსებიც უკვე კარგად ათვიცნობიერებენ, რომ უსაფრთხდ საქართველოს საზღვრებში შეუძლიათ იყვნენ. ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ როცა ისინი რუსებთან თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, მათ კალთას აფარებენ თავს, ხოლო როცა ამ საფრთხეს იგრძნობენ, მერე ჩვენთან გამორბიან - ახლა დაგვეხმარეთ მოგვიღეთ, ხვალ ისევ შეიცვლება სიტუაცია და ისევ პლასტინკას დაატრიალებენ, - ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. თუმცა უნდა ვიყოთ ძლიერ პოზიციაზე და ყველანაირი სცენარისთვის მოვემზადოთ.

აფხაზები მივიღოთ და შევეცადოთ დავეხმაროთ, რათა ქართული სახელმწიფოს ფასი გაიგონ. მეტსაც გეტყვით, არაა გამორიცხული რუსეთის წინაღმდეგ აფხაზების აჯანყებაც კი ვიხილოთ. ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ დავეხმაროთ. ვუთხრათ, რომ მათ გვერდით ვართ და ვიპოვოთ ერთად ძალები, რათა საქართველოს სახელმწიფოში იცხოვრონ. ამას ძლიერი ხელისუფლება სჭირდება, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ინტერესების გატარება უდა. ეს ყველაფერი ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა განვიხილოთ. ვაცხადებ, რომ ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვემზადებოდეთ. ახლა იქ სიტუაცია იმდენად არის დაძაბული, არავინ იცის, როდის იფეთქებს“, - ამბობს პოლკოვნიკი.

მისივე თქმით, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ე.წ. აფხაზეთის საზღვარზე უკვე პროკლამაციები უნდა ჰქონდეთ გაკრული, რომ ოკუპაცია ცუდია და მათი დახმარება შეგვიძლია. ორივე მხარე ამაზე უნდა მუშაობდეს. პოლკოვნიკი ამბობს, რომ რუსების მიმართ აგრესია აფხაზებსს ამ ხნის განმავლობაში უკვე წვეთ-წვეთად ჩაელექათ და დაინახეს, რეალურად ისინი რასაც წარმოადგენენ. ახლა უნდა დაინახონ, რომ საქართველოს სახელმწიფო მზადაა მათ გაჭირვებაში დაეხმაროს და ხელი არ კრას.

„მსოფლიოს ახალი ისტორიის დაწერის მოსწრენი ვართ, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. ჩვენ კიდევ ერთმანეთთან ვკინკლაობთ და ამ ისტორიულ შანსს არც ვიყენებთ. ყველა მიმართულებით სულ უმოქმედობაში ვართ. პუტინი კარგად ხვდება, რომ ბიჭვინთის აგარაკის გამო მასზე აფხაზები გულმოსულები არიან. ხოლო ეს მობილიზაციის გამოცხადება მის წინააღმდეგ განწყობას კიდევ უფრო მწვავეს გახდის. ამიტომაც ემისრის სახით ბელარუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიავლინა. აფხაზეთში კრემლიში ახალი ნაძირალა არძინბა ჩანერგეს, რომელიც ხალხს არწმუნებს, რომ რუსეთს პრობლემები არა აქვს და საქმე ცუდად არ მისდის. არადა აფხაზები კარგად ხედავენ რუსეთი რა დღეშიც არის ჩავარდნილი. შესაბამისად, გამოსავლის ძიება დაიწყეს. ჩვენსკენ აფხაზების გადმოსვლა უნდა იყოს ძალიან მართული, ორგანიზებული. ასევე აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ასეთ ნაბიჯზე წავალთ, მაშინ ისინი ჩვენთან უნდა იყვნენ. მათ ვაჩვენოთ, რომ ჩვენს იქით მათი ბედი არავის აღარ ადარდებს. გადარჩენის ერთადერთი შანსი ჩვენს სახელმწიფოში ცხოვრებაა“, - ამბობს ბერიძე.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ აფხაზეთშიც და ოსეთშიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც რუსეთის პასპორტი აქვთ და ჩაწერილებიც რუსეთის ტერიტორიაზე არიან. შესაძლოა ეს ძალიან დიდი რიცხვი არ იყოს, მაგრამ საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პროტესტი გამწვავდეს. ბენდიანიშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ბელარუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკოც ამისთვის იყო პუტინის მიერ გაგზავნილი, სადაც ერთ-ერთ თემად, სწორედ, მობილიზაციის საკითხის განხილვა მოხდა.

„ახლა პუტინს ომში ინტერნაციონალური ძალების წარმოჩენა სჭირდება. ვხედავთ ის ხალხი ვინც მობილიზაციის შედეგად ფრონტის ხაზზე წაიყვანეს, რა მდგომარეობაში არიან და რა კატეგორიის ბრძოლისუნარიანობა გააჩნიათ. მგონია, რომ ხალხის მობილიზება აფხაზეთიდან და ოსეთიდან ვერ მოხდება, მაგრამ ამის მცდელობა მაინც იქნება. პუტინს უნდა აჩვენოს, რომ თითქოს ისინი ომში ერთვებიან და მობილიზაცია წარმატებით მიმდინარეობს. შესაძლოა ილუზიის შემქნა უნდა, რომ აფხაზების მხრიდან ჩართულობა დიდია. სრულმასშტაბიანი მობილიზაცია აფხაზეთში ვერ მოხდება, მოსახლეობა ომში წასვლაზე კატეგორიული წინააღმდეგია. აღსანიშნავია დონბასელი „ბულდოგის“ არძინბას სოხუმში ჩასვლა, რომელიც ეცდება მოხალისეები შეკრიბოს. ომში მორიგი ბატალიონი წაიყვანოს. ვფიქრობ ლუკაშენკოსა და ბჟანიას შეთანხმება ეს იქნებოდა. ამით პუტინი შეეცდება აჩვენოს, რომ ომში აფხაზები ჩართულები არიან.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ჩვენ აფხაზებს და ოსებსაც უნდა მივცეთ გარანტია, რომ ეს მათი ქვეყანა და სამშობლოა. ყოველგვარი ზედმეტი წინააღმდეგობის გარეშე მივცეთ თავშესაფარი. ნახევარი რუსეთი საქართველოში გამოიქცა და ამას აფხაზები კარგად ხედავენ. შესაძლოა გაუჩნდეთ უფრ მეტი მოტივაცია, რომ თუკი რუსებს იფარებენ, ქართველებმა ჩვენ რატომ არ უნდა შეგვიფარონ. შესაძლოა რუსების ჩვენს ქვეყანაში მიღება ამ ფორმითაც გამოვიყენოთ. აფხაზებისთვის დამატებით სტიმული გახდეს და მიხვდნენ, რომ რუსეთი მათი მშვიდობის გარანტორი ვერ იქნება. პირიქით, რუსები საქართველოში მორბიან და დახმარებას ჩვენ გვთხოვენ. ეს სიტუაცია რეგიონში ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს ზრდის და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ახლა ძალიან ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯები უნდა გადადგას. თუნდაც კულუარულად და არა საჯაროდ დაიწყოს აფხაზებთან მოლაპარაკებები. გამონახოს გზა ახალგაზრდებთან სასაუბროდ და კომუნიკაციისთვის. მისცემს მათ გარანტიებს, რომ ჩვენს ქვეყანაში თავშესაფარს მიიღებენ. თუმცა ეს უნდა გააკეთოს გონივრულად.

„საჯარო განცახდებები შესაძლოა სულაც არ იყოს კარგი ტაქტიკა იმისთვის, რომ აფხაზებთან კომუნიკაცია მოხდეს. შესაძლოა პირიქით, ამან პროცესი დააზიანოს. ამიტომ მაინც მგონია, რომ მოზომილი ტაქტიკაა საჭირო და საკომუნიკაციო არხების გამოძებნა. როდესაც მობილიზაცია გამოცხადდა, აფხაზებთან ერთად ისრაელში ვიყავი. რა თქმა უნდა, აფხაზები ომში წასვლის წიანაღმდეგები არიან. კითხულობენ ასეთ სიტუაციაში მივცემთ თუ არა მოქალაქეობას. ბევრს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და მათ ომში წასვლა ემუქრებათ. აი, ეს შანსია გამოსაყენებელი. მოდი, მივცეთ და შევთავაზოთ თავშესაფრის მსურველ აფხაზებს საქართველოს მოქალაქეობა. ამით ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერას შევძლებთ“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.