კრემლმა კალიუმის იოდიდის განსაკუთრებით დიდი რაოდენობის შესყიდვაზე ბრძანება გასცა - პუტინი ბირთვული აფეთქებით იმუქრება

კრემლმა კალიუმის იოდიდის განსაკუთრებით დიდი რაოდენობის შესყიდვაზე ბრძანება გასცა - პუტინი ბირთვული აფეთქებით იმუქრება

შეუძლია თუ არა ვლადიმერ პუტინს ბირთვულ იარაღზე ერთი თითის დაჭერით მთელი მსოფლიოს განადგურება? - როგორც ჩანს, პუტინის მუქარას მსოფლიო ბოლო დროს სერიოზულად აღიქვამს და მას აფრთხილებენ, რომ თუ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ნატოსგან და ამერიკისგან საპასუხო დარტყმას მიიღებს. კრემლი უკვე ბოლო რამდენიმე დღეა ბირთვული იერიშით იმუქრება. პუტინის შემდეგ ამაზე ღიად ახლა დიმიტრი მედვედევი ალაპარაკდა. ის „ტელეგრამ“ არხზე აცხადებს, რომ მოსკოვს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი ნებართვის გარეშე. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დასძენს, რომ ეს ბლეფი არ არის და თუ საჭირო გახდება, კრემლი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

პუტინმა 21 სექტემბერს თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, „ხალხის დასაცავად“, ყველა საშუალებას გამოიყენებს.

ამის პარალლეურად ცნობილი ხდება კრემლის გადაწყვეტილებაც კალიუმის იოდიდის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შესყიდვაზე, რაც უახლოეს 4 დღეში უნდა განხორციელდეს. უკვე გამოყოფილია 5 მილიონი რუბლი. პრეპარატი ხელს უშლის რადიოაქტიური იოდის შეწოვას ორგანიზმში და ადამიანს იცავს რადიაციული დაზიანებებისგან. რისთვის ემზადება რუსეთი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრხთე სულ უფრო იზრდება და ამას რუსეთში ბლეფად სულაც არ აღიქვამენ.

„ბაიდენი და ტრასი, ასევე ბლინკენები და სალივანები რუსეთს სთხოვენ, „ბირთვულ ღილაკს“ ხელები მოაშოროს. ისინი ერთად მუდმივად გვემუქრებიან „საშინელი“ შედეგებით - თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და ლონდონელი დეიდა, ახალგაზრდა ჭკუით, სრულიად მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს საპასუხო ბირთვული დარტყმები ჩვენს ქვეყანასთან. კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, ყრუ-მუნჯებისთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავის ესმის - რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში - თუკი ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით, ან თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას“, - აცხადებს მედვედევი.

ისმის კითხვა - რა წესები არსებობს ბირთვული იარაღის ასამოქმედებლად და ამისთვის პუტინის გარდა საჭიროა თუ არა სხვა მაღალჩინოსნების თანხმობა?

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ყველაფერი რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინაშია გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიყვანო მოქმედებაში ბირთვული იარაღი. რუსეთი დღემდე არ ითვალისწინებს პრევენციულ ბირთვულ დარტყმას. ყველა დოკუმენტში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობს, დარტყმა არის საპასუხო ან საპასუხო-შემხვედრი. თუმცა მხოლოდ პუტინს არა აქვს უფლება, რომ ბირთვული იარაღის ღილაკს ხელი დააჭიროს. ამისთვის მას თავდაცვის მინისტრის და გენშტაბის ხელმძღვანელის თანხმობა სჭირდება. იარაღი მზადყოფნაში შეიძლება მოიყვანო მხოლოდ მას შემდეგ, თუ ეს სამი პირი შეთანხმდება და თავთავის სამ ღილაკს ხელს ერთდროულად დააჭერს. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმეს ამ სამიდან პარანოია ან სხვა სახის ფსიქიკური დაავადება აქვს, ან კიდევ სხვა რამე... არაფერი გამოვა. სამივე უნდა შეთანხმდეს და ისე მოხდეს ბირთვული იარაღის გასროლა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მუქარა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, შესაძლოა რეალური იყოს.

„შეიძლება გუშინ ეს ბლეფი იყო, მაგრამ ახლა ეს შეიძლება რეალობა იყოს. არ ვფიქრობ, რომ ეს ბლეფია“, - თქვა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ უკრაინის გვერდით და არ უნდა მოუსმინონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარას. ამის შესახებ ტრასმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ მის (პუტინის) ყალბ მუქარას. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების დაწესება რუსეთზე და უკრაინელების მხარდაჭერა“, - თქვა მან.

„თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, შეერთებული შტატებისგან გადამწყვეტ პასუხს მიიღებს“, - ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა „ეიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მოსკოვმა კატასტროფული ნაბიჯი არ გადადგას, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი წითელ ხაზს გადაკვეთს, ამას შეერთებული შტატებისგან გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.

„ჩვენ გვსურს, გავაგებინოთ მათ, რომ კატასტროფული შედეგები იქნება, მაგრამ არ გვსურს, რიტორიკულ თამაშებში ჩავერთოთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმისგან შევაკავოთ და თუ ამას მაინც გააკეთებენ, ჩვენ გადამწყვეტად ვუპასუხებთ“, - აცხადებს სალივანი.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის ღილაკზე დაჭერა ერთპიროვნულად მხოლოდ პუტინს არ შეუძლია, ამისთვის მას გენშტაბის უფროსის და თავდაცვის მინისტრის თანხმობა სჭირდება. ეს გადაწყვეეტილება მიიღება მას შემდეგ, რაც მათ მიუვათ ინფორმაცია, რომ რუსეთზე თავდასხმა განხორციელდა. ან როცა რუსეთი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბირთვული იარაღი პრევენციული მიზნებისთვის გამოიყენოს.

„ძალიან რთულია იმის გაანსაზღვრა, პუტინი ასეთ მძიმე გადაწყვეტიელბას მიიღებს თუ არა. მსგავსი გადაწყვეტილების საფრთხე არასდროს დამდგარა და ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რამდენად რეალურია მისი მუქარა. საერთოდ, ბირთვული იარაღის გამოყენების რამდენიმე კატეგორია არსებობს. სუბტაქტიკური ტიპის იარაღი, სადაც ბირთვული ქობინების და ბომბების მოცულობა 0,5-ტონიდან 20 ტონის ფარგლებშია. მეორე არის ტაქტიკური, რომელიც 20 ტონიდან 100 ტონამდე ადის. შემდეგ არის ოპერატიულ სტრატეგიული, რომელიც 100-დან 300 ტონამდე იზრდება. გააჩნია, რომელი ტიპის და კატეგორიის იარაღის გამოყენებაზე იქნება საუბარი.

თუ საუბარი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზეა, აქ მაშინ სამ ჰიროსიმას მსგავს აფეთქებას და კატასტორფას მივიღებთ. რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი სამ ძირითად შემთხვევაში გამოიყენოს, პირველი, როდესაც მის მიმართ შეტევა განხორციელდება, მეორე, როდესაც კონვენციური ომი მიდის და ის ამ ომს აგებს. უკვე საფრთხე მის სახელმწიფოებრივ პრინციპებს ექმნება. მესამე ვარიანტია, როცა ბირთვული იარაღის გამოყენება პრევენციული ღონისძიებების გამო ხდება“, - ამბობს მაისაია.

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინის მხრიდან დაწყებული მუქარა ბლეფი არ არის და არავინ იცის მას თავში რა შეიძლება მოუვიდეს. ბატიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ რეზერვის მობილიზაციის შემდეგ, თუ მან ამის შემდეგაც დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, არავინ იცის რაზეა წამსვლელი. ამიტომ მისი მხრიდან ბირთვული იარაღით მსოფლიოს შანტაჟი სახუმარო საქმე არაა.

„პუტინმა ორი მნიშვნელოვანი შეცდომა უკვე დაუშვა, ერთი როდესაც ეგონა, რომ უკრაინას ადვილად დაიპყრობდა და ომი დაიწყო და მეორე როცა მობილიზაცია გამოაცხადა. ახლა კი არსებობს იმის საფრთხე, რომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. არ ვამბობ, რომ ამის ალბათობა დღეს და ხვალ არის, მაგრამ ეს რისკი შესაძლოა მაშინ დადგეს, როცა რეზერვიც გაიწოვება და მას ცოცხალი ძალაც კი არ ეყოლება, რომ ომში გაიწვიოს. როცა ის საბოლოოდ მიხვდება, რომ ყველაფრის მცდელობის მიუხედავად მან ეს ომი წააგო, პუტინის წინაშე ორი საკმაოდ მძიმე არჩევანი დადგება, ერთი - თავისიანებივე ჩამოაგდებენ და ის გენერალიტეტი, რომელიც ახლა ომში იბრძვის, ფიზიკურად გაუსწორდება. ან ბირთვული იარაღი გამოიყენოს და საპასუხო დასავლეთისგან საკმაოდ მძიმე დარტყმა მიიღოს.

პუტინს თავში რა მოუვა და რისი გამკეთებელია მისმა გარემოცვამაც კი არ იცის. ეს გამოჩნდა ამ მობილიზაციის გამოცხადების შედეგადაც. საქართველოც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება. ქარი რომელ მახარეს დაუბერავს და საით წაიღებს ამ რადიაციას, არავინ იცის. ხელისუფლებისგან მეტი ღონისძიებებია საჭირო იმისთვის, რომ ღმერთმა დაგვიფაროს ეს მოხდეს, ხალხში პანიკა არ დაიწყოს. სად შეაფარონ თავი და ა.შ. ეს რისკები რეალურია და პუტინის სიტყვებს ასე აგდებულად არ უნდა უყურონ“, - ამბობს ბატიაშვილი.

 

 

 

ლაზი ბირთვული იარაღის გამოყენბა იქეთ იყოს, მაგრამ ამ ქვეყანაში, რო მართლა საჭირო გახდეს, თავშესაფრები არსებობს? ან თუ არსებობს, იქამდე როგორ მივიდეს ვინმემ იცის? თუ იმ ანეგდოტის პონტში ვართ - ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს რას იზამთო და შევრცხვებით ბატონოო. ან მეორე ვარიანტი - ისე მეგექცა მტერიო, ჰაააა?
2 თვის უკან