მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.4-პროცენტიანი ზრდით, რამაც 4.36 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
გარდა ამისა, უძრავი ქონების გაძვირებას განაპირობებს მაღალი მოთხოვნა, რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. საქართველოში შემოსული მიგრანტების ნაწილი ბინებს უკვე შესაძენად ეძებს, შესაბამისად, ეს ბაზარზე გავლენას ახდენს. დეველოპერები და დარგის სპეციალისტები სამომავლოდაც ფასების ზრდას პროგნოზირებენ.
როგორც მენაშენეთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი და სცეროს სპეციალისტი ირაკლი როსტომაშვილი აღნიშნავს, ბინებზე ფასი ორი მიზეზით არის გაზრდილი, ესენია სამშენებლო მასალის გაძვირება და უცხოელების ნაკადები, ვისაც თბილისში ბინის შეძენა სურთ.
„ბინებზე ფასი ორი მიზნით არის გაზრდილი, ერთი მიზეზი არის ის, რომ ნებისმიერ სამშენებლო მასალაზე ფასი გაიზარდა, ასევე გაზრდილია საწვავის ფასი და ყველაფერი იმის ფასი, რითაც მშენებლობა შედგება.
მეორე მიზეზი, რამაც ბინებზე ფასების ზრდა გამოიწვია, არის იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა, ვისაც ბინის ყიდვა საქართველოში უნდა. საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარეობს ის, რომ მოთხოვნის ზრდას, ფასის ზრდაც მოჰყვება.
მომავალში რა და როგორ იქნება, ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება არის, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ, საქართველოში ბინებზე ფასები მკვეთრად გაიზრდება, რადგან საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანა გახდება.
ბინებზე ფასის ზრდა მხოლოდ ახალაშენებულ ბინებს არ ეხება. მაგალითად, თუ ქვეყანაში ბინის ფასზე გვაქვს 10%-იანი ზრდა და ვთქვათ მოქალაქეს აქვს 100 000-ლარიანი ბინა, მისი ქონება ფასი 110 000 გახდება. საუბარია უკვე ექსპლოატაციაში შესულ უძრავ ქონებაზე“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.
იგივე მოსაზრებისაა სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი, ბესო ორთოიძეც. იგი ადასტურებს, რომ ამ დროისთვის უძრავი ქონების ღირებულება 20-25%-ით უკვე გაძვირებულია.
„ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ვამბობდით, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ბინებზე ფასები მოიმატებდა. კრიზისულ პერიოდს ახლავს შეჩერებული ეკონომიკა და ფასები. ამას ემატება ინფლაცია და ახლა - ომი უკრაინაში, რამაც გამოიწვია სამშენებლო მასალების ფასების ზრდა, რაც საბოლოოდ ბინების ფასზეც აისახება.
ამ დროისთვის ბინების წლიური ფასების დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა გვაქვს, ლოკაციების მიხედვით. ჩემი პროგნოზით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი კიდევ 5%-ით გაიზრდება, ანუ ჯამურად 30%-იან ზრდას მოველით“, - განაცხადა ორთოიძემ.
ფასების ზრდა უფრო მეტად გარეუბნებში შეინიშნება, სადაც ბინების ღირებულება უფრო დაბალი იყო, ხოლო ყველაზე ნაკლებად ეს პრობლემა პრემიუმ სეგმენტს შეეხო, რომლის ფასიც ისედაც მაღალი იყო.
„თუ აქამდე გარეუბნებში კვადრატულის ღირებულება 500-600 დოლარი იყო, ახლა გახდა 700-800 დოლარი. მიუხედავად ფასის ზრდისა, მოთხოვნის ნაწილი არის მზარდი, ესეც ფასის ზრდის ერთ-ერთი პირობაა“, - განაცხადა ორთოიძემ.