„ერთი კორპუსი ჩამადგმევინე ჯიგრულად, - ასეთი ავადმყოფური მშენებლობები ქალაქის ცენტრში უნდა შეიზღუდოს, რადგან ორიენტირება აქვს მხოლოდ ანგარებაზე, ის კორპუსი კი გადატვირთავს ქალაქს სატრანსპორტო თვალსაზრისით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე.
საცობების გამო დედაქალაქში გადაადგილება ჭირს როგორც მანქანით, ისე ფეხით. ხალხის ნაკადს ვერ აუდის ერთ-ერთი ძირითადი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო. დედაქალაქის მერს უამრავ რეკომენდაციას სთავაზობენ ქალაქის განტვირთვის მიზნით, მათ შორისაა ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა. რას მოგვიტანს დამატებითი ხიდები და ესტაკადები?
- ხიდები და ესტაკადები არ განტვირთავს ქალაქს, რადგან მოიმატებს სატრანსპორტო ნაკადი. როცა ვაკეთებთ უფრო მეტ გზას მანქანებისთვის, მაშინ მანქანები იმატებენ. გზის სავალი ნაწილის ნებისმიერი მომატება იწვევს მანქანების მოძრაობის მატებას. ამაში შედის ხიდები, ესტაკადები და ყველა მომატებული ფართი. ამიტომ მთავარია ისეთი პოლიტიკის წარმართვა, რომ ხალხი გადაჯდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომელსაც შეუდარებლად ნაკლები ადგილი სჭირდება. ხალხის ერთი და იგივე რაოდენობა რომ ჩავსვათ მსუბუქ მანქანებში და იგივე რაოდენობა რომ ჩასხდეს ავტობუსში, ან ტრამვაიში (ტრამვაი კიდევ უფრო უკეთესი იქნება), მაშინ ნახავთ, რომ მანქანებში ჩამსხდარ ხალხს გაცილებით მეტი ადგილი სჭირდება, ვიდრე ტრამვაიში ჩამსხდარს. ასეთი რამ რამდენი წლის წინ გააკეთეს ევროპაში, ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ამაზე. ამდენად, რაც უფრო მეტი ადამიანი გადაჯდება ავტობუსსა და ტრამვაიში, მით მეტი ადგილი დარჩება თავისუფალი.
როგორ ფიქრობთ, მანქანის მფლობელებისთვის ლუწი და კენტი დღეების დაწესება არ განტვირთავდა დედაქალაქს?
- ეს შეიძლება რაღაც გამოსავალი იყოს, მაგრამ რეალური გამოსავალი არ იქნება. ეს არის დროებითი გამოსავალი, ცოტას უშველის ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა ლუწი და კენტი დღეების მოლოდინში დაიტანჯება ავტომანქანის მფლობელი, ვისი დღეც არ არის. თუკი ასეთი პოლიტიკა მომავალშიც გაატარა ქალაქის ხელმძღვანელობამ, რაც ახლა იწყება, მაშინ ამოისუნთქავს ქალაქი. დღეს რაც ხდება, ეს იმის ბრალია, რომ დედაქალაქში არ არის გაკეთებული ის, რაც ერთ პატარა ადგილზე გაკეთდა - ჭავჭავაძის პროსპექტზე. ეს რომ მთელ ქალაქში იყოს გაკეთებული, ასე გონივრულად რომ იყოს დაგეგმილი საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ტრანსპორტი, ველოსიპედით და ფეხით მოსიარულეთა ტერიტორია, მაშინ საცობები აღარ იქნებოდა. უბრალოდ, ახლა გარდამავალ დროში ვცხოვრობთ. თუ ეყოფა ჯანი, მოთმინება ხელისუფლებას, რომ ჭავჭავაძის პროსპექტის ანალოგიურად, ეს გზა გააგრძელოს, 5- 10 წელიწადში უკეთესი მდგომარეობა იქნება. ბოლოს და ბოლოს, ამას სჭირდება 20 წელი მაინც, რომ მთლიანად მოწესრიგდეს საცობების პრობლემა და ევროპულ ქალაქს დაემსგავსოს თბილისი. ბერლინში რომ ჩახვიდეთ, იქ აზრად არ მოგივათ ფუნთუშის საყიდლად მანქანით წახვიდეთ, რადგან სისულელე იქნება მანქანით წასვლა. არადა, თბილისში ყველა ამას აკეთებს. ამ მიზნით ბერლინში აუცილებლად გადაადგილებით ან ველოსიპედით, ან ფეხით, ან ავტობუსით. იმგვარად რომ აეწყობა საქმე, როგორც ბერლინში, მერე აღარ იქნება ასეთი საცობები.
აქ ერთი ფაქტორიცაა - ქართული მენტალობა და თავმოწონება საკუთარი მანქანებით, როცა თუნდაც ხუთი წუთის სავალზე მანქანით უნდა მივიდნენ.
- გადაეჩვევიან ამ მეტიჩრობას. ეს მეტიჩრობა ჯიბეზე რომ დაარტყამთ, მერე გადაეჩვევიან. ჩასხდებიან მანქანაში და დაინახავენ, რომ ერთი საათი საცობში უნდა იდგნენ, ამ დროს მათ გვერდით მოძრაობს ავტობუსი სრულიად თავისუფლად, მაშინ მიხვდებიან, რომ აღარ უნდა წავიდნენ მანქანით და ავტობუსში უნდა გადასხდნენ. ოღონდ იმათაც უნდა გავუგოთ, ვინც ბრაზდება საცობების გამო, რადგან მთელ ქალაქში არ არის ერთნაირი სიტუაცია, რომ ავტობუსები თავისუფლად მოძრაობდნენ. ერთ ქუჩაზე კი არის ინფრასტრუქტურა კარგად მოწყობილი, მაგრამ იმ ქუჩას რომ გაივლის ადამიანი და მოხვდება სხვა ქუჩაზე, იქ ხომ ავტობუსის პრობლემაა?!
ცხადია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს ბევრად კომფორტული, მაგრამ ტარიფების ზრდა მოსახლეობის ჯიბეს რომ დააწვა?
- აბონემენტის აღების შემთხვევაში, გაცილებით იაფი ჯდება მგზავრობა. ახლა ადამიანის ასაწონ-დასაწონია, რა უფრო ურჩევნია. მე მაინც მეძვირება ამ გაუბედურებული, გაღატაკებული მოსახლეობისთვის აბონემენტის ფასიც, მაგრამ მთელი საქართველოს ეკონომიკაა ასე.
წლების წინ გაჩნდა მოსაზრება, ქალაქის განაშენიანებული ნაწილიდან გადაეტანათ სარკინიგზო ხაზი, ხოლო გამოთავისუფლებული მიწის რესურსი სამშენებლო საჭიროებისთვის აეთვისებინათ. ამ მიზნით 2010 წელს დაიწყო თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა, მაგრამ 2013 წელს გამოვლენილი ხარვეზების გამო მშენებლობა შეჩერდა. შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა განტვირთავდა დედაქალაქს, თუკი განივი გზებით დაუკავშირდებოდა რკინიგზა ქალაქს?
- ეს არაფრის მომცემია. 20 წელია, ამაზე ლაპარაკობენ, განივი კავშირები არ იქნება უკეთესი, რადგან რკინიგზას შეიძლება გადაუაროს ამ განივმა კავშირებმა უამრავ ადგილზე. ისეთი ადგილებია, სადაც რკინიგზა ტრანშეაში გადის, ამოჭრილ ადგილას, ქვემოდან რკინიგზაა, ზემოდან კი გადაუვლის მანქანა. ზოგან პირიქითაა, ხევზე გადის რკინიგზა და ქვევიდან გაუვლის მანქანა. ეს ჩვეულებრივი ამბავია მტკვრის მარცხენა სანაპიროს რელიეფურობის გამო. საბჭოეთის დროს მე თვითონაც მქონდა გაკეთებული ასეთი პროექტი. ეს არის ილუზია, რომ შემოვლითი რკინიგზა განტვირთავდა ქალაქს, სინამდვილეში, ვიღაცას უნდა იმხელა ტერიტორიების ხელში ჩაგდება, რომ იქ მშენებლობა წამოიწყოს და ფული გააკეთოს. ამიტომაც იგონებენ მიზეზებს, რომ თურმე უნდა დააკავშირონ ქალაქი ერთმანეთთან.
რას იტყვით მტკვარზე დამატებითი ხიდების გაკეთებაზე, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპირო თანაბრად დაუკავშირდეს ერთმანეთს?
- ეს ყველაფერი გათვლების საქმეა. ახლა დანიური კომპანიაა ამ საქმით დაკავებული, ისინი ჭკვიანი ხალხია და მათი კვლევა გამოაჩენს, არის თუ არა აუცილებელი დამატებითი ხიდების მშენებლობა. ისე, იდეაში, როგორც გითხარით, რაც მეტ ხიდს ააშენებ, მით უარესი. თუმცა შეიძლება კონკრეტულად ისეთი ადგილებიც იყოს, სადღაც საჭირო იქნება ხიდი. მაგალითად, საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდი. ისეთი ცუდი განაშენიანება გააკეთეს ბაგებში, რომ იხრჩობა იქაურობა, ხალხი ჩამოდის ვაკეში და მერე მიდის ვაკე-საბურთალოს გზით საბურთალოზე. ბაგებიდანვე რომ შეეძლოთ საბურთალოზე გადასვლა, მაშინ ვაკიდან წამოსული ნაკადი მოაკლდებოდა დედაქალაქს. ამიტომ, ჩემი აზრით, ყოველგვარი გათვლების გარეშე, შემიძლია ვთქვათ, რომ ამ ადგილას სწორი იქნება ხიდის აშენება. ანუ დოგმატურად არ უნდა თქვას კაცმა, რომ ხიდი არაფრით არ უნდა აშენდეს.
შუქნიშნების დამატება შეაფერხებს თუ განტვირთავს მოძრაობას?
- შუქნიშნები ძალიან კარგია, მაგრამ გონივრული რაოდენობით უნდა დააყენონ, ზედმეტი არაფერი ვარგა. 60-იან წლებში ჩვენში გავრცელდა ასეთი აზრი, რაც ნაკლები შუქნიშანი იქნება, მით უკეთესი, რადგან მანქანამ უნდა იაროს შეუფერხებლად და ადამიანი ვის ენაღვლება? დღემდე ასე ფიქრობენ ზოგიერთები საქართველოში. არადა, ეს პირიქითაა, რაც უფრო წყვეტილია მოძრაობა, მით მეტი საშუალება ექნება ადამიანს, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დაუკავშირდეს, გადავიდეს სხვა ქუჩაზე, ამით გაიხარებენ მაღაზიების მფლობელები, მათ გაუმრავლდებათ კლიენტი. რაც შეიძლება მეტი განივი გადაკვეთა სჭირდება ქუჩას. ქუჩას მარტო გზის დანიშნულება არ აქვს, ქუჩა არის მთელი თავისი მაღაზიებით, მოსიარულე ადამიანებით.
საცობების მატებას რამდენად განაპირობებს გაუთავებელი კორპუსების მშენებლობა ქალაქის ცენტრში, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით? არ უნდა შეიზღუდოს ეს არეალი, რომ თავკომბალა დედაქალაქი არ მივიღოთ?
- საერთოდ, უნდა შეიზღუდოს მშენებლობები ქალაქის ცენტრში. ისეთი მშენებლობა, რომელიც განვითარდა პოსტსაბჭოურ დროს, ავადმყოფური მშენებლობაა, რადგან ორიენტირება აქვს მხოლოდ ანგარებაზე. ვიღაცას უნდა ფულის გაკეთება ქალაქის ცენტრში და აშენებს სახლებს, ერთი კორპუსი ჩამადგმევინე ჯიგრულად, ვიღაცას კრიშა ჰყავს პარლამენტში და ჩაადგმევნებს კორპუსს, ის კორპუსი კი გადატვირთავს ქალაქს სატრანსპორტო თვალსაზრისით, კანალიზაციის კუთხით, ყველაფრით. ოდესმე ეს უნდა დამთავრდეს, რადგან ცენტრზე მოდის მთელი დატვირთვა. რაც უფრო ძვირია მიწის ნაკვეთის ფასი ცენტრში, გაყიდვის, გაქირავების ფასიც მაღალია. ამიტომ ყველას ცენტრში უნდა. ასეთი ქაოტური მოძრაობა გვხდება მხოლოდ მესამე სამყაროს ქვეყნებში. ევროპაში ასეთი რამ დიდი ხანია, არ ხდება. მანქანაზე აწყობილი ქალაქი არის 60-იანი წლების მოვლენა. 70-იან წლებში უკვე დაინახეს, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება და გადავიდნენ სხვა კრიტერიუმებზე. ამ კრიტერიუმის თანახმად, მთავარია, ადამიანი დროზე მშვიდობიანად მივიდეს ერთი ადგილიდან მეორეზე და, თუ ამას გააკეთებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უკეთესია, რადგან ეს ნაკლებ ადგილს იკავებს ქალაქში, მანქანა იკავებს ძალიან დიდ ადგილს და ქალაქში ადგილის პოვნა ჭირს.
როგორც ამბობენ, დღეს თბილისში სკუტერებით გადაადგილება ყველაზე მოსახერხებელია, ველოსიპედით გადაადგილება კი მთაგორიანი თბილისისთვის სირთულეს უკავშირდება. თუმცა სკუტერის მთავარი ნაკლი ისაა, რომ ამ ტრანსპორტით ტვირთს ვერ წაიღებ, ასაკოვან ადამიანს ვერ გადაიყვან.
- ამისთვის ელექტრო ველოსიპედები არსებობს. ცხადია, თბილისი მთაგორიანი რომ არ იყოს, უფრო მარტივი იქნებოდა ველოსიპედით გადაადგილება ფოთის მსგავსად. ფოთში ყველა ველოსიპედით დადის. თუმცა მთაგორიან ადგილსაც ეშველება ძრავიანი ველოსიპედით. 90-იან წლებში გერმანიაში რომ ჩავედი და ვნახე, ბებიაჩემის ასაკის ხალხი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, იმის მერე ვიფიქრე, რომ სიბერე მოგონილია.