იტალიის სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ უმასპინძლებს და შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიამ განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშოს.
Corriere del Mezzogiorno წერს, რომ ლუჩანო სპალეტი სერიოზულად ფიქრობს, ტურინელთა წინააღმდეგ ქართველი გარემარბი არა მარცხენა, არამედ მარჯვენა ფლანგზე გამოიყენოს.
საქმე ისაა, რომ „ნაპოლის“ ტრავმირებული ჰყავს მარჯვენა შემტევი მატეო პოლიტანო, ირვინგ ლოზანო იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში არ იმყოფება, ხოლო ალესიო ძერბინს საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია. თავის მხრივ, ხვიჩას მარჯვენა ფლანგზე არაერთხელ უთამაშია, მიუხედავად იმისა, რომ მისი საყვარელი პოზიცია საპირისპირო ფრთაზეა.
თუ სპალეტი ამას მართლაც გადაწყვეტს, „ტორინოსთან“ მარცხენა ფლანგზე ჯაკომო რასპადორი ან ელიფ ელმასი ითამაშებს. ცხადია, ეს მხოლოდ ერთმატჩიანი ექსპერიმენტი იქნება და იმას არ ნიშნავს, რომ იტალიელი მწვრთნელი კვარას პოზიციის შეცვლას მუდმივად განიხილავს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით თავი 9 მატჩში 4 გოლით, 2 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ შეხვედრა 1 ოქტომბერს, გაიმართება.