„საზღვრის ჩაკეტვისგან თავს შევიკავებდი, რადგან ამ ლოგიკით სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარიც უნდა ჩავკეტოთ, ვინაიდან იქიდანაც შეუძლიათ შემოვიდნენ“

„საზღვრის ჩაკეტვისგან თავს შევიკავებდი, რადგან ამ ლოგიკით სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარიც უნდა ჩავკეტოთ, ვინაიდან იქიდანაც შეუძლიათ შემოვიდნენ“

ე.წ. ნაწილობრივი მობილზაციის ფონზე ზემო ლარსის გადასასვლელზე რიგები გაჩნდა. სასაზღვრო პუნქტი გადატვირთულია. ადამიანები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის 21 სექტემბრის ბრძანებას არ ემორჩილებიან, ცდილობენ თავი შეაფარონ სხვადასხვა ქვეყანას და მათ შორის არის საქართველო. ლარსიდან შემოსული რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა საქართველოში 24 საათზე ნაკლებს ატარებს, ანუ ტრანზიტად მიემართებიან ევროპის ქვეყნებში.

ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს დრულად ჩაკეტოს რუსეთ-საქართველოს საზღვარი, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ მიეცეთ საქართველოში შემოსვლის უფლება. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარს არა მხოლოდ რუსები, არამედ საქართველოს მოქალაქეებიც კვეთენ, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

შს-ს ინფორმაციით 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა. კერძოდ, ბოლო 10 დღეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ქვეყანა კი დატოვა რუსეთის 62 120-მა მოქალაქემ. რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვის მიზნით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები. უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი. ვახგანგ გომელაურის უწყებაში განმარტავენ, რომ მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელთა შემოშვებაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ ხდება.

რუსეთ-საქართველოს საზღვართან უმოძრაოდ მყოფი ტრანსპორტის გრძელი რიგებია. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში გადასვლას რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებიან. მოულოდნელი შემოდინების ფონზე იმატა მგზავრობის თანხამაც. იმისათვის, რომ ვლადიკავკაზიდან საქართველოს საზღვარი რიგის გარეშე გადმოკვეთო, აუცილებელია, რომ ქრთამის სახით 500 ამერიკული დოლარი გადაუხადო იმ პირს, ვინც საქართველოს საზღვრამდე რიგის გარეშე მოგიყვანს. ჩვენი რესპოდენტი სერგეი ბოჩაროვი ერთ-ერთია, რომელიც საქართველოში ოჯახთან ერთად შემოვიდა. იგი გვიყვება, რომ 3 დღე იმყოფებოდა ვლადიკავკაზში, შემდეგ კი, მისი მეგობრების დახმარებით, ადგილობრივმა მილიციის თანამშრომელმა საკუთარი ავტომობილით მოიყვანა საქართველოს საზღვრამდე, ამისთვის კი 500 დოლარი გადაუხადა. გარდა ამისა, ვლადიკავკაზში მოუწია საკუთარი ავტომობილის დატოვება.

„პიტერიდან ჩამოვედი ოჯახთან ერთად, 2 მცირეწლოვან შვილთან, მეუღლესთან და ძმასთან ერთად. გამოწვეული რიგების გამო 3 დღე ვლადიკავკაზში მოგვიწია დარჩენა. გვითრხეს, რომ ვერ მოვახერხებდით შემოსვლას, რადგან მანქანით შეუძლებელი იყო საზღვრის გადმოკვეთა. მეგობრების დახმარებით ადგილობრივი მილიციის თანამშორმელმა საკუთარი ავტომობილით მოგვიყვანა უსაფრხოდ და რიგის გარეშე საზღვამდე. ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფება საზღვართან, ცდილობენ დროულად შემოვიდნენ, რადგან ხალხში გავრცელდა ცნობა, რომ საზღვარი შეიძლება დროებით დაიკეტოს. ჩვენ საქართველოდან დუბაიში მივდივართ“, - გვითხრა სერგეი ბოჩაროვმა.

საქართველოში შემოსული რუსი დეზერტირების შესახებ ინფორმაციას აგროვებს რუსეთის ხელისუფლება. რუსული მედია წერს, რომ გასულ კვირას ზემო ლარსის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც წინა კვირასთან შედარებით 23.3%-ით მეტია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის პირობებში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული. რუსული მედია იუწყება, რომ საზღვრებზე, სადაც ახლა რუსების დიდი რაოდენობაა დაგროვილი, გახშირდა შემთხვევები, რომ მესაზღვრეები ქვეყნიდან არ უშვებენ მამაკაცებს, ვისაც მობილიზაცია ეხება.

საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეებზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვს ოპოზიცია. „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი თვლის, რომ სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს როგორც ვადებში, ასევე პირობებში. დეპუტატი მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, დასაბუთებული გამონაკლისებით.

„საქართველოს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლაზე შეუზღუდავი რეჟიმი აქვს, რაც მიუღებელი და დაუშვებელია. სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს როგორც ვადებში, ასევე პირობებში. ჩვენ საზღვრის ჩაკეტვას არ ვითხოვთ! ჩვენ ცვლილებები მოვამზადეთ, სადაც არის მკაფიო ჩარჩო და ეს პრობლემას მოაგვარებს. საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება გამკაცრების მიმართულებით და არა აკრძალვის მიმართულებით“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებით, საზღვრის ჩაკეტვას დაუყოვნებლივ ითხოვს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით, უნდა დაწესდეს გარკვეული გამონაკლისები საქართველოს მოქალაქეებისთვის, თანამემამულეებისთვის და ჰუმანიტარული მიზნების არსებობის შემთხვევაში.

„საქართველო კატასტროფული საფრთხის წინაშეა. რას ვითხოვთ ჩვენ?! ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე ყოველდღიურად შემოდის საქართველოში და უზარმაზარი რიგი დგას ლარსის გამშვებ პუნქტთან, შესაბამისად „სტრატეგია აღმაშენებლის“ მოთხოვნაა - დაუყოვნებლივ მოხდეს საზღვრის დროებით ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის.

იყოს მხოლოდ სამი გამონაკლისი - საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება დაბრუნდნენ საქართველოში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში, ჰქონდეთ სამშობლოში შემოსვლის უფლება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის, თუ რამე განსაკუთრებული მიზეზი იქნება.

სხვა ვარიანტი და გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ის საფრთხე, რის წინაშეც ახლა ვდგავართ. უახლოეს დღეებში და კვირებში დადგება მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 10% იქნება რუსეთის მოქალაქეები. შესაბამისად, ეს იქნება საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ოპოზიცია ითხოვს, რომ ისევე, როგორც ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა დაკეტეს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, საქართველომ უნდა მიიღოს დაუყოვნებლივ იგივე გადაწყვეტილება, რადგან, მათი მტკიცებით, საზღვარი არ კონტროლდება. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მანიპულაცია და დეზინფორმაციაა, თითქოს საზღვრები არის უკონტროლო, საზღვარი არის სრულად კონტროლირებადი. მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, ხოლო მათგან ბევრი წარმოშობით ქართველია.

„ის შტამპი, რომელსაც არტყამს მესაზღვრე, ჩათვალეთ, არის ვიზა. მესაზღვრის გადასაწყვეტია, ვინ შემოვიდეს, ვინ არ შემოვიდეს და, რა თქმა უნდა, კონტროლდება ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ არ უნდა შემოვიდეს. გადაწყვეტილება მესაზღვრის მიერ მიიღება საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი არის გაკონტროლებული. ეს არის მცდელობა დააზიანო საქართველოს სახელმწიფო, ერთი მხრივ ისტერიის შექმნით ქვეყნის შიგნით და მეორე მხრივ საქართველოს რეპუტაციის შელახვით ქვეყნის გარეთ, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი ანტიქართული კამპანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საზღვარი უნდა კონტროლდებოდეს ზუსტად ისე, როგორც დღეს კონტროლდება, უმჯობესია, თუ ვინმე რეალურად დაინტერესებულია ამ საკითხებით, მოქმედ კანონმდებლობას გაეცნოს. მისი თქმით, საქართველოში შემოსული მოქალაქეების რაოდენობასთან ერთად, საუბარი უნდა იყოს აქედან გასული მოქალაქეების რაოდენობაზეც, რაც ცვლის შეფასებისთვის აუცილებელ მოცემულობებს.

„ბოლო პერიოდია, გვესმის ბევრი მანიპულირებული სტატისტიკაც, როდესაც ხელაღებით საუბრობენ რაღაც რაოდენობით შემოსულ მოქალაქეებზე გარკვეული სახელმწიფოებიდან და იქვე არ საუბრობენ მაგალითად, აქედან გასულ რაოდენობაზე, რომელიც თვისობრივად ცვლის შეფასებისთვის აუცილებელ მოცემულობებს და სხვადასხვაა. ამიტომ უმჯობესია, ალბათ, თუ ვინმე რეალურად დაინტერესებულია ამ საკითხებით, მოქმედ კანონმდებლობას გაეცნოს და აღმოაჩენს, რომ დღეს საქართველოს აქვს საკმაოდ მაღალი დონის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს საზღვართან დაკავშირებულ საკითხებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ დღეს, საქართველოს საზღვარი წარმოადგენს ჰუმანიტარულ კორიდორს. შესაბამისად, როდესაც ადამიანები უარს აცხადებენ იომონ უკრაინის წინააღმდეგ, ამ ვითრებაში საზღვრის ჩაკეტვა საქართველოს იმიჯს დააზიანებს. მისი თქმით, ამ ნაკადში აუცილებელად იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სპეციალური მისიით ჩამოდიან და ამისთვის არის ორი მნიშვნელოვანი უწყება - სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სამსახური, რომლებმაც აქტიურად უნდა იმუშაონ მათ გამოსავლენად.

„ამ ეტაპზე საზღვარი დაიკეტოს, ვფიქრობ, რომ ეს იქნება საკმაოდ ცუდი ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად დააზიანებს საქართველოს იმიჯს. რაც შეეხება ზოგადად დევნილების კონტროლს, მე, მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სამუშაო ექნება ჩასატარებელი კონტრდაზვერვას. ერთ მაგალითს მოგიყვანთ საქართველოს ისტორიიდან, როდესაც საქართველოში 1919-21 წლებში შემოჭრილმა 10-ათასობით დევნილმა რეალურად დაიწყო საქართველოს ინტერესების საზიანო ქმედებების განხორციელება, რამაც დაასუსტა კიდევაც სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემა. ამიტომ, ეს მომენტი გასათვალისწინებელია და ვფიქრობ, რომ საკმაოდ აქტიური სამუშაოების ჩატარება მოუწევს საქართველოს დაზვერვას და კონტრდაზვერვას. რუსეთის მოქალაქე იქნება, თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც დევნილთა ნაკადი შემოდის ქვეყანაში, ეს აუცილებლად გავლენას მოახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისი თქმით, ძალიან ბევრი საკითხებია წამოწეული, პირველ რიგში ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ იცის - აქვს თუ არა შესაძლებლობა, რომ გაუმკლავდეს ამ პრობლემებს.

„იმის გამო, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იყოს კორიდორი, ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს. ამ შემთხვევაში დავეყრდნობი ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ, ნებისმიერი ექსპერტის დასკვნა ამ შემთხვევაში იქნება ზოგადი და უპირატესი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

გენერალ-მაიორის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, პრაგმატული სამხედრო თვალსაზრისით, ეს ხალხი აკლდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რაც უკრაინისთვის არის კარგი, ვიდრე მათი არშემოშვება და წაიყვანონ საბრძოლველად უკრაინის წინააღმდეგ. მისი თქმით, რთული საკითხია, მაგრამ მთავარია არაა ის შემოუშვებენ თუ არა, არამედ მთავარია ქვეყანა რამდენად არის მზად ამისთვის.

„უსაფრთხოების სამსახური რამდენად აკონტროლებს და ა.შ. მე, მომხრე ვიქნებოდი, რომ შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი, რომ უფრო მეტი კონტროლი დაწესდეს. საზღვრის ჩაკეტვისგან თავს შევიკავებდი, ეს არ მიმაჩნია გამოსავლად. ამ ლოგიკით მაშინ სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარიც უნდა ჩავკეტოთ, რადგან იქიდანაც შეუძლიათ შემოვიდნენ. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, ეს რთული საკითხია, რადგან საფრთხის მატარებელია. ეს არის გამოწვევა, რომელიც შეიძლება საფრთხეში გადაიზარდოს, ან არა. პოლიტიკური მაჩვენებელი არის დეკლალირების დონეზე - განაცხადონ, რომ არავის არ შემოუშვებ და ამით უკრაინას უჭერ მხარს, მაშინ გეტყვიან, როგორ უჭერ მხარს, როცა ვისაც შენ არ უშვებ, იმათ აგზავნიან ომში უკრაინის წინააღმდეგ.

ამიტომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, შევეკითხებოდი ჩვენს პარტნიორებს, ვითხოვდი კონსულტაციას, რჩევას. როცა არის ამხელა საგარეო საქმეთა სამინისტრო, კეთილი ინებონ და დაელაპარაკონ პარტნიორებს. არაა გამორიცხული, რომ მოგებაც ვნახოთ, რაღაცა ბენეფიტი მივიღოთ ამისგან. გარდა იმისა, რომ ის რუსი რომ ჩამოვა, ფულს დახარჯავს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.