რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსი მიგრანტების რაოდენობა იზრდება, რაც ეკონომისტების ერთი ნაწილის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე დადებითად აისახება. თუმცა, პარალელურად კონტროლი გასაძლიერებელია და სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რუსების შემოდინებამ ქვეყანას არ ავნოს.
რუსების ახალი ნაკადის შემოსვლის ეფექტი არ იქნება მოკლევადიანი და მიგრანტების ნაწილი ქვეყანაში გეოპოლიტიკური ვითარების ძველ ნიშნულზე დაბრუნების შემდეგაც დარჩება. ისინი მეზობელი ქვეყნიდან გამოქცეული ადამიანები არიან და ასე მალე უკან ვერ დაბრუნდებიან. „თიბისის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ფიქრობს, რომ სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ქვეყანას შანსი აქვს ეკონომიკური სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაშიც გაზარდოს.
„მიგრანტების შემოდინებას ეკონომიკის ზრდაზე პოზიტიური ზეგავლენა აქვს და ამას ვხედავთ კიდეც რიცხვებში. რაოდენობრივად გამიჭირდება ახლა ზუსტი მონაცემების დასახელება, თუმცა შემოდინება გაიზრდება. გაიზრდება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში სატრანსპორტო გადაზიდვები და ექსპორტიც, თუმცა ამას არ ექნება ისეთივე დიდი ეფექტი როგორც მიგრანტებს.
არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტია, იმ სცენარშიც კი, როცა გეოპოლიტიკური ვითარება დაბრუნდება იქ, სადაც იყო. მგონია, რომ მიგრანტების დიდი ნაწილი დიდი ხნით დარჩება საქართველოში, ამაზე ბევრი ინდიკატორი მიუთითებს. გრძელვადიანი პოლიტიკის კუთხით ვთვლი, რომ არა მარტო რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც ეს სფერო ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა ზომიერად და ნორმის ფარგლებში.
ბევრი იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკაზე, რასაც ჩვენ გავატარებთ. დღეს ძირითადი კონცენტრაცია ხდება თბილისსა და ბათუმში და ვფიქრობ, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვა რეგიონებშიც, მაგალითად ქუთაისში იყოს მეტი აქტივობა, შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალო და მაღალ შემოსავლიან ადამიანებს სჭირდება, იგივე სკოლები, სხვა სერვისები რომლებიც ამჟამად ძირითად თბილისში და ნაწილობრივ ბათუმშია.
ასეთი მიდგომების შემთხვევაში დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს უფრო მეტი შემოდინება არა მარტო რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, რომელიც საბოლო ჯამში ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის გადინებაც შემცირდება“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ნადარაიამ.
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ კონტროლი გასაძლიერებელია და სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რუსების შემოდინებამ ქვეყანას არ ავნოს. ეკონომიკის დოქტორის, პროფესორ ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, რუსებს შემოაქვთ გარკვეული კაპიტალიც, რითაც ან ბიზნესს იწყებენ, ან შეიძლება დასაქმდნენ და საქართველოს ეკონომიკას, როგორც კვალიფიციური სამუშაო ძალად, გამოდგნენ.
„რუსეთის მოქალაქეების შემოდინება, სარგებელთან ერთად, გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. პირველ რიგში, ბევრი რუსი საქართველოში თეორიულად ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ რუსეთს შეიძლება მოუნდეს თავისი მოქალაქეების „დაცვა“ საქართველოში, რაც ყველამ იცის, როგორ მთავრდება ხოლმე. მე არ ვფიქრობ, რადიკალურ დაპირისპირამდე მივიდეს ურთიერთობა, მაგრამ გარკვეული საფრთხე იკვეთება.
გარდა სამხედრო საფრთხისა, არის მორალური ფაქტორიც. როდესაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, უკრაინაში თვეების განმავლობაში გრძელდება ომი და ამ დროს რუსეთის მოქალაქეებს არ სურთ რუსეთის ჯარში სამსახური და ამიტომ გამორბიან სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, ეს მორალურადაც არ არის გამართლებული.
მიუხედავად ამისა, ყველაფერს შეიძლება შევხედოთ პოზიტიური თვალსაზრისითაც, ეკონომიკურ განზომილებაში. როცა რუსები ჩამოდიან საქართველოში, მათ შემოაქვთ გარკვეული კაპიტალიც, რითაც ან ბიზნესს იწყებენ, ან შეიძლება დასაქმდნენ და საქართველოს ეკონომიკას, როგორც კვალიფიციური სამუშაო ძალა, გამოადგნენ“, - განაცხადა ჭარაიამ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია კონტროლის გაძლიერება, რაც საქართველოს გარკვეული რისკებისგან დაიცავს რუსეთთან დამოკიდებულებაში.