„ეჭვი არ მეპარება, რომ რუსების უმრავლესობა, ვინც ახლა საქართველოში შემოდის, მიესალმებოდა 2008 წლის ოკუპაციას, მაგრამ ჩვენ ისეთები ვართ, როგორც ისინი არიან?“

„ეჭვი არ მეპარება, რომ რუსების უმრავლესობა, ვინც ახლა საქართველოში შემოდის, მიესალმებოდა 2008 წლის ოკუპაციას, მაგრამ ჩვენ ისეთები ვართ, როგორც ისინი არიან?“

„დადგება დრო, როცა პუტინი წავა, მოვა სხვა პუტინი, რომელიც გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან, შეასრულებს თავის ვალდებულებებს დასავლეთის წინაშე, რუსეთს მოუხსნიან ეკონომიკურ სანქციებს, ყველა ბედნიერი იქნება, მაგრამ რუსის ჯარი თუ ისევ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, ეს ჩვენ რა სარგებელს მოგვიტანს?! ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ მაღალი ტრიბუნებიდან გამუდმებით უნდა ახსენოს საქართველო უკრაინის კონტექსტში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ნაწილობრივ მობილიზაციას გამოქცეული რუსები საქართველოში გადმოდიან მანქანებით, სკუტერებით, ველოსიპედითაც კი. არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთიდან მიგრაციის მეორე ტალღა კიდევ უფრო საფრთხის შემცველი იქნება, ვიდრე პირველი, რადგან პირველი ტალღის შემდეგ 200 ათასი რუსი უკვე დასახლდა საქართველოში. უნდა დაუწესდეთ თუ არა მათ შემოსვლაზე, ბინადრობასა და საკუთრების შეძენაზე კონტროლი?

- რუსეთიდან ჩამოსულებს უნდა დაუწესდეთ შეზღუდვა ბინადრობასა და საკუთრების შეძენაზე, მაგრამ საქართველოში შემოსვლისას შეზღუდვა არ უნდა დაუწესდეთ. მათ უნდა შეეძლოთ, შემოვიდნენ, დროებით დაიქირავონ ბინები და მერე, როგორც კი დასრულდება საომარი მოქმედებები, უნდა მოხდეს ამ ხალხის უკან გასტუმრება, ანუ არ უნდა მოხდეს მათი საქართველოს მიწაზე, ქონებაზე მიბმა. უარის თქმა გაჭირვებული ხალხისთვის, როცა ისინი გამორბიან, არ შეიძლება, ეს არაცივილურია. ჩვენი დევნილებიც რომ გარბოდნენ, ხომ ღებულობდნენ სხვა ქვეყნები?! ჩვენმა ერმა ეს ყველაფერი გამოიარა და უნდა ვიყოთ მადლიერნი იმ ღირებულებების მიმართ, რის გამოც ოდესღაც ჩვენებს ღებულობდნენ. ცხადია, საქართველოში შემოსული რუსების მიმართ უნდა იყოს მკაცრი კონტროლი, რეგისტრაცია, მაგრამ მოქალაქეობის მიღება, ქონების შეძენა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ხდებოდეს, მხოლოდ იმ ხალხისთვის, რომლებიც პუტინის რეჟიმს არა მარტო გაურბიან, არამედ ღიად ებრძვიან კიდეც. მხოლოდ მათ მიმართ უნდა იყოს მეტი ყურადღება, დანარჩენები, კი ბატონო, მივიღოთ, პატივი ვცეთ, მაგრამ გავაგებინოთ, რომ ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ამიტომ გამოქცეული რუსები უნდა მოიქცნენ ნორმალურად, მათ ბუკლეტები უნდა დახვდეთ საზღვარზე, რომ არ შეიძლება რუსული ჰიმნი, რუსული სიმბოლოები, გამაღიზიანებელი ქმედებები, მათ უნდა იცოდნენ, სად არიან და როგორ არიან.

ქართველ პოლიტიკოსებშიც აზრი იყოფა, რომ რუსი დეზერტირები არ უნდა შემოვუშვათ, რადგან მათ უხაროდათ აგვისტოს ომი, შემდეგ უკვე უკრაინის ომი, ისინი საკუთარი მთავარსარდლის ქმედებებით აღფრთოვანებულნი იყვნენ მანამ, სანამ ომის პერიპეტიები უშუალოდ მათ არ შეეხოთ. როგორ უნდა მოხდეს იმის განსაზღვრა, საქართველოში მიგრირებულ რუსებს შორის ვინ არის პუტინისტი და ანტიპუტინისტი?

- იმ რუსებთან მიმართებით, ვისაც უხაროდა აგვისტოს და უკრაინის ომები, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, როცა ადამიანს უხარია სხვისი უბედურება, ის რით სჯობს იმ ადამიანს, რომელსაც უხაროდა მისი უბედურება?! რაღაცით მაღლა ხომ უნდა დავდგეთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენი უბედურება უხაროდათ? სულ ცოტა, ეს არაქრისტიანულია, ამორალურიც კი. შური ვიძიოთ ამ ადამიანებზე და არ შემოვუშვათ? რა არის ამის რაციონალური მიზანი, რომ არ შემოვუშვათ ეს ხალხი? შურისძიება არ არის ყველაზე საუკეთესო გრძნობა. ეჭვი არ მეპარება, რომ უმრავლესობა, ვინც ახლა შემოდის, მიესალმებოდა 2008 წლის ოკუპაციას, მაგრამ ჩვენ ისეთები ვართ, როგორც ისინი არიან? მაშინ ღირსნი ვყოფილვართ იმის, რაც გაგვიკეთეს, თუ არ შეგვიძლია, მათზე მაღლა დავდგეთ მორალურად მაინც.

რუსები აწყდებიან თურქეთსაც, მხოლოდ ერთ ბილეთს ყიდულობენ თურქეთის მიმართულებით, უბრალო თურქი მოსახლეობა, რომელმაც თავის დროზე არაერთი მიგრანტის მოზღვავება იწვნია, სოციალურ ქსელში არ მალავს, რომ „რუსი მიგრანტების საწყობი არ გახდება“. მათ მიიღეს ავღანეთიდან გამოქცეულ ლტოლვილთა ნაკადი, უფრო ადრე მიიღეს სირიელი დევნილები, ახლა კი დაიღალნენ ამდენი მასპინძლობით. საქართველოშიც შიშობენ, რომ შესაძლოა, შესანახები გაგვიხდნენ რუსი მიგრანტები.

- დიახ, შეიძლება ასეთი განწყობაა უბრალო თურქ მოსახლეობაში, მაგრამ თურქეთის სახელმწიფო იღებს ლტოლვილებს. დედამიწის ზურგზე ბოლო 20 წლის განმავლობაში თუ ვინმეს მიუღია ყველაზე მეტი დევნილი, ეს გახლავთ თურქეთი. ევროკავშირმა, როგორც კავშირმა, შეიძლება უფრო მეტი დევნილი მიიღო, მაგრამ, როგორც სახელმწიფოს, თურქეთის მეტს ამდენი დევნილი არავის მიუღია. ამიტომ თურქეთს ყველაზე მეტი პატივისცემა ეკუთვნის ამის გამო. სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან სულ თურქეთი ღებულობს ხალხს. თურქი მოსახლეობა რას ფიქრობს და რას წერს სოციალურ ქსელებში, ეს ერთია, მაგრამ მთავარია, თურქეთის სახელმწიფო როგორ მოქმედებს. რაც შეეხება საქართველოს, არა მგონია, რუსები შესანახნი გაგვიხდნენ. ისინი ომს არ გაურბიან, რადგან, ამ შემთხვევაში, რუსეთის ტერიტორიაზე ომი არ არის. ომი არის უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ უკრაინის ტერიტორიიდან ვინც გარბის- უკრაინელი ქალები, ბავშვები, კაცები, ისინი გაურბიან ომს და ლტოლვილები არიან, ისინი ნამდვილად გაურბიან საფრთხეს, რუსები კი ომს არ გაურბიან, ამიტომ რომელი რუსიც გარბის, ის ფულიანია. ის თავქუდმოგლეჯილი კი არ გარბის, რომ არ მოკლან, არამედ გამორბის იმიტომ, რომ კომფორტში იყოს. ამიტომ არავითარი ჩვენი შესანახები ისინი არ არიან, მათ საკმარისი ფული აქვთ და, მე მგონი, აქ საკმაო ფულსაც ხარჯავენ.

პუტინის გეგმებს რაც შეეხება, ნაწილობრივი მობილიზაცია ნიშნავს ახალი საზარბაზნე ხორცით ძველი ხორცსაკეპი მანქანის შევსებას, მაგრამ რუსეთის ჯიბე კიდევ რამდენს გაუძლებს?

- სიტყვა „ნაწილობრივი“ დავივიწყოთ და დავიმახსოვროთ სიტყვა „მობილიზაცია“. პუტინს მხოლოდ ფორმალურობა სჭირდება. ამ ფორმალურობის უკან ყველაფერ უკანონოს კადრულობენ. რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია ნაწილობრივი არ იქნება და არც, ალბათ, გლობალური, იქნება ამორალური. ყველას გაიწვევენ ჯარში, ვისაც პატრონი არ ჰყავს, ვინც თანხას არ გადაიხდის. მართალი ბრძანდებით, საზარბაზნე ხორცად უნდათ გამოიყენონ უპატრონო ადამიანები, ჩააცმევენ ფორმას, მისცემენ იარაღს და ერთჯერადი მოხმარების ჯარისკაცებად აქცევენ, ანუ გაუშვებენ სასიკვდილოდ. ეს არის მმართველობის სრულიად ამორალური ფორმა, რასაც ახორციელებს პუტინის რუსეთი.

პუტინის მოკავშირეები (ჩინეთი, ინდოეთი) სამარყანდში ცივად შეხვდნენ პუტინს. ინდოეთის ლიდერმა, რომელიც რუსული იარაღის დიდი შემსყიდველია, პირდაპირ უთხრა პუტინს, რომ „ახლანდელი ეპოქა ომების ეპოქა არ არის“, ჩინეთის ხელმძღვანელობამაც აგრძნობინა პუტინს, რომ კითხვები ჰქონდათ უკრაინის ომთან მიმართებით. ასეთ განწყობას როცა ავლენენ მოკავშირეები, მოხდება თუ არა გარდატეხა კრემლის ლიდერში?

- პუტინში გარდატეხა აღარ მოხდება. გარდატეხა შეიძლება მოხდეს რუსულ ელიტაში, რომ მოახდინონ კარის გადატრიალება და პუტინი გაისტუმრონ პენსიაზე, მოიყვანონ ვინმე ასეთივე იმპერიალისტი, ოღონდ უფრო ნორმალური, ვინც ჯარებს გამოიყვანს უკრაინიდან. საქართველოც რომ ხმას იღებდეს, საქართველოდანაც, ალბათ, გაიყვანდნენ ჯარებს. დადგება დრო, როცა პუტინი წავა, მოვა სხვა პუტინი, ის გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან, შეასრულებს თავის ვალდებულებებს დასავლეთის წინაშე, რუსეთს მოუხსნიან ეკონომიკურ სანქციებს, ყველა ბედნიერი იქნება, მაგრამ რუსის ჯარი თუ ისევ ჩვენს ტერიტორიაზე დარჩება და ისევ „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ყველაფერს რუსეთს დავაბრალებთ - რომ არაფერს ვაკეთებთ, რადგან რუსეთის ჯარები დგას საქართველოს ტერიტორიაზე. თქვენ მკითხეთ, რუსეთის ჯიბე თუ გაუძლებს ამ ყველაფერსო, გაუძლებს, რუსეთი ხომ დემოკრატიული სახელმწიფო არ არის, ის არ არის არჩევნებზე დამოკიდებული, რუსეთი არის ქვევრი, რასაც ჩასძახებს თავისი ელიტა, იმას ამოსძახებს ხალხი. უარეს პირობებშიც უცხოვრიათ რუსებს. რუსეთის ბიუჯეტი ამას გაუძლებს, მთავარია, რუსი ხალხის ნებამ არ გაუძლოს ამას. პუტინს შეაჩერებს მხოლოდ უკრაინის არმია. რუსეთს ახლა ჰგონია, რომ უკრაინასთან ომში ხალხი არ ჰყოფნიდა. არადა, ის ხალხი, ვინც იბრძოდა, ფულს მაინც იღებდა და ფულის აღების მოტივაცია მაინც ჰქონდა, ხოლო იმ ხალხს, ვისაც ახლა საომრად უშვებენ ამ მობილიზაციის ფარგლებში, არაფერი უნდა, არც ფული, მათ არც ომი არ უნდათ, ანუ ბევრად უფრო ნაკლებად მოტივირებული ხალხია. თუ აქამდე საკონტრაქტოზე მყოფი რუსი სამხედროები ფიქრობდნენ ფულზე და არა რუსეთზე, ახლა იფიქრებენ გაქცევაზე. ამიტომ შანსი, რომ ამ ძალებით პუტინი გაიმარჯვებს, არ არსებობს. უკრაინელები არიან მოტივირებულები, მათთვის სამამულო ომია, ისინი სამშობლოს იცავენ, ამიტომ გაცილებით მეტი შანსი აქვთ. ყველაზე მტკივნეული მომენტი გაიარა უკრაინამ, ისინი მიხვდნენ, რომ ამ მონსტრის დამარცხება თურმე შეიძლება და მორჩა, ისინი აღარ გაჩერდებიან.

 

 

 

Aburjga Tasmanieli ქალბატონო მანანა, რომ ეკითხებით - "პუტინის მოკავშირეები (ჩინეთი, ინდოეთი) სამარყანდში ცივად შეხვდნენ პუტინს. " რა იცით ცივად შეხვდნენ თუ თბილად?! ადრე აქ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მასალაში სწორედ თქვენი რესპოდენტი ზაქარეიშვილი წერდა, რომ თურმე პუტინის მოკავშირეები (ჩინეთი, ინდოეთი) სამარყანდში ცივად შეხვდნენ პუტინს. ზაქარეიშვილის ნათქვამი დაგამახსოვრდათ როგორც ფაქტი და ახლა იქეთ ეკითხებით იგივეს ისე თითქოს ეს ნამდვილად ასე იყო?!
1 წლის უკან