რუსეთი არეულობის და ქაოსის პირას - რუსეთი თუ დაიშალა, კავკასიაში შიდა ომები დაიწყება, საქართველოსთვის კი კატასტროფა იქნება რუსეთის დაშლა

რუსეთი არეულობის და ქაოსის პირას - რუსეთი თუ დაიშალა, კავკასიაში შიდა ომები დაიწყება, საქართველოსთვის კი კატასტროფა იქნება რუსეთის დაშლა

რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გასაჭირშია - შესაძლოა ქვეყნის შიგნით პროცესები უმართავი გახდეს. მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ქვეყნის ქალაქები და ადმინსტრაციული ოლქები საპროტესტო აქციებმა და ქაოსმა მოიცვა. მოსახლეობის ნაწილი პუტინის მიერ გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას ამ ფორმით ეწინააღმდეგება. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანა უკვე 2061 ათასმა მამაკაცმა დატოვა.

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა დაღესტანში. „არა ომს და მობილიზაციას!“ - ამ ლოზუნგებით დედაქალაქის ქუჩებში ასეულობით ადგილობრივი გამოვიდა. მოქალაქეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს სოფელ ენდირეიში. პროტესტი უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ელექტროშოკებს, ხელკეტებსა და წიწაკის სპრეის იყენებენ. დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

ანალიტიკოსები for.ge-სთან არ გამორიცხავენ, რომ სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში უმართავი გახდეს. მათი თქმით, კავკასიელები ყველაზე კარგად ხდვებიან, რომ მობილიზაციის პირობებში, პუტინი პირველი მათ არ დაინდობს და უასამართლობის განცდა აქვთ. მათი შეკავება რუსეთს ისედაც უჭირს, ახლა კი საბაბი აქვთ იმისთვის, რომ რუსეთის ხელისუფლებას აუმხედრდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ პუტინი ჩრდილოეთ კავკასიაში ცეცხლს ეთამაშება და არ არის გამორიცხული, ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას  იარაღით შემოუტრიალდეს, რაც საქართველოსთვისაც გარკვეულ რისკებს ქმნის.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ენდირეიში მობილიზაციის ფარგლებში გამოიძახეს 110 ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც ახლახან დაბრუნდა არმიიდან.

რუსეთში მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა, ხელისუფლებამ წარადგინა გეგმა, არმიას დაემატოს 300 ათასი რეზერვისტი, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სამსახური და აქვთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება. თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ უწყებები მისდით იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ.

დაღესტნიდან იუწყებიან, რომ სამობილიზაციო პუნქტებში იბარებენ მრავალშვილიან მამებს, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, საომარი გამოცდილების არმქონე კაცებს და რიგითებს, რომელთა ასაკი აჭარბებს 35 წელს.

საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკშიც. ფედერაციის რამდენიმე ოლქში ადგილობრივებმა სამხედრო გაწვევის ოფისებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს ამიერიდან საზღვრის გადასაკვეთად დამატებითი დოკუმენტაციის წარმოადგენა მოუწევთ. ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს მალე ქვეყნიდან გასვლას აუკრძალავს, მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საზღვრის ჩაკეტვის სავარაუდო თარიღებსაც ასახელებენ. შესაძლოა პუტინამ ეს გადაწყვეტილება 28 სექტემბერს მიიღოს.

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში 25 წლის წვევამდელმა გაწვევის კომისარს ესროლა, რომელიც დაიჭრა. ინფორმაცია და მომხდარის ამსახველი ვიდეოები რუსული ტელეგრამ-არხებით ვრცელდება. შემთხვევა გაწვევის პუნქტში მოხდა.

თავდამსხმელი მალევე დააკავეს, ის რუსლან ზინინია. როგორც BAZA წერს, გასროლამდე წვევამდელმა დაიძახა „ახლა ყველანი სახლში წავალთ“, შემდეგ კი კომისრის, ალექსანდრ ელისეევის მისამართით გაისროლა.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინისთვის შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასია განსაკუთრებული პრობლემა გახდეს. არეშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მობილიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მე-7 მუხლი გასაიდუმლოებულია, სადაც წერია, რომ ბევრად მეტი ადამიანის მობილიზაცია უნდა მოხდეს, ვიდრე ეს თავდაცვის მინისტრის შოიგუს მიერ იქნა დასახელებული. ამიტომაც პროტესტი გარდაუვალი იყო და შესაძლოა რუსეთში, განსაკუთრებით კავკასიაში სიტუაცია უმართავი გახდეს.

„ამ დოკუმენტამდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში, რეგიონების ხელმძღვანელებმა მიიღეს განკარგულება, რომ შეედგინათ ადგილობრივი მოხალისეების ბატალიონები. ყველა რეგიონმა შექმნა ასეთი ბატალიონი და მათ შორის არის 22 წარმონაქმნი, რესპუბლიკა თუ ოლქი. ამ მიმართულებით განსაკუთრებით თავი ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა. ჩიჩნებზე ლაპარაკი აღარ მაქვს, რადგან იქ საერთოდ სხვა მდგომარეობაა. ეს ბატალიონები ექსტრემალურ სიტუაციაში შესაძლოა სანდოები საერთოდ არ იყვნენ. რუსებს აქვთ მწარე გამოცდილება, როცა ასეთმა ნაციონალურმა შენაერთებმა ეს იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენეს. თუ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, რუსეთს შესაძლოა სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში აუფეთქდეს. ამიტომ პუტინი ამ ბატალიონების შექმნით, პირდაპირ ცეცხლს ეთამაშება. ეტყობა, კრემლში მიხვდნენ, რომ ერთი ეთნიკური ბატალიონის დაშვება არ შეიძლებოდა. ბურიატები უკრაინაში პირველი დამრტყმელი ძალა იყო, მაგრამ ახლა უკვე მასობრივად დეზერტირობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ სამხედრო შენაერთებში არ მოხვდნენ. ასევე ხდება სხვა რესპუბლიკებშიც, მით უმეტეს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაში. მართალია ამას ჯერ მასობრივი სახე არ აქვს, მაგრამ გამორიცხული არაფერია“, - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში ასეთი სიტუაციაა, თუ ადამაინს სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვს, ვერავითარ კარიერულ ზრდაზე ვერ იოცნებებს. ამიტომ იქაური ახალგაზრდობა მიჩვეულია, რომ სამხედრო სტრუქტურებში იყვნენ დასაქმებულები. ომამდე ჯარში სიხარულით მიდიოდნენ, ახლა კი პროტესტი გაჩნდა.

„რუსეთი დილემის წინაშეა და ფაქტობრივად, რისკავს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ერთი ეთნიკური წარმომავლობის ბატალიონები არ შეიქმნას. რაც შეეხება პროტესტის განწყობას, ეს აშკარად იგრძნობა და უკვა ამაზე ხმამაღლაც საუბრობენ. იმ მიტინგებზე, რომელიც რუსეთში გაიმართა, ჩრდილოეთ კავკასიური ავოტნომიური დედაქალაქები დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სიტუაცია უკვე მწვავდება. ვნახეთ მოვლენები დაღესტანში როგორც ვითარდება. აქ საკმაოდ სახიფათო მდგომარეობაა, როგორც უკვე აღვნიშნე პუტინი ცეცხლს ეთამაშება“, - ამბობს არეშიძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ კავკასიელები განსაკუთრებით სიფიცხით და ემოციურობით გამოირჩევიან, ასევე მათ რუსეთის ხელისუფლებასთან მუდმივად პრობლემები აქვთ, რადგან უსამართლობის განცდა აქვთ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ დაღესტანი ჩეჩნეთისგან განსხვავებით, მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც 60-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. იქ არის დომინანტი ეთნიკური ჯგუფები და დაჩაგრული ჯგუფები. აქ ხალხი ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები არიან ან პოლიციაში არიან დასაქმებულები. ამიტომ ეს ხალხი ძირითადად ამ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ზემოდან უყურებენ და ომში გაწვევაც სწორედ პირველ რიგში მათ მიუვიდათ.

„ამ საერთო რუსული გაწვევის კომპონენტს შიდა დაღესტნური კომპონენტი და დაპირისპირება დაემატა. დომინანტები ცდილობენ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები გაიწვიონ. აქ არსებობს ეჭვი, რომ ეს ხუნძები ომში წასვლას თავად არ აპირებენ და ამ კვოტების შევსებას ჩვეულებრივი მოსახლეობისგან აპირებენ. ანუ მათ ხარჯზე სურთ თავი დაიძვრინონ. ხალხში ეს განცდა არსებობს და ამ საერთო რუსულ დანაშაულებრივ ქმედებებს, შიდა დაღესტნური დაპირისპირებაც ემატება.

ამიტომ წყალი უფრო იმღვრევა და დაღესტანში აჯანყების რისკები მეტია, კავკასიაში საკმაოდ ფეთქებად სიტუაციას ქმნის, ვიდრე სხვა რეგიონებში. ეს პუტინისთვის სერიოზული გამოწვევაა, რომელიც ძალიან სახიფათო პრობლემებს შეუქმნის. ერთი მხრივ უკრაინაში ომის ბედი სულ სხვაგვარად წარიმართება და ვეღარ უმკლავდება სიტუაციას და მეორე მხრივ ქვეყანა შიდა დაპირისპირების და ქაოსის ზღვარზე იმყოფება. ვისაც ომში წასვლა უნდოდა, ფულის გამო ყველა წავიდა. ვისაც არ უნდოდა, ფულის გამოც კი არ წავიდა. ახლა კი მობილიზაციის ფონზე ეს ხალხი არსად არაა წამსვლელი. ამიტომ შიდა აფეთქება გარდაუვალია. რუსების ბუნტი დღეს თუ არა, ხვალ მაინც დაიწყება. ეს ნაწილობირივ მობილიზაციაც ბლეფი აღმოჩნდა, რადგანაც რეალურად ყველას გაწვევას აპირებენ. ეს არის რუსული ფეიკი, რომელსაც ხალხი მიხვდა. განსაკუთრებული საფრთხე კი ჩრდილოკავკასიელებმა იგრძნეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, პუტინს უკვე ორი ფრონტი ეხსნება, ერთი ქვეყნის შიგნით და მეორე უკრაინაში. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ადამიანს, რომელსაც ომში წასვლა არ სურს და ის ძალით მიჰყავთ, შეშინებულია, კაცის მოკვლა არ უნდა, პირველი აკეთებს იმას, რომ საკუთარ მეთაურს კლავს. ამიტომ ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი აფეთქება გახშირდეს და კონფლიქტის ნიადაგზე ფრონტის ხაზზე ან მანამდე, წვევამდელებმა საკუთარი მეთაურებიც კი დახოცონ. ამ ფონზე კი, როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, კავკასიაში დაწყებული დაპირისპირება ჩვენს ქვეყანასაც დიდი რისკის ქვეშ აყენებს.

„მოსკოვში ისე არ ეხებიან და დიდ ქალაქებში, როგორც რეგიონებში. დაღესტნელები ჭკვიანი ხალხია და ეს ტენდენცია მაშინვე დაიჭირეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში ანტიცენტრისტული, ანტიმოსკოვური განწყობები დაიწყება. ეს რეგიონებში დესტაბილიზაციას და დეინტეგრაციას გამოწვევს, რაც დაშლისკენ მიმართული პროცესები იქნება. მსოფლიოს რუსეთის დაშლა არ აწყობს, მით უმეტეს საქართველოს. ჩვენთვის რუსეთის დაშლა კატასტროფა იქნება. ამიტომ მსოფლიომ რუსეთს უნდა უთხრას, რომ უკრაინიდან გავიდეს და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება. რუსეთი თუ დაიშალა, კავკასიაში შიდა ომები დაიწყება. ყველას ერთმანეთთან პრობლემები აქვს - ჩეჩნებს ინგუშებთან, დაღესტნელებთან, ოსებს - ინგუშებთან. ეს კი სისხლისღვრას გამოიწვევს, ლტოლვილთა ნაკადი ახლა იქიდან დაიძრება ჩვენსკენ. ჩვენზე უნდა გაიაროს ყველამ, აქ თუ არ დარჩებიან. ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირების, კრიმინალის და სოციალური კოლაფსის რისკები გაიზრდება. ამიტომ ჩვენ არაფერში გვაწყობს რუსეთის დაშლა. ვხედავთ დასავლეთი ქირურგიული სიზუსტით ცდილობს რუსეთი დაასუსტოს და თან გააგებინოს, რომ ეს საფრთხეები ამათაც ადარდებთ და გონს მოეგონ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

 

 

 

 

DDDzia "კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინისთვის შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასია განსაკუთრებული პრობლემა გახდეს" - ჩვენთვის რა იქნება?
კატასტროფა!
სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისი.
ცოტა გონზე მოდით ყველა, ვისაც რუსეთის დაშლა გელანდებათ და მისთვის ლოცულობთ.
1 წლის უკან
trampi ხაზეინ

ამ ჩიტი..... ჩიტირეკია ექსპერტის(ჩიტაძე)სიბრძნეებით დღე გამოშვებით რომ გვიშლი ხოლმე ნერვებს, შარაშენიძეს დაელაპარაკეთ, შარაშენიძეს--- ყველაზე ობიექტური ეგაა ....
1 წლის უკან
trampi გაბრიელ ბერი ამბობდა----- რუსები თავის გადასარჩენად საქართველოს შემოაფარებენ თაავსო ...
ხოოდა მგონი დგება ის დრო...
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რუსეთში არეულობა და ბუნტი ბევრჯერ მომხდარა. ის კი არა პოლონელებმა დაამარცხეს რიუსეთი და მოსკოვში "იჯდნენ" კარგა ხანი! მონღოლმა ხანმა თოხთამიშმაც გადაწვა და დანგრია მოსკოვი. ნაპოლეონმა ხომ გადაწვა, პეტერემ გააუქმა, ჰიტლერის ურდოები 2 კილომეტრზე მიუახლოვდნენ. მაგრამ მოსკოვი როგორც ფენიქსი ყოველთვის აღდგებოდა ფერფლიდან და ნანგრევებიდან! მხოლოდ ქართულ და უკრაინულ საინფომაციოებს ნუ უყურებთ. დიდი აღმავლობით მიმდინარეობს მობილიზაცია, აკარდიონით და ცეკვა სიმღერით იკრიბებიან უამრავ კომისარიატში. გამოცხადებულ 300 000 ნკაცს მობილიზებულთა რაოდენობამ გუშინ 2-ჯერ გადააჭარბა! რა თქმა უნდა რუსეთშიც ბევრია დასვლეთისგან ტვინგამორეცხილი ლიბერალი, მაგრამ თუნდაც 100 ათასი კაცი იყოს დეზერტირი იმ სამობილიზაციო რეურსთან (12 მილიონი) რა შედარებაა, რა პრობლემაა? ერთი ის იკითხეთ რამდენმა მილიონმა უკრაინელმა შეაფარა თავი დასავლეთს 5-7 - 10 -მა მილიონმა თუ მეტმა? დონეცკის და ლუგანსკის მცხოვრები 6 მილონი კაცი ხომ დაემატა ამ 100 ათასი დეზერტირის ნაცვლად?! ასე რომ .......
1 წლის უკან
leviko რუსეთს შლიან უკვე 300 წელი და ვერ დაშალეს ასე რომ ვნახოთ როდის დაიშლება ბუმერანგივიტ სხვა რამ არ მივიღოთ
1 წლის უკან