ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტის ექსპორტის მოცულობა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, განახევრებულია, დაბალია ფასიც. მიზეზი პროდუქტის უხარიხობა და თურქეთში მაღალი მოსავალია. ასე რომ, ფასის გაზრდის წინაპირობა თითქმის არ არსებობს.
ქართული თხილის ექსპორტმა აგვისტოში მხოლოდ 0,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც ამ თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, სულ მცირე, ბოლო 9 წლის განმავლობაში.
საექსპორტო ფასიც ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეზეა: 2014 წლიდან საშუალო თვიური საექსპორტო ფასი 75%-ზე მეტ შემთხვევაში აღემატება ამჟამინდელ საშუალო ფასს, რაც კილოგრამზე 4,70 ევროა და იმავდროულად ყველაზე დაბალი ფასია აგვისტოსთვის.
ახალი სეზონის დასაწყისში საექსპორტო მიმართულებათა სამეულშია გერმანია, სომხეთი და რუსეთი. EastFruit-ი საექსპორტო ფასებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ეს გასული სეზონიდან შემორჩენილი თხილია. იტალიიდან კი შესყიდვა არ ყოფილა. მთლიანობაში 2022 წლის აგვისტოში წლიურ ჭრილში დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები თხილი გაიტანა ექსპორტზე.
ორგანიზაცია ასახელება იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც ქართული თხილის ექსპორტის მოცულობასა და ფასებზე მოქმედებს:
დასავლეთ საქართველოში ჭარბტენიანმა ამინდმა თხილის ხარისხი გააფუჭა, უამინდობამ შეაფერხა მოსავლის აღების პროცესი და შესაბამისად ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა ექსპორტზეც.
პარალელურად ადგილობრივი ექსპორტიორების მხრიდან მოთხოვნა დაბალია. მათ გარკვეული მარაგები აქვთ და თხილს აქტიურად არ ყიდულობენ. ეს უკრაინის ომის გამო გლობალურად დაბალი მოთხოვნითაც აიხსნება, სუსტი მოთხოვნის ფონზე კი თხილის მთავარ მწარმოებელ თურქეთში მოსავალი გაიზარდა, ლირა კი უფასურდება და ზეწოლას ახდენს თურქეთის საექსპორტო ფასებზე.
წელს საქართველოში თხილის ხარისხი მართლაც გაუარესდა, მოსავალი კი 30%-ით შემცირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიზეზი უხვი ნალექი და ფაროსანას გააქტიურებაა. თხილის სარეალიზაციო ფასი ადგილობრივ ბაზარზე გასულ წელთან შედარებით 1 ლარითაა შემცირებული.
„უხვი ნალექების გამო წამლობებიც შეფერხდა და ფერმერებმა ვერ მოახერხეს სრულად ჩაეტარებინათ სამუშაოები. გარდა ამისა ვერ მოხერხდა მინერალური სასუქების შეტანაც, გაზრდილი ფასის გამო, რაც თხილის ხარიხისთვის აუცილებელი პირობაა.
სარეალიზაციო ფასი ადგილობრივ ბაზარზე 3-5 ლარის ფარგლებში მერყეობს და გასულ წელთან შედარებით 1 ლარითაა შემცირებული. საექსპორტო ღირებულება კი 5 ევრო და 20 ცენტია“,- აცხადებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა.
ასოციაციაში თხილის საექსპორტო ბაზრების გაფართოების სურვილს გამოთქვამენ. გიორგი თოდუას თქმით, დაწყებულია მოლაპარაკებები ჩინეთთან 1000 ტონა კახური თხილის გულის ექსპორტთან დაკავშირებით, ასევე არსებობს მოლოდინი, რომ სამომავლოდ ქართული თხილი ინდოეთის ბაზარზეც გავა.
თხილის დაბალი ფასის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს გადამამუშავებელი საწარმო „ჯეო-ნათსის“ დირექტორი ჯენერ ბელქანიაც.
მისი ინფორმაციით მოსავლის დაახლოებით 50% დაბალი ხარისხისაა.
„წვიმიანი ამინდების გამო თხილის გამოსავლიანობა დაბალია, ფასის ფორმირება, კი თხილის გულის სიჯანსაღის მიხედვით ხდება. მოსავლის დაახლოებით 50% დაბალი ხარისხია და ამ ფონზე ფასის მნიშვნელოვან ზრდას არც ველოდებით. ბაზარზე შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს თუკი თურქეთში თხილის ფასი გაიზრდება, რადგან ქართული თხილი თურქულზეა მიბმული, მაგრამ ეს დღეს ნაკლებად სავარაუდოა“, - განაცხადა ჯენერ ბელქანიამ.
ბოლო 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან თხილის ექსპორტის ღირებულებამ 45 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით უსწრებს, თხილის ექსპორტი სულ 35 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადად კი ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ჯამურად 33 მლნ აშშ დოლარის თხილია ექსპორტირებული.