ჩინეთი საბჭოელ მეზობლებს ტერიტორიებს აჭრის

ჩინეთი საბჭოელ მეზობლებს ტერიტორიებს აჭრის

[მოამზადა გოჩა ჯელიამ]

ტაჯიკეთის პარლამენტმა ჩინეთისათვის ათასი კვ.კილომეტრი საკუთარი ტერიტორიის გადაცემის გადაწყვეტილება მოიწონა და თან ოფიციალურად განაცხადა ”ტაჯიკური დიპლომატიის გამარჯვების” შესახებ.

ტერიტორიული პრეტენზიები პეკინს მეფის რუსეთის დროიდან ჰქონდა და არა მარტო ტაჯიკეთის მიმართ. ”მტაცებელი” საბჭოთა კავშირისათვის სასაზღვრო პრეტენზიის წაყენება ომის გამოცხადებას ნიშნავდა, - ეს პეკინში მშვენივრად იცოდნენ. უფრო მეტიც, 60-იან წლებში უსურიის რაიონში საზღვრის ”ჩინურად კორექტირების” მცდელობას სისხლიანი შეტაკებაც მოჰყვა. ამ ფაქტს საბჭოთა პროპაგანდა წლების მანძილზე გულმოდგინედ მალავდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩინეთმა დემარკაციის მოტივით, საზღვრების გადახედვა მოითხოვა ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, ყაზახეთთან და რუსეთთან, ანუ ყველა პოსტსაბჭოელ მეზობელთან.

2008 წელს დასრულდა რუსეთ-ჩინეთის საზღვრის დემარკაცია მდინარე ამურის კუნძულების რაიონში. შეთანხმების თანახმად, ტარაბარების კუნძულს ”ინ ლუნ დაო” დაერქვა და ჩინეთს გადაეცა, დიდი უსურიის კუნძული კი შუაზე გაიყო, მის დასავლეთ, ჩინურ ნაწილს ”ხეი სია ძი დაო” ეწოდა.     

ანალოგიური გზა გაიარეს ჩინეთის სხვა პოსტსაბჭოთა მეზობლებმაც: - ყირგიზეთმა ჩინეთს დაუთმო 12 კვ.კმ. ტერიტორია, ყაზახეთმა - 407 კვ.კმ.   

ტაჯიკეთისაგან პეკინმა მოითხოვა საზღვრის სამი უბნის ”გასწორება”. 1999 წელს ორ მათგანზე შეთანხმდნენ, - ყარზაკის უღელტეხილი ტაჯიკეთმა შენარჩუნა, ხოლო მდინარე მარკანსუს რაიონში საზღვარმა ტაჯიკეთის სიღრმეში 200 კმ-ით გადაიწია.

 აღმოსავლეთ პამირის რაიონში საზღვრის კორექტირების შესახებ (ისევ ჩინეთის სასარგებლოდ) გადაწყვეტილება მხარეებმა 2000 წელს, პეკინში ტაჯიკი ლიდერის, ემომალი რახმონოვის ვიზიტისას მიიღეს. მიუხედავად ამისა, ჩინეთმა 28, 5 ათასი კვ. კმ. ტერიტორია სადაოდ გამოაცხადა.

”არ გვქონდა უფლება, ეს პრობლემა მომავალი თაობებისათვის დაგვეტოვებინა”, - ნათქვამია ტაჯიკეთის პარლამენტის 12 იანვრის დადგენილებაში, რომლითაც ჩინეთ-ტაჯიკეთის სამთავრობათშორისო პროტოკოლის რატიფიცირება მოხდა.

 საქმე იმაშია, რომ გიგანტი მეზობელი ტაჯიკეთისაგან 28,5 ათას კვადრატულ ტერიტორიას ითხოვდა. საბოლოოდ კი, პეკინი და დუშანბე 1100 კვ.კილომეტრზე შეჯერდნენ. ტაჯიკების კმაყოფილების მიზეზიც ეს გახდა.

”ერთიანი და განუყოფელი” ტაჯიკეთი, თვალს ხუჭავს ქვეყნის ძირითად კანონზე. ”დიდ მეზობელთან” უთანხმოება დუშანბეს დიდ დისკომფორტს შეუქმნიდა. ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ხარმოხონ ზარიფი სააგენტო ”აზია-პლიუსს” უცხადებს, რომ ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზია მხოლოდ 4%-ით დააკმაყოფილეს, ეს ტაჯიკეთისათვის უდიდესი ისტორიული გამარჯვებაა.