რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებამ აფხაზეთში პანიკა გამოიწვია

რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებამ აფხაზეთში პანიკა გამოიწვია

რუსეთის პრეზიდეტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებამ აფხაზეთში პანიკა გამოიწვია. ამას ემატება ისიც, რომ აფხაზეთის ე.წ პარლამენტის ეროვნული კრების ყოფილმა დეპუტატმა, ნატალი სმირმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია სტრატეგიული პარტიორობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულების შესაბამისად, აფხაზეთზეც გავრცელდება.

მისივე თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს, მე-6 მუხლში წერია, რომ თუ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი აგრესიის, ან შეიარაღებული თავდასხმის საშიშროების წინაშე დგას, ეს აღიქმება როგორც შეიარაღებული თავდასხმა მოკავშირე მეორე მხარეზეც.

„აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენც გვევალება ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, ვინაიდან ეს ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს ვალდებულებები ჩვენთან ამოქმედდება მას შემდეგ, რაც 27-ში დონეცკსა და ლუგანსკში რეფერენდუმი ჩატარდება და ტერიტორია რუსეთის ნაწილი გახდება“, - ამბობს ე.წ. ყოფილი დეპუტატი.

სმირის განცხადებით, ახლა ძნელია იმის პროგნოზი, როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს, მაგრამ ის, რომ კოლექტიურ დაცვაში აფხაზეთსაც მოუწევს ჩართვა, ეს გარდაუვალია და ამის თქმა ზუსტად შეუძლია.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო, საშიში და ტრაგიკულია, იმავდროულად, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ჩვენი შეთანხმებისა და რუსეთის წინაშე არსებული ვალდებულებების ფარგლებში, აფხაზეთი ამ ომის მონაწილე გახდება“. - ამბობს სმირი.

კონფლიტოლოგი მამუკა არეშიძე განმარტავს რას ნიშნავს რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული სტრატეგიული პარტიორობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულება. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის რუსეთმა აფხაზეთის მიმართ საქმე ასე დააყენოს და აფხაზეთი ვალდებული გახდეს დაეხმაროს.

„აღნიშნული ხელშეკრულება ორი წლის წინ დაიდო, რომელიც სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს და რაც მთავარია, გულისხმობს ურთიერთდახმარებას იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ამ ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდა. ახლა, რუსეთი პოზიციონირებს, თითქოს დასავლეთი მის წინააღმდეგ აგრესიას ახორციელებს და გამორიცხული არ არის, რუსეთმა აფხაზეთი დაავალდებულოს დაეხმაროს. არ მგონია ჯერჯერობით ეს მოხდეს. თან აფხაზეთის მონაწილეობით ამ ომში მაინც არაფერი შეიცვლება. აფხაზებს ისედაც, საკუთარი მობილიზაციის პრობლემები აქვთ. თუმცა, გამორიცხული არ არის ეს საკითხი მაინც დადგეს და რუსებმა, როგორც იციან ხოლმე, მიზნის მისაღწევად გამოიყენონ“, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

მისივე თქმით, აფხაზეთისგან განსხვავებით, აღნიშნული ხელშეკრულება სამაჩაბლოზე არ ვრცელდება.

 „რუსეთს სამხრეთ ოსეთთან სხვა ტიპის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. იქ პრინციპში მობილიზაციის თემა მწვავედ არც დგას, რადგან ოსები აფხაზებისგან განსხვავებით რუსების ჯარში ისედაც არიან დასაქმებულები. მათ სხვა გამოსავალი მაინც არ აქვთ იმიტომ, რომ თუ რუსულ ჯარში არ მოხვდნენ, მათი კარიერა ვერ განვითარდება“, - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის ფონზე, შესაძლოა აფხაზმა და ოსმა მოქალაქეებმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადონ. როგორც რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, რუსეთის მთავრობამ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებით, შესაძლოა, მამაკაცები ძალითაც გაიწვიოს, როგორც ეს რუსეთის ტერიტორიაზე ხდება.

„აფხაზებისა და სამაჩაბლოს მოსახლეობის გადასაწყვეტი იქნება, რუსეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვიან თუ არა. თუმცაღა, თუ ისინი ფორმალურად რუსეთის მოქალაქეებად დარჩებიან, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ისინი ჯარში გაიწვიოს და ამას წინ ვერავინ დაუდგება. გამორიცხული არ არის, რუსეთის მთავრობამ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებით მამაკაცები ძალითაც გაიწვიოს, როგორც ეს რუსეთის ტერიტორიაზე ხდება. რუსეთის პასპორტი აფხაზეთში და სამაჩაბლოში მცოხვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის მიმზიდველი იყო, რადგან ადგილობრივი დოკუმენტებით საზღვრებს ვერ გასცდებოდნენ, ახლა კი, კონკრეტული საფრთხს წინაშე დგანან. რუსეთში რეგულარული საკონტრაქტო არმია არსებობდა, რომელიც უკრაინის არმაიმ გაანადგურა. ეს სამოყვარულო ქვედანაყოფები, რომლის ფორმირებაც ახლა ხდება, დაღუპვისთვის არის განწირული. ამიტომ სავსებით გასაგებია ის შიში, რომელმაც აფხაზეთში და სამაჩაბლოში დაისადგურა. ამ შემთხვევაში ჩვენს აფხაზ და სამაჩაბლოში მცხოვრებ თანამემამულეებს ვურჩევდი, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვან“, - ამბობს ყოფილი ელჩი.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცოხვრებლებმა შეიძლება ქართული პასპორტი ჯერ არ აიღონ, მაგრამ რუსულ პასპორტზე უარის თქმის შემდეგ, ქართულის პასპორტის პოპულარიზაცია მოხდება. ამისთვის კი სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშაოს.

„სხვათა შორის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პასპორტის მიზიდულობა გაიზარდა. შეიძლება ქართული პასპორტი ჯერ არ აიღონ, მაგრამ რუსულ პასპოტზე უარს იტყვიან. ამას კი შემდეგ მოჰყვება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული პასპორტის პოპულარიზაცია. ეს თვითდინებით არ მოხდება. ამისთვის საჭიროა ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან აქტიური მუშაობა. ყველა არსებული ორმხირივი კონტაქტებისა და არხების სრუფასოვნად ამუშავება, ახალი ფორმატების დამკვიდრება - ეს იქნება პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი. ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებს უნდა დავუდასტუროთ, რომ რუსეთის შესუსტების ფონზე, საქართველო აგრესიულ ქმედებას არ ჩაიდენს. ომით ტერიტორიების დაბრუნებას არ ვაპირებთ. უნდა ვუთხრათ, რომ გვინდა მათი რეინტეგრაცია. ეს ყველაფერი კი ყველანაირი ფორმატით უნდა ავუხსნათ“, - აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ყოფილი ელჩი არ გამორიცხავს, რომ რუსეთიდან გამოქცეულმა ადამიანებმა თავი აფხაზეთს შეაფარონ, იქიდან კი ენგურით საქართველოში გადმოვიდნენ.

„რუსები შეეცდებიან თავი აფხაზეთს შეაფარონ, თუმცა ეს დროებითი იქნება. თუ რუსებს ლარსით გადმოსვლა გაუჭირდათ, ამ შემთხვევაში სადაც წაესვლებათ იქ წავლენ. ახლა ფსოუს გადაკვეთა უფრო ადვილია, მაგრამ ესაც დროებითი იქნება. უნდა ვივარაოდოთ, რომ ის ხალხი, ვინც აფხაზეთში გადავა, აუცილებლად ენგურს მოაწყდება და საქართველოში გადმოსვლას შეეცდება, რადგან მათ აფხაზეთში არანაირი გარანტია არ ექნებათ. ასეთ დროს ჩვენმა მხარემ ადმინისტრაციული საზღვრები უნდა გააძლიეროს. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი თეთრი ბაირაღებით და ხელებაწეულები ენგურს მოადგებიან და იტყვიან - „ჩვენ იძულებულები ვიყავით, სხვა გამოსავალი არ გვქონდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით შეგვიწყალეთ, ომში წასვლა არ გვინდა, პუტინის წინააღმდეგები ვართ და ა.შ.“ ამ სურათებს უახლოეს მომავალში ვიხილავთ“, - განუცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა for.ge-ს.

Aburjga Tasmanieli ქეთი, რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია არ გამოცხადებულა! ა რ ა! გამოცხადდა 300 000 ნაომარი რეზერვისტის მობილიზაცია! რუსეთის სამობილიზაციო რესურსი დაახლოებით 7 000 000 ადამიანსნ შეადგენს!
1 წლის უკან
DDDzia აფხაზეთი რა შუაშია?
იქიდანაც იწვევენ ჯარში?
გაქვთ ასეთი მასალა?
თუ აფხაზეთიდან იწვევენ, რატომ სამხრეთ ოსეთიდან არ იწვევენ?
"რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია სტრატეგიული პარტიორობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულების შესაბამისად, აფხაზეთზეც გავრცელდება" - ასეთი რამ ბელორუსთანაც არის დადებული და იქაც წერია, მაგრამ ბულბაშებს არავინ ჯარში არ იწვევს.
1 წლის უკან