იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ლორენცო ინსინიესთან უბრალო შედარების გაკეთება არ შეიძლება, რადგან ქართველმა არა მარტო ინსინიე, არამედ ზოგადად, „ნაპოლის“ სათამაშო სტილი შეცვალა.
„ჩვენ მხოლოდ კვარა და ინსინიე არ უნდა შევადაროთ, არამედ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რამდენად ცვლიან „ნაპოლის“ ახალწვეულები გუნდის თამაშის სტილს და ფეხბურთელები მოედანზე სხვანაირად მოძრაობენ. მაგალითად, ინსინიე შემტევი ფლეიმეიქერი იყო, ახლა კი კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ერთი ან ორი მეტოქის მოტყუებას და საჯარიმო მოედანში სწრაფად შესვლას. ეს ორი მოთამაშე ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდებიან, რომ მათთან მინდორზე ახლოს მყოფი თანაგუნდელებიც კი განსხვავებულად თამაშობენ“, - თქვა დელ ჯენიომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა.