იტალიური მედია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს (2:0) გამოეხმაურა, მეტწილად კი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს. სხვადასხვა იტალიური გამოცემების ვებგვერდებზე 21 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაშის შესახებ წერენ:
„კვარაცხელიას შოუ საქართველო-მაკედონიის მატჩში. მან გოლი გაიტანა და ავტოგოლი გამოიმუშავა. ნაპოლის ფანტაზისტა, სუპერ კვარაცხელია თბილისში გამართული შეხვედრის მთავარი გმირი იყო. ვილი სანიოლის გუნდმა B დივიზიონში გადასვლა გაინაღდა“, - წერს Corriere Dello Sport-ი.
„ხვიჩა კვარაცხელია არასდროს ჩერდება. ნაპოლის 77-ე ნომერი "აძურიში" სეზონის კარგი დასაწყისის მთავარი პროტაგონისტია და მან ყველა გააოცა თავისი თამაშით. მაგრამ ის მხოლოდ სერია A-ში არ გამოირჩევა: ეროვნული ნაკრების მაისურითაც ბრწყინავს. კვარა გადამწყვეტი იყო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებულ მატჩშიც“, - წერს Spazio Napoli.
"ერთა ლიგის C დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი. ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგაზეც ბრწყინავს ეროვნულ ნაკრებში, რომელმაც B დივიზიონის საგზური მოიპოვა. ნაპოლის გარემარბს ერთა ლიგაზე 5 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს თავის ანგარიშზე“, - წერს Tuttonapoli.
„შეუძლებელი იყო საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვან საღამოს ხვიჩა კვარაცხელიას პროტაგონისტის როლი არ ჰქონოდა. საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი წვრთნის, რომელსაც კარგი დასაწყისი სულაც არ ჰქონია და 2021 წლის მარტიდან ოქტომბრამდე 9 მატჩიდან გუნდმა 7 წააგო (თითო მოგება და ფრე). სწორედ აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრებისთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა, რადგან გუნდს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (8 მოგება, 2 ფრე). ეს არის შედეგი, რომელიც სანიოლის შეცვლილი ტაქტიკის (გუნდი 3-4-3-ზე გადააწყო) ნაყოფია. თუმცა, ამავდროულად ნიჭიერი ფეხბურთელების დამსახურებაც. პირველ რიგში რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ სამკაულის, კვარაცხელიას. თუმცა, გუნდში ასევე არიან, ახალგაზრდა და ძალიან ძლიერი მეკარე მამარდაშვილი გატუზოს ვალენსიადან, სერია A-ს კიდევ ერთი წევრი, ოღონდ კრემონეზედან, ლუკა ლოჩოშვილი, ბორდოს ნიჭიერი თავდამსხმელი დავითაშვილი, პერსპექტიული მარცხენა გარემარბი წიტაიშვილი და გამოცდილ მოთამაშეთა ნაზავი, რომელთაც ნაკრებში ახლა საუკეთესო მომენტი უდგათ“, - წერს Goal Italia.
„საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 მოუგო ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, როდესაც სტუმრებმა პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური, თუმცა ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში მოგებით ეს ცუდი მეხსიერება წაშალა. კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა ერთა ლიგის B დივიზიონის საგზური მოიპოვეს. მასპინძლებს ფრეც აწყობდათ, რადგან მაკედონიასთან სტუმრად მოგებული ჰქონდათ. საქართველო პირველ ტაიმში ბოიან მიოვსკის ავტოგოლით დაწინაურდა, მეორე ტაიმში კი კვარაცხელიამ კონტრშეტევაზე ანგარიში 2:0 გახადა. „ნაპოლის“ გარემარბი დამანგრეველი იყო და მეტოქეებს მთელი თამაშის განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. მან ავტოგოლში შეიტანა წვლილი და მეორე გოლი თავად გაიტანა“, - წერს Area Napoli.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა, რაც ნიშნავს: ერთა ლიგის მომდევნო სეზონში საქართველო B დივიზიონში ითამაშებს, გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.
და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი, რითაც 2010-2011 წლებში თემურ ქეცბაიას გუნდის დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ სანიოლის გუნდი გიბრალტართან არ წააგებს, რეკორდს ხელში მარტო ჩაიგდებს. საქართველოს წაუგებელი სერია გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და 10 მატჩიდან ქართველებმა 8 მოიგეს (კოსოვოსთან 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0, ბოსნიასთან 1:0, გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0 და 2:0), 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ (ალბანეთსა და ბულგარეთთან 0:0).
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, სტუმრად, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს.