„მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს“

„მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს“

საქართველოს პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა. პრემიერის გამოსვლის მთავარი გზავნილები რუსულ ოკუპაციას, უკრიანისადმი საქართველოს დახმარებას, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რეგიონის უსაფრთხოების საკითხში ჩვენი ქვეყნის წვლილს, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს ეხებოდა.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ მიაღწია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რუსეთის მიერ, საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს, საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.

„2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იმის მიუხედავად, რომ ჩემი ქვეყნის 20% კვლავ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამ რთულ გამოწვევას არ ვაძლევთ ჩვენი არსის განსაზღვრის უფლებას. სწორედ ამ მიზეზით, ვაგრძელებთ ზედა წონით კატეგორიაში ასპარეზობას და მუდმივად ვცდილობთ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეში წვლილის შეტანას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რუსეთ-უკრაინის ომი

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზეც გააკეთა აქცენტი. „ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს... საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას. საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას“, - განაცხადა მან.

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ზრუნავს უკრაინელ მოსწავლეებზე, გარდა ამისა, საერთაშორისო არენაზე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.

ევროინტეგრაცია

ერთ-ერთი თემა, რომელსაც ღარიბაშვილი თავის სიტყვაში შეეხო, იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მისი აზრით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოუტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს.

„საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს საერთაშორისო როლი

პრემიერმა ასევე ილაპარაკა ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე: „საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალურ მშვიდობასა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში. ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მონაწილეობა მიიღო მთელი მსოფლიოს მასშტაბით NATO-ს მიერ განხორციელებულ მისიებში. სულადობრივად ყველაზე მეტი წვლილი მიგვიძღვის ავღანეთის მისიაში. ბევრი მამაცი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასობით დაიჭრა და მნიშვნელოვანი მსხვერპლი გავიღეთ ამ ინიციატივებში. საქართველო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს საერთო უსაფრთხოების დაცვის საქმეში ნატოს მხარდაჭერისა და ევროკავშირის მისიების უწყვეტი დახმარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს.

„რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ“, - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოიყენა საერთაშორისო ტრიბუნა, რათა საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი ხალხისთვის მიემართა. თქვა, რომ ძალა ერთობაშია და ერთად უნდა აშენდეს საქართველო, როგორც თავისუფალი და ერთიანი ევროპული სახელმწიფო.

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ყოფილი მინისტრი და „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის მხრიდან სწორი აქცენტები იქნა დასმული, თუმცა უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მეტიც შეიძლებოდა ესაუბრა. ყოფილი ელჩი for.ge-სთან ამბობს, რომ პრემიერის მხრიდან ქვეყნის გარკვეულ მიღწევებზე საუბარი გასაკვირი არ არის, რადგანაც მსგავსი აქცენტები სხვა ქვეყნის პრემიერებსაც ჰქონდათ და ამაში გასაკრიტიკებელს ვერაფერს ხედავს. იმის მიუხედავად, რომ ფიქრობს, უკრაინის თემასთან და მხადაჭერასთან დაკავშირებით უფრო მეტის საუბარიც შეიძლებოდა, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ პრემიერმა უკრაინა ახსენა, რუსეთი კი ოკუპანტად მოიხსენია, რადგან ასეთი აქცენტების გაკეთება პრემიერისგან მისასალმებელია.

 „ძალიან კარგია, რომ გაეროს ასეთი მაღალი დონის ტირბუნა პრემიერმა გამოიყენა და განაცხადა, რომ საქართველო უკრაინას მხარს უჭერს. თქვა, რომ მასთან ერთად არის და შეძლებისდაგვარად ყოველმხრივ გვერდით დაუდგება. თუმცა ამას მხოლოდ განცხადებები არ შველის და მსოფლიოს ასევე უნდა დავანახოთ, რომ ვმოქმედებთ. ეს მოქმედება კი აუცილებელია რამშტაინის ჯგუფის ფარგლეში, ვინაიდან ჩვენ იქ მონაწილეობას ვიღებთ, მაგრამ რეალურად, ჯგუფში ჩვენ დახმარებას უკრაინას არ ვუწევთ. ამიტომ ამ მხრივ უფრო მეტი სამუშაო საჭირო. რაც შეეხება დახმარებას ჰუმანიტარული სახით, ლტოლვილების დახმარებაზე ისაუბრა და ესეც კარგია. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დახმარებას სწევს საქართველოს მოსახლეობა და კერძო კომპანიები. სახელმწიფოს წვლილიც არის, რა თქმა უნდა. რაც შეეხება რამშტაინის ჯგუფს, კარგია, რომ წევრი გავხდით და შევუერთდით, ჩვენ უკვე შეგვიძლია უკრაინას ხელშესახები დახმარება გავუწიოთ. გასაგებია ის პოლიტიკა, რაც მმართველ გუნდს აქვს, მაგრამ ჩაფხუტებს, ჯავშანჟილეტებს, სამედიცინო დახმარებას საველო ჰოსპიტლების სახით, ამის წინ არაფერი უდგას. ამით მაინც შეგვიძლია მხადაჭერა გამოვხატოთ. მოვა დრო და ამისთანა დახმარება უკრაინას სულაც აღარ დასჭირდება, მაგრამ ჩვენი ჩვენი სიტყვა ვთქვათ. უნდა ვაჩვენოთ უკრაინასაც და დასავლეთსაც, რომ ამ სახის დახმარებას ვეწევით და მათ გვერდით ვართ. აუცილებელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მაინც, კიევში ვიზიტი მოხდეს, რათა ჩვენ ეს ფურცელი გადავშალოთ და უკრაინა დავარწმუნოთ, რომ საქართველოში ელჩი დანიშნოს. ურთიერთობების დალაგების იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. გაეროში, სუამის ფარგლებში,  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა და ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ვიმედოვნებ, რომ ბატონ დარჩიას კულებასთან შეხვედრა ჰქონდა, რის შედეგადაც ორ ქვეყანას შორის გაურკვევლობა დასრულდება. პრინციპში, რაც სათქმელი იყო, პრემიერმა ისაუბრა“, - ამბობს ყოფილი ელჩი.

Aburjga Tasmanieli დიდება რუსეთს, დიდება უკრაინასაც, რადგან რუსები და უკრაინელები ერთი ერია! მალე დამთავრებულიყოს სამოქალაქო ომი, რომელიც აშშ-მ და ევროკავშირმა გააჩაღეს უკრაინასა და რუსეთში იმ მიზნით, რომ დაეპატრონონ ბუნებრივ რესურსებს, მიწას, წყალს, ენერგიას, გაზს, ნავთობს, ხორბალს, ურანს, რა ვიცი რამდენი რამ ჩამოვთვალო?! მოგიწოდებთ, დროა ფრონტის ხაზზე რუსებმა და უკრაინელებმ დაიწყოთ მასობრივი დაძმობილება, გაერთიანდეთ და ერთიანი ძალებით შეუტიოთ ლგბტ ევროპას და მტარვალ ანგლოსაქსებს! ის დროშა გახუნდა, გაცვდა. ახალი დაარჭოთ რაიხსტაგზე, ივანოვმა და პრიხოდკომ!
1 წლის უკან